Powered by Jasper Roberts - Blog

12:10 17.03.2017
გალაკტიონ ტაბიძისა და გიორგი (გოგლა) ლეონიძის ურთიერთობის აქამდე უცნობი დეტალები

დღეს, გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეა. ,,ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ საინტერესო ისტორიას მისი და გიორგი ლეონიძის ურთიერთობოიდან:

 

გალაკტიონს გოგლა ლეონიძე ძალიან უყვარდა. ამ კაცს, გოგლას ერთხელ არ უთქვამს, გალაკტიონი ლოთიაო. გალაკტიონი იძახდა, გოგლა ვაჟკაცია, რამდენჯერ მთვრალი ვუნახივარ და საყვედური არ დასცდენია.

 

ერთხელ მწერალთა კავშირში ჩემი ლოთობის საკითხი განიხილეს, ზოგი ჩემს გარიცხვას ითხოვდა კიდეც, თუ სმას არ დაანებებს თავს, გავრიცხოთო, გოგლა ამდგარა და უთქვავს – კარგით დავუშვათ, გალაკტიონი გავრიცხეთ, მერე რას ვშვრებითო? ვიღაცას უთქვამს, მერე რა მოხდა, უგალაკტიონოდ მწერალთა კავშირი ვერ იარსებებსო?


გოგლას გასცინებია, მაშინ ამ კავშირს სახელი გადავარქვათ ფხიზელ და არამსმელ მწერალთა კავშირი დავარქვათ, გალაკტიონი კი, გინდა კავშირის წევრი იყოს, გინდა არა, მაინც გალაკტიონად დარჩება, იმათ იკითხონ, ათტომეულები რომ გამოუციათ უკვე და გალაკტიონის ერთი ლექსის საღირალი ჯერაც ვერ დაუწერიათო.

 


ირაკლი აბაშიძე ამდგარა, თემა დახურულია, ვერდიქტი გამოტანილია, გალაკტიონი რჩება კავშირის წევრადო. გოგლას გაუგრძელებია რომც გარიცხოთ რა უნდა წაართვათ გალაკტიონს, ერთი კაბინეტი აქვს ამ შენობაში და იქაც თვეში ერთხელ შემოივლის ხოლმე.

 

ნიჭს მაგას ვერავინ წაართმევს და გალაკტიონი გალაკტიონად დარჩება, ჩვენ ვიკითხოთ მერე, მაგის ხელნაწერები კი ხელიდან ხელში გადავა ხალხში. არადა, დავუშვათ, გავრიცხეთ, უკეთესი ვინ უნდა მივიღოთ, იქნებ მითხრას ვინმემო, ამით დაუმთავრებია გოგლას. მართლა ძალიან უყვარდა გოგლა გალაკტიონს კახეთში თუ თბილისში, არ მახსოვს პურმარილი გაეკეთებინოს და გალაკტიონი არ დაეპატიჟოს. გალაკტიონიც პატივს თავისებურად სცემდა – სხვისი პურმარილი სულ ფეხებზე ეკიდა, დათვრებოდა დილიდან, მთვრალი მიდიოდა და აურევდა კიდეც.

 

გოგლა რომ დაპატიჟებდა იმ დღეს არ სვამდა, იძახდა ჩემ გოგლას არ ვაწყენინებ, დღეს არ დავლევ, ფხიზელი უნდა მივიდე, სულ გათიშული მთვრალი რომ მიმიტანონ, მაინც არაფერს იტყვის და აი, სწორედ ამიტომ არ მინდა რომ ნასვამი მივიდეო.

 

წყარო: ექსკლუზიური ინტერვიუ გალაკტიონ ტაბიძის მძღოლთან
ავტორი: ლევან ჯავახიშვილი

ავტორ(ებ)ი : გაზეთი “დრონი”