Powered by Jasper Roberts - Blog

15:31 13.03.2017
ოლიმპიელთა ხეივანს ომარ ფხაკაძის სახელობის ოლიმპიური რგოლი შეემატა

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში კიდევ ერთი სახელოვანი ქართველი სპორტსმენის, ველომრბოლელ ომარ ფხაკაძის სახელობის ოლიმპიური რგოლი გაიხსნა. ღონისძიება 1992 წელს საქართველოში ველოსპორტის ფედერაციის დაარსების დღეს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში,  საქართველოს ველომრბოლელთა ნაკრები გუნდის წევრებმა და ველომოყვარულებმა საჩვენებელი ვარჯიშები და შეჯიბრებები  გამართეს.


მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1965 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ორგზის მსოფლიოს რეკორდსმენი და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი ომარ ფხაკაძე ოლიმპიური ცენტრში აღიზარდა.


შეგახსენებთ, ეს უკვე მე-4 ოლიმპიური რგოლი, რომელიც ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და ორგანიზებით ცენტრის ეზოში გაიხსნა, მიხეილ სალაძის, მაია აზარაშვილისა და ვლადიმერ აფციაურის რგოლების შემდეგ.


რგოლის გახსნის ცერემონიას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად. ოლიმპიური რეზერვების ცენტრში იმყოფებოდა პარლამეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფხაკაძის ვაჟი ომარ ფხაკაძე და მეუღლე დინარა ჯანუყვაშვილი. სტუმრებს ოლიმპიური რეზერვების ცენტრის დირექტორი გიორგი ასათიანი მასპინძლობდა.


ტარიელ ხეჩიკაშვილი:“ ოლიმპიური მომზადების ცენტრში არაერთი სასიქადულო სპორტსმენი აღზრდილა, დღეს პატივი მივაგეთ ძალიან დიდ სპორტსმენს, მსოფლიოს ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების პრიზიორს ომარ ფხაკაძეს - გამორჩეულ პიროვნებას, რომელმაც ქართული სპორტის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. მემორიალური დაფის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის, რადგან მათ უნდა დაინახონ, როგორ ვაფასებთ ჩვენს წარსულს და ამავდროულად ვზრუნავთ მომავალზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ქართული სპორტის დიდება შორს გავიტანოთ და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი“.



გიორგი ასათიანი:“ ტრადიცია გრძელდება. ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონის, ძალიან კარგი ადამიანის ომარ ფხაკაძის რგოლი გავხსენით. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობამ იცოდეს, ვინ იყვნენ ჩვენი დიადი სპორტსმენები, რომლებიც ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერნენ“.


 

დინარა ჯანუყვაშვილი:“ რთულია სიტყვებით გადმოვცე, რამდენად სასიხარულოა დღევანდელი დღე ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის. ყველა სპორტსმენს სჭირდება დაფასება, რათა მომავალ თაობას დავუტოვოთ ისტორია, მუდმივად გავახსენოთ, რომ ასეთი დიდი სპორტსმენები არსებობდნენ, მათ მაგალითზე კი ახალი კიდევ უფრო შთამბეჭდავი კარიერის მქონე სპორტსმენები აღვზარდოთ“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge