Powered by Jasper Roberts - Blog

20:52 15.03.2017
ნუთუ, „ციანიდის", ან ერ-ორის საქმე ჩვენი ქვეყნისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონსტიტუცია?!

ექსპერტი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელსი ეხმაურება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებს: „დღეს მქონდა პატივი დავსწრებოდი საკონსტიტუციო კომისიის სხდომას, რომელმაც კონსტიტუციაში საკუთრების უფლების შესახებ 21-ე მუხლის ახალი რედაქცია და მასთან კავშირში მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის კონსტიტუციაში ასახვის უმნიშვნელოვანესი, სასიცოცხლო საკითხები განიხილა.ამ განხილვებმა და რაც მთავარია, თავმჯდომარის შემაჯამებელმა სიტყვამ ნათლად აჩვენა, რომ საკონსტიტუციო პროცესი უაღრესად პროდუქტიულად მიმდინარეობს; ძალიან დიდი ალბათობით ეს პროცესი უახლოესი 25 წლის მანძილზე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგით - თანამედროვე საქართველოს ღირსეული კონსტიტუციის მიღებით დასრულდება!

ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მოსალოდნელია, რომ: კონსტიტუციაში სათანადოდ აისახაება მიწის, როგორც განსაკუთრებული ეროვნული საუნჯისა და ქართველთა სამკვიდროს არსებითი, სასიცოცხლო მნიშვნელობა ქართველი ხალხისა და თანამედროვე ქართული სახელმწიფოსათვის. ასევე, კონსტიტუციის 21-ე მუხლში ჯეროვნად გათვალისწინებული იქნება საკუთარების შესახებ გერმანული კონცეფცია, რომლის თანახმადაც საკუთრება არა მხოლოდ უფლებაა, არამედ იგი ავალდებულებს და მისი გამოყენება იმავდროულად საზოგადოებრივ სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს! ასევე, კომისიის მიერ გაზიარებული იქნა მოსაზრება, რომ მიწათსარგებლობისა და მიწათმფლობელობის საკითხები ორგანულმა კანონმა - "მიწის კოდექსმა" უნდა მოაწესრიგოს. უმნიშვნელოვანესია, რომ მიწის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონსტიტუციის პრინციპებითა და შემდგომ, მიწის კოდექსით დაწესდება მკაცრი კრიტერიუმები მიწის, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შეძენაზე; შეიზღუდება უცხოელებისათვის ამ უფლების შეძენა; აღდგება საქართველოს 1921წლის კონსტიტუციის ისტორიული მემკვიდრეობითობა - მისი 116-ე მუხლის პრინციპი, რომლის თანახმადაც: "მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის ვალდებულებას საზოგადოების წინაშე".

სამწუხაროდ, ამ სასიცოცხლო საკითხის და საერთოდ, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას(მაგალითად, თუნდაც კონსტიტუციის მე-7 პრიმა თავის, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას ეძღვნება, ახალი რედაქცია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ალბათ ევროპაში!) ნაკლები ყურადღება ეთმობა მედიაშიც და მთლიანად საზოგადოებაშიც.ნუთუ, „ციანიდის" ან თუნდაც ერორის საქმე ჩვენი ქვეყნისათვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კონსტიტუცია?!“, წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge