Powered by Jasper Roberts - Blog

16:05 17.03.2017
"რა ვქნა, ოლოლ, ვკვდები …" - გალაკტიონის წერილი ცოლს

ოლია ოკუჯავასადმი

ძვირფასო ოლოლ!


ამეღამ 5 საათზე გავდივარ ქუთაისიდან… გავდივარ რაღაც მწარე წინათგრძნობით. მგონია, თითქოს სამუდამოს ვემშვიდობები ქუთაისის არემარეს, გული ტანჯვებით მეკუმშება, უსასოობას და მარტოობას ვგრძნობ.
სადა ხარ ეხლა, ოლოლ! რომ იცოდე, რანაირ მდგომარეობაში ვარ… ისე მინდა ეხლა შენს ახლოს ვიყო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე, მაგრამ ყველაფერი ეს ისეა შესაძლებელი, როგორც ცისა და დედამიწის შეერთება. მე მგონია, ჩემი უკანასკნელი სიყვარული გედის სიმღერა იყო იმ ბედნირების, რომელსაც ასე განვიცდიდი მარტოობის დროს ჩემს სიყმაწვილეში. მე მგონია, არასდროს არ განმეორდება ის დაუბრუნებელი წამები, მთელი თავისი სიმშვენიერით და სილამაზით. რა საშინელი მარტოობაა! რა უსაზღვრო უთვისტომობაა… რაგვარი უფსკრული მიდგას წინ და მიპირებს შთანთქმას… მეშინია, ოლოლ მეშინია!
ეხლა, განშორების წინ, მთელი ჩემი წარსული, უფერული, მეგობრობასა და თანაგრძნობას მოკლებული, საოცნებო სახეს იღებს და მიმზიდველი ღიმილით მეპატიჟება… მეპატიჟება მხოლოდ და ვინც იცის, ავასრულებ როდისმე ჩემს წადილს, ვიქნები ისევ ისეთი, ტაც ვიყავი უკანასკნელ ხანებში თუ არა? – არ ვიცი!
გესმის, ოლოლ ბავშვობიდანვე მწამდა ბედისწერა, მოირა, როგორც ეძახიან, ფატალიზმი. იგი ჩემი მუდმივი მტერი იყო… მე არ მახსოვს მისგან რაიმე კეთილი საქმე. ხვალინდელი დღე ჩემთვის, არ ვიცი როგორი იქნება… მაგრამ ჩემი მტერი, ჩემი ბედისწერა უთუოდ აქაც თავისას დამმართებს.
ოლოლ, თუ სალდათად წამიყვანეს… მაშინ გეწყინება არა? მე მგონია, შენ ერთადერთი აარსება ხარ მთელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩემი უბედურება დულს გატკენს… ეხლა რომ შენთან ვიყო, დაგკოცნიდი, დაგკოცნიდი გიჟივით…
ჰო იმას ვამბობდი… (მეც არ ვიცი ახლა რაას ვამბობ და რას არა), რომ საშინელ სულიერ ობლობას განვიცდი-მეთქი… არავინ არ მინდა ვნახო… დაველაპარაკო, მინდა მხოლოდ შენ იყო ჩემს ახლოს.
ეხლა რადგან გვიანაა (თერთმეტის ნახევარი), საკანდიტროში ვზივარ და ისე ვწერ ამ წერილს… არავინ არ არის მახლობლად… ერთიც ვნახოთ, შემოდის მიშა, შენი ძმა… მინდა ნიშას ბევრი რამე ვესაუბრო, მაგრამ არა მცალია, ეხლა ხომ ამ წერილსა ვწერ…
თუ მე ბედისწერა მწყალობს, მიშა მოიცდის ამ წერილის გათავებამდე… ის ჯერ რძეს მიირთმევს პატიოსნად… მე განვაგრძობ ისევ ამ წერილის წერას. აი ეს უკანასკნელი სიტყვა როცა დავწერე მიშა ადგა და გავიდა, მაშასადამე, ოლოლ, მე ბედისწერა არ მწყალობს. ბედისწერა… ბედისწერა…
დღეს ჩემთან ნუცა იყო. მინდოდა იმასთანაც ბევრი, ბევრი მესაუბენა, მაგრამ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი…
კოლიაც შემხვდა – იმას მხოლოდ თავი დავუკარი და გავუღიმე- როგორც ერთმანეთს ვხდებით ხოლმე.
სიმონიკასაც შევხედე სადრაც…
მხოლოდ ვერსად ვერ ვნახე პატარა კუზიანი, რომელიც ყველას სჯობია,ის პირადად არ შემხვედრია.
მალე დაკეტავენ საკანდიტროს და გავალ ქუჩაში… გავალ…
გკოცნი,ოლოლ…ოლოლ, მშვიდობით.

მარადის შენი გ. ტ ა ბ ი ძ ე

P.S. სურათი არაა მზად, თორემ გამოვგზავნიდი… რა ვქნა, ოლოლ, ვკვდები…

გ. ტ ა ბ ი ძ ე

ავტორ(ებ)ი : burusi.wordpress.com