Powered by Jasper Roberts - Blog

16:46 13.03.2017
"კომპანიები დღეს 1 ლიტრ საწვავზე დაახლოებით 35-თეთრიანი მოგებით მუშაობენ" - პაატა ბაირახტარი

ბოლო 4 თვის განმავლობაში 1 ლიტრი საწვავის ფასი საქართველოში 40-60 თეთრით გაძვირდა. "აფბას" ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარის განცხადებით, ნავთობიმპორტიორი კომპანიები დღეს საქართველოში საშუალოდ 35-თეთრიანი მოგებით მუშაობენ.

 


"თებერვალ-მარტში კომპანიებმა საწვავის ფასი კიდევ 2-ჯერ დააკორექტირეს და დღეს 1 ლიტრი ბენზინის ფასი 2,49 ლარს აღწევს. ამ მომენტისთვის კომპანიების ქმედება უფრო ბევრ ეჭვს აჩენს, რადგან იანვრის ბოლოდან დღემდე ეროვნული ვალუტა თითქმის 11%-ით გამყარდა. თუ იანვრის მიწურულს 1 დოლარის შეძენა 2,71 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს 1 დოლარის ღირებულება 2,51 ლარს არ აღემატება. ისიც საგულისხმოა, რომ ამ 2-თვიან მონაკვეთში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი პრაქტიკულად არ შეცვლილა და ბარელის ღირებულება 52 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

 

 

ეკონომიკური ფაქტორები ჩვენს ქვეყანაში თუ მის გარეთ არ იძლევა არანაირ ობიექტურ საფუძველს, რომ საწვავს ასეთი მაღალი ფასები ედოს. ჩვენ ვამბობთ, რომ ნავთობის ფასების სტაბილურობასა და ლარის გამყარებას გავლენა უნდა მოეხდინა საწვავის ფასებზე იმ ქვეყანაში, რომელიც, როგორც ვამბობთ, მყისიერად რეაგირებს საერთაშორისო ფაქტორებზე და 100%-ით არის დამოკიდებული იმპორტირებულ ნავთობზე. როცა ყველა ეს გარემოება ფასზე არ აისახება, ჩნდება ეჭვი, რომ ქვეყანაში არ არის ჯანსაღი კონკურენტული გარემო, რომ ფასები ხელოვნურად დაჭერილია. რა თქმა უნდა, ყველა კომპანიას აქვს თავისი საოპერაციო ხარჯები და ძნელია თქმა, ვინ რა მოგებაზე გადის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა გათვლებით, 1 ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავი კომპანიებს დღეს 1,70 ლარი უჯდებათ. ეს არის თვითღირებულება და ამას უნდა დავამატოთ ის მცირე ხარჯი, რომელიც საცალო ქსელში ოპერირებას სჭირდება. შედეგად მივიღებთ, რომ კომპანიები დღეს 1 ლიტრ საწვავზე დაახლოებით 35-თეთრიანი მოგებით მუშაობენ", - აცხადებს ბაირახტარი. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge