Powered by Jasper Roberts - Blog

23:14 17.03.2017
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს პარლამენტს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს

საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს პარლამენტს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს, - აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ დღეს მიიღო. კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებასთან დაკავშირებით დღეს დისკუსია გაიმართა. “დღეს მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ნიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს. არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ამ პროცედურაში უნდა იყოს ასევე ჩართული იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამგვარად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს. მე და კომისიის რამდენიმე წევრს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება გვქონდა, თუმცა კომისიამ მხარი სხვა პოზიციას დაუჭირა”, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

მისივე ინფორმაციით, დღესვე საუბარი შეეხო პროკურორის დანიშვნის წესს. მენაბდის თქმით, პროკურატურა განისაზღვრება, როგორც ცალკეული კონსტიტუციური ორგანო და პროკურორს თანამდებობაზე დაამტკიცებს პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წარდგენით. ვახუშტი მენაბდის განცხადებით, აღნიშნული საკითხი ასევე დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge