Powered by Jasper Roberts - Blog

15:51 14.03.2017
როდიდან გაიყიდება და რა ეღირება "ჯაზ ფესტივალის" ბილეთები

27 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით „თიბისი სტატუსი“ და „ისტერნ პრომოუშენი“ წარმოგიდგენთ ტრადიციული ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალის მეთერთმეტე სეზონს. წინა სეზონი საიუბილეო გახლდათ და შესაბამისად, ორ უიკენდზე გადანაწილდა, არტისტების ჩამონათვალიც გაორმაგებული გახლდათ. წელს ბათუმის ჯაზფესტივალი თავის ჩვეულ რიტმსა და ფორმატს დაუბრუნდა და 27-30 ივლისს გვექნება მუსიკოსების მოსმენისა და ნახვის ბედნიერება.

დღეს „თიბისი“ ბანკის სათაო ოფისში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც სხვადასხვა მედიასაშუალება დაესწრო. „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წელსაც ფესტივალს მასშტაბური სახე ექნება მისი ჰედლაინერის გამო. ბანკი, უკვე ცნობილი წესის თანახმად, საკუთარ მომხმარებელს, „თიბისი სტატუსის“ ბარათების მფლობელებს 15-20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ბილეთებზე. გარდა ამისა, ბილეთების დაზღვევის შესაძლებლობასაც გაძლევთ, თუკი მათ ადრე იყიდით და წასვლას ვერ შეძლებთ.

რაც შეეხება ფესტივალის ჰედლაინერს, ეს გახლავთ ბრიტანული ჯგუფი „ჯამიროქუაი“, რომელიც ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე 28 ივლისს დადგება, დიდ სცენაზე. მანამდე ფესტივალი „თეიქ ფაივში“ გაიხსნება, ჯაზპიანისტი ქორი ჰენრი ჯაზური იმპროვიზაციებისა და თანამედროვე მუსიკის სინთეზის მოყვარულებს დაელოდება.

28 ივლისს „ჯამიროქუაის“ ახალ ალბომს მოვისმენთ, რომლის პირველი ტრეკიც უკვე გამოჩნდა დღის სინათლეზე. ის სავსეა ელექტრონული მუსიკით, ფანკითა და რიტმ ენდ ბლუზით, ასევე დისკოს ელემენტებით. 24 მარტს ალბომი ოფიციალურად გამოიცემა, შემდეგ კი იწყება ტურნე. ბათუმის ჯაზფესტივალს „ჯამიროქუაისთან“ დიდი ხანია, ჰქონდა მოლაპარაკება, მაგრამ არტისტის მოთხოვნით, ამ დრომდე არ ჰქონდია იმის გამჟღავნების საშუალება, რომ ბრიტანული ჯგუფი ბათუმს ეწვეოდა. „ჯამიროქუაი“ ახალი ალბომთან ერთად, სავარაუდოდ, საკუთარ ძველ ჰიტებსაც შეასრულებს. ჯერ კიდევ წლების წინ, როცა ჯგუფი თბილისში იმყოფებოდა, შედგა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, ახალი ალბომის შემთხვევაში, ის კვლავ ჩამოვიდოდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ „ჯამიროქუაის“ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოში ექნება კონცერტი.

 

 

 

29 ივლისს ჰიპ-ჰოპ-ჯგუფი „“ წარდგება მაყურებლის წინაშე. „ისტერნ პრომოუშენმა“ გაითვალისწინა შარშანდელი გამოცდილება, როცა სრული შემთხვევითობის წყალობით, ბათუმის ჯაზფესტივალს კრის ბრაუნის მაგივრად ჰიპ-ჰოპის ლეგენდა, ბასტა რაიმსი ესტუმრა და ძალიან მაღალი იყო დასწრება, ამიტომაც გადაწყვიტეს, ამ ჟანრში კიდევ ერთი საინტერესო ჯგუფის კონცერტი წარმოგვიდგინონ. ის ქართველ მსმენელს ჩაკა კჰანთან ერთად შესრულებული დუეტით ახსოვს, რომელსაც „All Good“ ჰქვია.

 

 30 ივლისს ჯაზფესტივალს დახურავს ჯოს სტოუნი, მომღერალი, რომელიც 2005 წელს საუკეთესო ახალი პერფორმერის კატეგორიაში „გრემიზე“ გახლდათ წარდგენილი, ჯერ კიდევ 18 წლისას ჯეიმს ბრაუნთან დუეტი ჰქონდა შესრულებული, მას შემდეგ საკმაოდ ბევრი ცნობილი კომპოზიცია შეასრულა, აქვს რამდენიმე საკუთარი ჰიტიც, რომლებმაც სახელი გაუთქვა. ჯოსის მიერ შესრულებულ ქავერებს შორისაა ნეთ ქინგ ქოულის „L O V E“, რომელიც „შანელის“ რეკლამისთვის გადააკეთა და იმავე ბრენდის რეკლამაში ასრულებს სიმღერის „It’s Man’s World“ საკუთარ, შესანიშნავ ვარიანტს.

სამივე კონცერტი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე გაიმართება, რომელიც ორგანიზატორებმა გააფართოვეს და შესაბამისად, უფრო მეტი ბილეთის გაყიდვის შესაძლებლობა იქნება. სივრცეები დაყოფილია ვიაიპი, ოქროს და ვერცხლის ზონებად, ყველა ცალ-ცალკე შესასვლელი ექნება.

ბილეთები 27 მარტიდან tkt.ge-ზე გაიყიდება. დიდი მოთხოვნის გამო ორგანიზატორები გვირჩევენ, რომ თადარიგი რაც შეიძლება ადრე დავიჭიროთ. ვიაიპი ბილეთები შესაბამის პაკეტებთან ერთად გაიყიდება, ჯერჯერობით ფასი ცნობილი არ არის და 27 მარტს გამოცხადდება. რაც შეეხება ოქროს სეგმენტს, ანუ სივრცეს პირდაპირ სცენის წინ, აქ მოხვდებით იმ შემთხვევაში, თუ ყველა კონცერტზე დასასწრებ აბონემენტს იყიდით, რომლის ფასიც 400 ლარი გახლავთ, ვერცხლის სივრცეში შეძლებთ ცალ-ცალკე კონცერტების ბილეთების შეძენას, ჯოს სტოუნზე 100 ლარად მოხვდებით, „დე ლა სოულზე“ – 150 ლარად, ხოლო „ჯამიროქუაის“ ბილეთი 250 ლარი ეღირება. ყველა ბილეთზე ვრცელდება „თიბისი სტატუსის“ ფასდაკლება, თუკი შესაბამის ბარათს ფლობთ.

ავტორ(ებ)ი : fortuna.ge