Powered by Jasper Roberts - Blog

16:19 17.03.2017
შხამების გამოყენებით მტრების თავიდან მოშორების შემზარავი ფაქტები ისტორიაში

მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენება - პოლიტიკური ოპონენტების, მტრებისა თუ უბრალოდ არასასურველი ადამიანების თავიდან მოცილების დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. ადამიანი მათ ანტიკური დროიდან იყენებს. ეფექტურობასთან ერთად, შხამის გამოყენებას ერთი დიდი უპირატესობა აქვს - ხშირ შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზის დადგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. 



ჩვენს წელთაღრიცხვამდე 55 წელს რომის იმპერატორის კლავდიუს ტიბერიუსის შვილობილმა ნერონმა, კლავდიუსის შვილი, ბრიტანიკუსი შხამის გამოყენებით მოკლა. იმპერატორის ტახტისკენ გზა ხსნილი იყო...



ცივილიზაციების განვითარებასთან ერთად, იხვეწებოდა შხამების დამზადების და მათი გამოყენების მეთოდებიც. საკუთარი მზაკვრული გეგმების ხორცშესხმისთვის ადამიანმა სხვადასხვა მცენარეებისა და ბუნებრივი საშუალებების გამოყენება ისწავლა.



შუა საუკუნეების ევროპაში, განსაკუთრებით კი იტალიასა და საფრანგეთში, ტახტის არასასურველი მემკვიდრეების საიქიოში გასტუმრების ყველაზე "პოპულარულ" საშუალებას სწორედ შხამები წარმოადგენდა. 



საფრანგეთის დედოფლის ეკატერინე მედიჩის (1547-1559 წლები) სამეფო კარის ინტრიგებში შხამები ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა. მის უდიდებულესობას "პარფიუმერების" სპეციალური ჯგუფი ემსახურებოდა, რომლებიც მოწამლულ კოსმეტიკურ საშუალებებს ამზადებდნენ. ეკატერინე ფანტაზიის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა - მის "არსენალში" შხამით დაფარული მარაოები, საიუველირო ნაკეთობები და ხელთათმანებიც შედიოდა. სწორედ ასეთმა ხელთათმანებმა შეიწირეს ნავარიის დედოფალი - ჟანა დ’ალაბრე. 



ხელთათმანები ჰუგენოტების მომხრე დ’ალაბრეს კათოლიკე მედიჩმა, რომელიც იმ მომენტში მისი მომავალი სარძლოს დედა გახლდათ, პირადად აჩუქა. 1572 წლის 4 ივნისს გამართული გრანდიოზული წვეულების შემდეგ ნავარელთა დედოფალმა თავი შეუძლოდ იგრძნო. 5 დღის შემდეგ ის გარდაიცვალა. მიდეჩის მიერ ნაჩუქარ ხელთათმანებზე, ისევე როგორც დ’ალაბრეს კაბის მაღალ საყელოზე შხამი იყო დასხურებული. 



იმპერატორ ნაპოლეონის გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე ისტორიკოსებისა და სპეციალისტების დავის საგნად რჩება. ნაწილი მიიჩნევს, რომ წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებაში მყოფი ნაპოლეონი დარიშხანით (ხშირად მას სამეფო შხამსაც უწოდებენ) მოწამლეს. ვერსია გარდაცვლილი იმპერატორის თმაზე ჩატარებული ანალიზის შემდეგ გაჩნდა. ისტორიკოს ბენ ვაიდერის მტკიცებით, ნაპოლეონს დარიშხანს ჯამრთელობის შესუსტების მიზნით, ხუთი წლის განმავლობაში აძლევდნენ. შხამის მცირე დოზები იმპერატორის ორგანიზმს შიგნიდან ნელ-ნელა ანადგურებდა.



შხამების გამოყენებას არც მაღალი დონის სასულიერო პირები თაკილობდნენ. რომის პაპმა, ალექსანდრე VI ბორჯიამ (1492-1503 წლები) ისტორიაში ადგილი გარყვნილობითა და სიხარბით დაიმკვიდრა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანლის ერთ-ერთი უსაყვარლესი გართობა შხამების დამზადება და  ადამიანებზე მათი გამოცდა იყო. საშიში ქიმიური ექსპერიმენტებისთვის პაპს "სატანის აფთიაქარი" შეარქვეს. ბორჯიას საკუთარი რეცეპტით შექმნილი შხამი "კანტარელა" ჰქონდა.



რომის პაპი საკუთარმა "პირმშომ" შეიწირა - მან შეცდომით სხვისთვის მომზადებული მოწამლული სასმისი შესვა.


გასულ საუკუნეში ყველაზე პოპულარული შხამი ციანიდის კალიუმი გახდა. 1957 წლის 13 ოქტომბრის მიუნჰენის გაზეთები ცნობილი უკრაინელი ანტისაბჭოთა მოღვაწის ლევ რებეტის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ იუწყებოდნენ. სიკვდილის მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა დასახელდა. ორი წლის შემდეგ ამავე ქალაქში, ანალოგიური დიაგნოზით უკრაინის ეროვნული მოძრაობის ლიდერი სტეპან ბანდერა გარდაიცვალა. 


КГБ-ს ორგანიზებულ ორივე მკვლელობაში, მკვლელმა 7 სმ-ის სიგრძის ცილინდრი გამოიყენა, რომელშიც ციანიდის შხამით სავსე ამპულა იყო დამალული. ღილაკზე დაჭერისას თხევადი შხამი გარეთ გამოიფრქვეოდა. ნახევარი მეტრიდან სახეში მისხურების შემდეგ, მსხვერპლი რამდენიმე წუთში კვდებოდა. 


ბულგარელი მწერლის გიორგი მარკოვის ლიკვიდაცია დღემდე სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ ყველაზე 
უჩვეულო მკვლელობად რჩება. ბულგარეთიდან გაქცეულმა მარკოვმა თავი ლონდონს შეაფარა, სადაც BBC-ის რადიოსადგურში მუშაობდა. 1978 წლის 7 სექტემბერს სამსახურიდან გამოსული მარკოვი საკუთარი ავტომობილისკენ გაემართა. ხალხის ნაკადში მან შემთხვევით ვიღაცის ქოლგას ფეხი წამოკრა და ჩხვლეტა იგრძნო. გამვლელმა მოიბოდიშა და გზა განაგრძო. ოთხი დღის შემდეგ მარკოვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქოლგის წვერზე КГБ-ს ხელმარჯვე ოსტატებმა საჩხვლეტი დაამონტაჟეს. ქოლგით ჩხვლეტისას მსხვერპლის სხეულში 1,7 მმ-ის დიამეტრის შხამით სავსე კაფსულა შედიოდა. 
ავტორ(ებ)ი : ambebi.ge