Powered by Jasper Roberts - Blog

14:09 11.03.2017
„რაღაც ნამდვილად გაკეთდა, მაგრამ ქვეყანამ ეს ვერ იგრძნო“- დავით სილაგაძე

ბოლო წლების განმავლობაში ინვესტიციების მოცულობა მატულობს, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უცვლელი რჩება. ზედიზედ მესამე წელია, ინვესტიციები ქვეყანაში 1,5-1,7 მილიარდის ფარგლებში ტრიალებს. მართალია, შარშან მცირე ზრდა აღინიშნა, მაგრამ მხოლოდ წინა წელთან შედარებით.


 

"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1645 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება 2015 წლის წინასწარ და 5%-ით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. 2014 წელს ამ მხრივ აშკარად უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებელი აღნიშნულ პერიოდში 1,7 მლრდ დოლარს შეადგენდა.


მართალია, ციფრებში აშკარად ზრდაა და ეს უდავოდ პოზიტიურია, მაგრამ თუკი სპეციალისტების აზრს გავიზიარებთ, ამით ეკონომიკაში დიდად არაფერი შეცვლილა.

 

აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის განმარტებით, ეკონომიკის რამდენიმე სექტორში გამოცოცხლება შეიმჩნევა, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ეს ქვეყანამ იგრძნოს.


"ენერგეტიკის სფეროში, გარკვეულწილად, პროექტების მომზადება მიმდინარეობდა. სამუშაოები ამ ეტაპზეც გრძელდება. ამასთან, კავშირგაბმულობის სფერო ვითარდება, რაც დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს. სამშენებლო სექტორში წინსვლა გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ 2015 წელს, ფაქტობრივად, წარუმატებელი წელი იყო. თუკი ამ კუთხით ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა, მხოლოდ შედარებითია და ვითარებას არსებითად ვერ ცვლის.


ტრანსპორტის სფეროში ინვესტიციების ზრდა შესამჩნევია უფრო იმის გამო, რომ დასრულების სტადიაშია სარკინიგზო ხაზებთან დაკავშირებული სამუშაოები თურქეთის მიმართულებით. სერიოზული სხვაობა ინვესტიციებში წინა წლებთან შედარებით, არ გვაქვს. რაღაც ნამდვილად გაკეთდა, მაგრამ ქვეყანამ ეს ვერ იგრძნო", - აცხადებს ავთანდილ სილაგაძე გაზეთ "რეზონანსთან" საუბარში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge