Powered by Jasper Roberts - Blog

11:36 14.03.2017
გაზაფხული და მაღალი არტერიული წნევა

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა, კვების რეჟიმისა და ცხოვრების წესის შეცვლას, ფიზიკურ აქტიურობასა და მედიკამენტების რეგულარულ მიღებას გულისხმობს.

რატომ არის აუცილებელი მაღალი წნევის მკურნალობა
ცნობილია, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი მაღალ წნევას საერთოდ ვერ გრძნობს და ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე განაგრძობს ჩვეულ საქმიანობას. მიუხედავად ამისა, დადგენილია, რომ ასეთ პირებშიც კი მაღალი წნევა დროთა განმავლობაში ინსულტს, ინფარქტს, გულის ან თირკმელების უკმარისობას იწვევს.

სწორედ ამ გართულებათა თავიდან ასაცილებლადაა რეკომენდებული წნევის ნორმალიზაცია. დღეს მრავალი გამოკვლევით დადასტურებულია, რომ ჰიპერტენზიის წარმატებული მკურნალობა ინსულტის სიხშირეს 35-40%-ით ამცირებს, გულის შეტევის რისკს - 20-25%-ით, გულის უკმარისობისას - 50%-ზე მეტით.

როდის უნდა დავიწყოთ მკურნალობა

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ წნევის ნორმები.

ნორმალური წნევა - ნაკლებია, ვიდრე 120/80;
პრეჰიპერტენზია - 120-139/80-89;
ჰიპერტენზია - წნევა 140/90 და მეტია.

განასხვავებენ ჰიპერტენზიის ორ სტადიას: I სტადიაში წნევა 140-159/90-99-ის ფარგლებშია, ხოლო მეორე სტადიაში - 160 ან მეტი/100 ან მეტზე. როცა არტერიული წნევა 120/80-ს აღემატება, პაციენტმა უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი, ფიზიკურად გააქტიურდეს. მედიკამენტური მკურნალობის საჭიროება მაშინ აღმოცენდება, როცა აუცილებელია წნევის დაქვეითება 140/90-ზე ქვემოთ ანდა უფრო მეტად, როცა პაციენტს შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ქრონიკული უკმარისობა აქვს. ამ დროს სასურველია, წნევა 130/80-ს არ აღემატებოდეს. რასაკვირველია, მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად მნიშვნელობას არც ზემოთ დასახელებული არამედიკამენტური ღონისძიებები კარგავს.

დიეტა

მეცნიერული კვლევები მოწმობს დიეტის მნიშვნელობას არტერიული წნევის დასაქვეითებლად. ამ დიეტას ლიტერატურაში DASH აბრევიატურით აღნიშნავენ. ქართულად ის ამგვარად იშიფრება: "დიეტური მიდგომა ჰიპერტენზიის შესაჩერებლად". დიეტის პრინციპია:


- მეტი ხილი, ბოსტნეული, ცხიმით ღარიბი რძის პროდუქტები;

 

- ნაჯერი ცხიმებით, ქოლესტერინით მდიდარი საკვების შეზღუდვა;
- მეტი პარკოსნები, უცხიმო თევზი, უცხიმო შინაური ფრინველის ხორცი, კაკალი, თხილი;
- ნაკლები წითელი ხორცი და ტკბილეული;
- მაგნიუმით, კალიუმით, კალციუმით მდიდარი საკვები - ვაშლი, გარგარი, ბანანი, ჭარხლის ფოთოლი, ბროკოლი, სტაფილო, მწვანე ლობიო, გრეიპფრუტი, ყურძენი, მწვანე ბარდა, კომბოსტო, მანგო, ნესვი, ატამი, ფორთოხალი, ანანასი, კარტოფილი, ქიშმიში, ისპანახი, მარწყვი, მანდარინი, პომიდორი, უცხიმო იოგურტი, ფინიკი, გოგრა.

ფიზიკური აქტივობა

 

დადგენილია, რომ ნებისმიერი ასაკისა და ორივე სქესის პირებში, რომლებიც ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, უფრო დაბალია არტერიული ჰიპერტენზიის რისკი.

 

ვარჯიშით არტერიული წნევის დაქვეითება ზოგჯერ ისევე კარგად შეიძლება, როგორც მედიკამენტების მიღებით. მცირედ ან საშუალოდ მომატებული წნევის დროს 30-60-წუთიანი ვარჯიში - სიარული, ძუნძული, ველოსიპედის ტარება ან მათი კომბინაცია კვირაში 3 ან 4 დღის განმავლობაში წნევის მნიშვნელოვან დაქვეითებას იწვევს.

ავტორ(ებ)ი : allnews.ge