Powered by Jasper Roberts - Blog

13:12 17.03.2017
"ვაგრძელებთ პირების იდენტიფიცირებას" - ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავება გრძელდება

გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა მასალა, ადაც ნათქვამია, რომ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 6 პირი დააკავეს. ოღონდ ამჯერად საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" საფუძველზეა აღძრული.

 

მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით, 6 პირის დაკავება განხორციელდა ორი მუხლით. ესენია "სისხლის სამართლის კოდექსის" 225- მუხლი, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353- პრიმა მუხლი, რაც ითვალისწინებს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.

 

"გამოძიება გრძელდება. ვაგრძელებთ პირების იდენტიფიცირებას და მტკიცებულებების შეგროვებას", - განაცხადეს შსს-ში.

 

დაკავებულები სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციალა ქათამიძემ უკვე მოინახულა.

 

ცნობისთვის, ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამ დრომდე რამდენიმე ათეული პირის დაკავება მოხდა, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი ჯარიმის საფუძველზე გათავისუფლდა. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge