Powered by Jasper Roberts - Blog

12:14 16.03.2017
მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშეა-კლიმატი იცვლება!

დღეს, უკვე საყოველთაოდ აღიარებულია, რომ წყალდიდობების, გვალვების, ქარიშხლების, შტორმების, ღვარცოფებისა და სხვა სტიქიური უბედურებების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდა კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული. დღესდღეობით ადამიანს უამრავი პრობლემა აწუხებს, რომლის მოგვარებასაც ყოველდღიურად ცდილობს. სწორედ ეს ყოფითი პრობლემები გვავიწყებს მთავარ საკითხს, რომელზე ფიქრი და ზრუნვაც აუცილებელია. 

 

მსოფლიო შეშფოთებულია გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილებით, რომელზეც თვალს ვერ დავხუჭავთ. თანამედროვე კლიმატის ცვლილება გამოწვეულია ადამიანის საწარმოო საქმიანობით და პირდაპირ უკავშირდება ინდუსტრიალიზაციას. „სათბურის აირების“ კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში, პირდაპირაა კავშირში “სათბურის ეფექტთან”, რომლის დროსაც მზისგან მიღებული სითბო დედამიწიდან არეკვლისას ნაწილობრივ უკან უბრუნდება დედამიწას. სწორედ ამიტომ ხდება დედამიწის დათბობა და კლიმატის მკვეთრი ცვლილება. 

 

ბოლო მონაცემებით, კლიმატის ცვლილების პროცესი ბევრად უფრო დრამატულად ვითარდება, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ. გლობალური დათბობის შედეგად ინტენსიურად დნება არქტიკისა და გრენლანდიის ყინულოვანი საფარი. არქტიკის საშუალო ტემპერატურა სწრაფად იზრდება. მსოფლიო აქტიურად ცდილობს გაუმკლავდეს არსებულ პრობლემას.

 

კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზემოქმედება საქართველოს ეკოსისტემებსა და ეკონომიკასაც დიდ საფრთხეს უქმნის. საქართველო მოწყვლადია ბუნებრივი კატასტროფების (წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები, ზვავები და ღვარცოფები) მიმართ. ამგვარი მოვლენები მრავლად დაფიქსირდა ბოლო ორი-სამი ათწლეულის მანძილზე. უკანასკნელ მოვლენას ადგილი ჰქონდა თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს. ეს წყალდიდობა გამორჩეული იყო არა მხოლოდ იმით, რომ მას თან ახლდა დიდი მსხვერპლი (19 დაღუპული) და ეკონომიკური ზარალი (დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით), არამედ იმითაც, რომ იგი ხასიათდებოდა ლოკალურად, მცირე ტერიტორიაზე 9 ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური უკიდურესობების თანხვედრით. ამინდის ამგვარი ექსტრემალური მოვლენები ცვლის წყლის ჰიდროლოგიურ პარამეტრებს, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის მის ხელმისაწვდომობას სასმელი/საირიგაციო მიზნებისთვის და ენერგიის გამომუშავებისთვის.

იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილების პრობლემას ჩავწვდომოდით, „ჯორჯიან თაიმსი“ ესაუბრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსს  გრიგოლ ლაზრიევს. 

 

-როდის გახდა ცნობილი კლიმატის ცვლილების ფენომენი?

 

-XX საუკუნის 50 წლებიდან შესამჩნევი გახდა, რომ კლიმატი იცვლებოდა და ეს საზიანო  იყო. გააქტიურდნენ მეცნიერები, კვლევები ამ მიმართულებით უფრო ინტენსიური გახდა, შედეგად უფრო სრულყოფილი სურათი გამოიკვეთა და საბოლოოდ გაკეთდა დასკვნა, რომ კლიმატი რეალურად იცვლებოდა. მაშინვე ვარაუდობდნენ, რომ ეს გამოწვეული იყო ადამიანის საქმიანობით. შემდეგ გაიმართა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ბევრს მსჯელობდნენ. პროცესში პოლიტიკოსებიც ჩაერთვნენ, როცა აღმოჩნდა, რომ კლიმატის ცვლილება სახელმწიფოებისთვის საზიანო იყო თუ რაიმე ღონისძიებას არ გაატარებდნენ,  ნეგატიური ზემოქმედება უფრო მასშტაბური შეიძლება გამხდარიყო. 1992 წელს მიიღეს გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენცია. მანამდე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კლიმატის ცვლილების მიზეზი არის ე.წ. „სათბურის გაზების“ ემისია ანუ გაფრქვევა ატმოსფეროში. შემდეგ 2000 წლისთვის მიიღეს „კიოტოს ოქმი“. კონვენციისა და „კიოტოს ოქმის“, მიზანია ატმოსფეროში „სათბურის გაზების“  კონცენტრაციის დასტაბილურება ისეთ დონეზე, რომელიც დედამიწის კლიმატისთვის საშიში არ იქნება. ყველა ქვეყანამ არ მოახდინა „კიოტოს ოქმის“ რატიფიკაცია, რადგან „სათბურის გაზების“ ემისია, რომ შეამცირო, ნაკლები საწვავი უნდა დაწვა ანუ ნაკლები ენერგია უნდა გამოიმუშავო, რამაც შეიძლება შეაფერხოს ეკონომიკის განვითარება. 

 

კონვენციიის მიღებისას განვითარებული ქვეყნების ემისია უფრო ნაკლები იყო, ვიდრე განვითარებადის. სათბურის გაზებს ასეთი თვისება აქვთ, ისინი ატმოსფეროში არ იშლებიან, არამედ მრავალი ათეული წლების შემდეგაც რჩებიან და  თავის ზემოქმედებას ახდენენ. განვითარებული ქვეყნები ეკონომიკური განვითარების პროცესში გამოყოფდნენ ძალიან დიდი რაოდენობის სათბურის გაზებს, ის დაგროვდა და მათი ჯამური ეფექტი ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს მთელ მსოფლიოზე. ამიტომაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაეკისრათ მათ. მაგრამ ამჟამად იმდენად სწრაფად ვითარდებიან განვითარებადი ქვეყნები, რომ მათი ემისიები უკვე ბევრად აღემატება განვითარებული ქვეყნებისას. ამ მიზნით 2015 წელს მიღწეულ იქნა პარიზის შეთანხმება, რომლის მიხედვით ვალდებულება აიღეს არა მხოლოდ განვითარებულმა, არამედ, განვითარებადმა ქვეყნებმაც. საქართველომაც წარადგინა დოკუმენტი, რომელშიც ასახული იყო მისი ვალდებულება.

 

 

-რა სტადიაშია გლობალური დათბობა და რა გველის 50 წლის  მერე?

 

-გლობალური დათბობა ყველა რეგიონს აზარალებს. ზღვის დონის აწევის გამო საფრთხე ყველა ქვეყანას ემუქრება სადაც კი ზღვაა. ეს განსაკუთრებით საშიშია მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოებისთვის, რადგან შეიძლება ისინი საერთოდ გაქრნენ, წყლით დაიფარონ. ზღვის დონის ამჟამინდელი 10-15 სმ-ით აწევა უკვე სერიოზულად აზიანებს ნაპირს. ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, ამ საუკუნის ბოლოსთვის ზღვის დონემ  შეიძლება  დაახლოებით ერთი მეტრითაც კი აიწიოს. ეს საქართელოშიც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ნაპირის ჩარეცხვა მიდის ინტენსიურად, განსაკუთრებით აჭარის სანაპიროზეა ეს პროცესი გააქტიურებული. გახშირებულია ასევე გვალვა, წყალდიდობა, წყალმოვარდნა. რასაკვირველია, გვალვები ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლო ათწლეულებში უფრო ხშირი და ძლიერი გახდა. ადრე თუ 7-8 წელიწადში ერთხელ იყო, ახლა შეიძლება 2-3 წელიწადში მოხდეს და უფრო ძლიერი იყოს. მაღალი ტემპერატურა, უფრო მშრალი ამინდი, წყალდიდობები, - ეს კლიმატის ცვლილების მკვეთრი გამოხატულებაა. 

 

საქართველოში ბევრი მთის მდინარეა, რომლებიც ძლიერი ნალექების დროს დიდდება და სერიოზულ ზარალს აყენებს მოსახლეობას. მყინვარები დნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ძალიან საზიანოა, რადგან მყინვარები კვებავენ მდინარეებს, მდინარის წყალი კი ენერგიიის წყაროა, გარდა ამისა წყალი გამოიყენება ეკონომიკის ყველა სექტორში (სოფლის მეურნეობა, საყოფაცხოვრებო სექტორი და სხვ.). მყინვარების სრული გაქრობის საშიშროება არ არის, მაგრამ, მყინვარის  ზომების შემცირება ნეგატიურად აისახება ქვეყნების ეკონომიკაზე.. 

 

კლიმატის ცვლილების გამო ქარიშხლები გააქტიურდა. აშშ-ს ხშირად ატყდება თავს ძლიერი ქარიშხალი. ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული იყო ქარიშხალი კატრინა. 

 

ძალიან მძიმე მდომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს აფრიკა, სადაც ისედაც გაუდაბნოება მიდის და მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე   უდაბნოს უკავია. შეიძლება მოხდეს გაუდაბნოების პროცესის გაძლიერება. 

 

-სეზონებზე რას გვეტყვით? თითქმის აღარ არსებობს, პირდაპირ სიცივიდან სიცხეზე გადავდივართ და პირიქით...

 

-სეზონების გარკვეული წანაცვლება  უკვე შეინიშნება, შეიძლება გაზაფხულზე ადრე დათბეს. ამ სურათის ზუსტი აღწერა ვერ ხერხდება, რადგან პროცესები ძნელად საპროგნოზოა, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ ადგილებში აციებაც კი მოხდეს. ეს არის გამოწვეული რთული ატმოსფერული და ოკეანის ცირკულაციებით. ამის მაგალითია 2014 წელს ევროპაში ძლიერი ყინვები. მეცნიერებმა ახსნეს, რომ ესეც გლობალური დათბობით არის გამოწვეული. 

 

-ამჟამად საქართველოს რამე გეგმები თუ აქვს, პროექტებს თუ ახორციელებს ამ მიმართულებით?

 

-როგორც საკუთარი, ასევე, საერთაშორისო ძალებით ხორციელდება პროექტები, რომელთა ნაწილი ითვალისწინებს სათბურის გაზების ემისიის შემცირებას. ადაპტაციის კუთხით, ვგეგმავთ, რომ გვალვის საწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად დაფინანსება მოვიპოვოთ.

 

-რა უნდა გააკეთონ ქვეყნებმა, რომ გლობალური დათბობა შეაჩერონ?

 

-კაცობრიობამ აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა მკვეთრად შეამციროს „სათბურის გაზების“ ემისია. თუ ეს არ მოხდება,  გაიზრდება ზღვის დონის აწევა, გვალვები, ქარიშხლები, რომლებიც მსოფლიოს ქყვენების ეკონომიკას დააზარალებენ. თუ ერთობლივი ძალებით პროცესი არ შეჩერდა, შედეგი ძალიან მძიმე იქნება.  ამ პროცესებთან გამკლავება ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებსაც კი გაუჭირდებათ. 

 

ქვეყნებმა მზისა და ქარის ენერგიის გამოყენება უნდა დაიწყონ. მნიშვნელოვანია ენერგიიის ეფექტიანობის გაზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლები ენერგიის გამოყენებით, იგივე შედეგი მივიღოთ. მარტივი მაგალითია - ენერგოეფექტური ნათურები. ტრანსპორტის სექტორში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ავტომობილის ძრავაში საწვავის (ბენზინის, დიზელის საწვავის)  ხარჯს. ევროპაში მუდმივად უმჯობესდება ძრავების ეფექტიანობა, ახალი ძრავები 100 კილომეტრზე ნაკლებ ბენზინს ხარჯავენ, ვიდრე არსებული – აღნიშნა გრიგოლ ლაზრიევმა.

 

 

„კლიმატი იცვლება - შეცვალე მიდგომები შენც, რომ დაიცვა საკუთარი ჯანმრთელობა!“- ეს ფრაზა შემთხვევით არ გავაჟღერე. კლიმატის ცვლილება, მართლაც დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. შეიძლება ზოგს დღეს არასერიოზულად მიაჩნდეს გლობალურ დათბობასა და სავალალო შედეგებზე საუბარი. ფიქრობდეს, რომ დღევანდელი ფუფუნება და კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ტოქსინებით სავსე საკვები, მკვეთრი კლიმატური ცვლილებები, ეს ყველაფერი უკვე დღევანდელი პრობლემაა, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. 

 

„მთელი კაცობრიობა დღესდღეობით ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა, კლიმატის ცვლილება კი ერთ-ერთია. გარემოს ძალიან დიდი როლი აქვს ადამიანის ჯანმრთელობაში, რადგან ის მოქმედებს ჯანმრთელობის ფუნდამენტალურ განსმსაზღვრელებზე: ეს არის წყალი, ჰაერი, საკვები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანის დაავადებების 80% გარემოს უკავშირდება, ბუნებრივია გლობალური კლიმატის საკითხები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა - ნანა ნინაშვილმა.

 

- გასული ორი საკუნიდან დღემდე ნახშირორჟანგის რაოდენობა 40%-ით არის გაზრდილი. ეს უკვე მთლიანად ცვლის კლიმატს, გარემოს, კერძოდ, ბიოეკოცენოზს და მოქმედებს ადამიანის ჯანმრთლობაზე, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბადაც-სოცილაური და ბიოლოგიური ფაქტორების გააქტივებით.

 

2008 წელს „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ“ გადაწყვეტილება მიიღო, რომ შემუშავეუბულიყო კლიმატის, გლობალური ცვლილების მავნე ზემოქმედების შესამცირებელი ღონისძიებების გეგმა, რომელიც მოიცავს 4 ძირითად პრიორიტეტულ საკითხს: პირველ რიგში ეს ეხება ინფრასტრუქტურების გაძლიერება, შესაძლებლობების გაზრდა სამედიცინო მომსახურების სფეროში, შესაბამისი კადრების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ ახალ გამოწვევებზე ეფექტურ და დროულ რეაგირებას. აუცილებელია კვლევების გაგრძელება, რათა კონკრეტულად შევისწავლოვთ, რა გავლენა აქვს კლიმატს - ადამიანის ჯანმრთელობაზე. აუცილებელია გავიგოთ, მოსახლეობა  კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით რა დონეზეა გაცნობიერებული.

 

-რა დაავადებებს იწვევს კლიმატის ცვლილება?

 

-კლიმატის ცვლილების დროს ხშირდება ბუნებრივი კატასტროფები, რის გამოც ადგილი აქვს ადამიანთა იძულებით გადასახლებას, ე.წ ეკო-მიგრანტების წარმოქმნას; თბური ტალღების ზემოქმედებას და ინფექციური ფონის ზრდას.  კლიმატის გლობალურ დათბობაში ტემპერატურის ზრდის გარდა, ასევე,  უნდა გავითვალისწინოთ ტენიანობა, ნალექიანობა, ქარების სიძლიერე და მიმართულება. ტემპერატურა ზაფხულში ყოველთვის მაღალია და ჩვენ გვაქვს სეზონური დაავადებები: ეს არის წყალთან და საკვებთან დაკავშირებული და მწერებით გავრცელებადი ინფექციები. მხედველობაშია მისაღები უშუალოდ ტემპერატურის ზრდასთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებები: გულ-სიხლძარღვთა და რესპირატურული. ვიცით, რომ, როცა ტემპერატურა მატულობს, განსაკუთრებით უჭირთ ხანდაზმულებს, ბავშვებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ორსულებს, მაღალი ტემპერატური პირობებში შენობის გარეთ მომუშავე  სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების პირებს - ესენი ყველა კლიმატის საზიანო მოქმედებისადმი მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან.

 

-რამდენად კავშირშია მაგნიტური დღები კლიმატის ცვლილებასთან?


-კლიმატურ ცვლილებას ახლავს ქარიშხლები, შტორმები, ქარის მიმართულებები. მაგნიტური გამოსხივება იმატებს ცხელ პერიოდში მზის რადიაციის გაზრდსთან  ერთად. თბური ტალღების დროს, ტემპერატურის მატება რამდენიმე დღე გრძელდება.  ცხელი დღეების საშუალო რაოდენობა იზრდება, როდესაც მაღალია ტემპერატურაა, მზის გამოსხივებაც მეტია და ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემა ვეღარ მუშაობს, ისე, როგორც ადამიანის ორგანიზმს შეუძლია. რდესაც ტემპერატურა 40 გრადუსს აღწვს, უკვე ტკივილის შეგრძნებაც ჩნდება ორგანიზმში. ასეთ დღეებში იმატებს სტრესი. ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილები არიან დეპრესიისკენ, მათ უფრო უძნელდებათ ასეთ გარემოში ცხოვრება. გარემოს საზიანო ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის გონება-განწყობილების ცვლილება. ძალიან ხშირად სტრესული, მენტალური დაავადებები წამოიწევს ხოლმე წინ. 

 

-რამდენად დიდია კლიმატის ცვლილების შდეგად ადამიანთა სიკვდილიანობა?

 

-მარტო სითბური ტალღების გავლენის შედეგად 2003 წელს ევროპაში 70 000 ადამიანის სიკვდილი დაფიქსირდა.  მათგან 14 800 იყო საფრანგეთში. ეს არის მხოლოდ თბურ ტალღებთან დაკავშირებული. როგორც მოგახსენეთ კლიმატის ცვლილება სხვა ფაქტორებთანაც არის დაკავშირებული. 

 

-როგორ ხდება ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება და რა რისკები ახლავს მას თან?

 

-გარემოს მავნე ზემოქმედების  შეფასება ჯანმრთელობაზე - ის ფორმალური პროცესია, რომელიც გამოიყენება გარემოს გავლენის (პოზიტიურისა და ნეგატიურის) შედეგების შესაფასებლად გეგმის, პოლიტიკის, პროგრამის ან პროექტის დონეზე.

 

ეკონიკური სექტორები, როგორიცაა ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა და ბინათმშენებლობა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, მაგ. ტრანსპორტი - ჰაერის გაბინძირების, ხმაურის და ტრავმატიზმის ძირითადი ფაქტორია, მაგრამ „ჯანსაღი ტრანსპორტის პოლიტიკას“ შეუძლია შეამციროს რისკები და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ქცევის წესების შეცვლასა და ფეხით და ველოსიპედით სიარულის  დამკვიდრებას ყოველდღიურ პრაქტიკაში.

 

გარემოს მავნე ზემოქმედების შეფასება ჯანმრთელობაზე  - მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინსტრუმენტია, რაც საშუალებას იძლევა უკეთ იქნეს აღქმული და გაგებული კავშირი ჯანმრთელობასა და სხვა სექტორებს შორის. 

 

 

-რა ხდება საქართველოში კლიმატის ცვლილებისა და დავადებათა გამოვლინებების მხრივ?

 

- კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დედამიწა 0,75 %-ით გათბა, თითქოს ეს ბევრი არ არის, მაგრამ საგანგაშოა, რადგან უკვე გარემოზე აისახა. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად გამოვლინდა. საქათველოც არაა გამონაკლისი. როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში გაიზარდა ჰაერის ტემპერატურა და ნალექების რაოდენობა. ჩვენთან არ აღინიშნება ინფექციური და პარაზიტული დაავადებების მნიშვნელოვანი ზრდა არსებულ ენდემურ ფონთან შედარებით. კარგა ხანია მალარიის ადგილობრივი შემთხვევებიც არ გვქონია იმ აქტიური ჩარევების გამო, რომელსაც  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. ზაფხულში ზოგჯერ ადგილი აქვს წყლისმიერი ინფექციების  შემთხვევებს. საქართველო ძირითადად გრუნტის წყლებით მარაგდება და მისი დაცვა დაბინძურებისაგან ყოველთვის ვერ ხერხდება, განსაკუთრებით წყალდიდობებისა და კლიმატური ცვლილებების დროს. 

 

- რა გველის 50 წლის შემდეგ?


-„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ მონაცემებით ჰაერის დაბინძურების გრძელვადიანი ზემოქმედებით განპიროებებული ჯანმრთელობის ეფექტებია:

რესპირატორული და კარდიოვასკულური  დაავადებებით სიკვდილიანობა.

ქრონიკული რესპირატორული დაავადების სიხშირე და გავრცელების (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობები, ფილტვის ქრონიკული პათოლოგიური ცვლილებები).

ფიზიოლოგიური ფუნქციების ქრონიკული ცვლილებები.

ფილტვისკიბო.

კარდიოვასკულური ქრონიკული დაავადებები.

მუცლადყოფნის დროს ნაყოფის ზრდის შეზღუდვა (დროული მშობიარობისას ახალშობილის წონის ნაკლებობა, მუცლადყოფნის დროს ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა, მცირე გესტაციური ასაკი).


„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას“ 2020 -30 წლისათვის სგანგაშო პროგნოზს აქვეყნებს. გარემოს როლი იმედნად დიდია, რომ   ავადობის გლობალური ტვირთის 24% და სიკვდილიანობის 23% გარემოს საზიანო ზემოქმედებას უკავშირდება. გახშირდება გულ-სისხლძარღვთა და რესპირატურული დაავადებები,სიმსივნეები, კერძოდ, კანის სიმსივნეები. კლიმატის ცვლილებისა და არსებული დაავადებების გამო, თაობები დაკარგავენ შრომისუნარიანობას, ეს აისახება მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. დაკარგული წლების რაოდენობა კი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული დაავადებებით იქნება განპირობებული. გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკური დანახარჯები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გაწეული ხარჯების ზრდის გამო. მომავალი თაობა მოიმკის იმას, რასაც ჩვენ კლიმატის გლობალურ  ცვლილებებს ვეძახით, თუკი  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სექტორები  თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დროულად არ განახორცილებენ შესაბამის ღონისძიებებს.

 

-ჯანმრთელობის სამსახურები რამდენად მზად არიან ამ გამოწვევისთვის?


2008 წელს “ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ 61-ე ასამბლეაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კლიმატის ცვლილებების მავნე ზემოქმედებისაგან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემუშავებულიყო სამოქმედო გეგმა.  ორგანიზაცია 4 მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას გამოყოფს: 1. ჯანმრთელობის სისტემების ხელშეწყობას ყველა ქვეყანაში; განსაკუთრებით დაბალ და საშუალოშემოსავლების ქვეყნებში, რათა გაძლიერდეს და გაიზარდოს მათი შესაძლებლობა ჯანმრთელობის მოწყვლადობის შეფასებისა და მონიტორინგისათვის. 2. განისაზღვროს კლიმატის ცვლილებებით განპირობებული რისკები და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება. 3. ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად, პირველ რიგში, მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის შესაბამისი სტრატეგიებისა და მოქმედებების შემუშავება და დანერგვა. 4. ცოდნისა  და კარგი პრაქტიკის განვრცობა და გაზიარება.

 

 - რა რეკომენდაციებს გასცემთ? როგორ უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას ამ გარემოში?

 

-ზაფხულის თბური ტალღების პერიოდში, აუცილებელია მთელი რიგი  რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, როგორიცაა: სითხის დიდი რაოდენობით მიღება; ოთახის ხშირი განიავება; მწერების დამცველი საშუალებების გამოყენება; მზის გულზე ყოფნისა და მუშაობისგან თავის შეკაკავება და სხვ. (რეკომენდაციები ვრცლად შუქდება საქართველოს ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ გევრდზე www.ncdc.ge)

 

ზოგადად, ადამიანებს უყვართ ლაშქრობებში წასვლა  და მიდიან ისეთ ადგილებში, სადაც ბიოეკოცენუზის შესახებ ცნობილი არ არის, და შესაძლოა, ინფექციური და პარაზიტული დაავადებებით ინფიცირების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.

 

სხვა რისკ-ფაქტორებიც უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, თუ ადამიანი ჭარბი წონისაა, ან არ ეწევა ჯანმრთელი ცხოვრების წესს.

 

კლიმატის ცლილებების აცილებას ვერ შევძლებთ, მაგრამ აუცილებელია, როგორღაც შევარბილოთ მისი მოქმედება, - სწორედ ამ მიზნით მუშავდება კლიმატის ცვლილებების საზიანო მოქმედების შემცირებისა და ადაპტაციის სამოქმედო გეგმები, ადვოკატირების სტრატეგია, რომელიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და განათლებას ემსახურება. ამ მიმართელელებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს წითელ ჯვართან „კლიმატის ცვილელბა აღმოსავლეთში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ავსტრიის წითელ ჯვართან მჭიდრო თანამშრომლებით ხორცილდება,-აღნიშნა ნანა ნინაშვილმა  ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

 

„კლიმატის ცვლილება არ არის მითი - მოერიდე სიცხეს, რომელსაც შეუძლია გაზარდოს ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის რისკები!’’

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პლანეტა მხოლოდ ჩვენთვის არაა შექმნილი, უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი მომავალი თაობისთვის. მთავარია ეს თითოეულმა ჩვენგანმა გაითავისოს და მიხვდეს, რომ თავად ვქმნით საცხოვრებელ გარემოს. შევეცადოთ დავიცვათ სახლი, რომელშიც ყველანი ერთად ვცხოვრობთ!


/ნინო ოთარაშვილი/
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge