Powered by Jasper Roberts - Blog

12:00 10.03.2017
„პატრიარქის ამოცანაა გააჩუმოს, ერთი მხრივ, საკუთარი ჯარისკაცები" - მირიან გამრეკელაშვილი

გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა მასალა, რომელიც გუშინდელ სინოდის სხდომას ეხებოდა. ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს პრობლემებზე საჯაროდ საუბრისთვის სინოდის წევრებმა დასაჯეს - ის პირადად პატრიარქი ილია ||-ის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორობიდან გათავისუფლდა, ასევე მიეცა პირველი გაფრთხილება ეკლესიის კრიტიკის გამო და "ურჩიეს" თავი შეიკავოს მედიასთან ურთიერთობაზე, როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, ის "სიმართლისთვის დაისაჯა" და "ეს მიკერძოებული იყო", თუმცა ის გადაწყვეტილებას "დაემორჩილება".

 

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი აცხადებს, რომ  ამ სხდომამ პირველი მიზანი უკვე შეასრულა, მეუფე პეტრე შეეცდება აღარ ილაპარაკოს და ახლა მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, მედიაც გაჩუმდება თუ არა.

 

პატრიარქის ამოცანაა გააჩუმოს, ერთი მხრივ, საკუთარი ჯარისკაცები, სასულიერო პირები და, მეორე მხრივ, მედიაში როგორმე მოკვდეს ეს თემა - ეკლესიის პრობლემების განხილვა", - აცხადებს გამრეკელაშვილი.

 

 

 გამრეკელაშვილი აცხადებს, რომ სინოდის სხდომის წინ პროკურატურამ ფარული ჩანაწერი მიზანმიმართულად გაასაჯაროვა. 

 

 სინოდის სხდომის წინა დღეს პროკურატურამ გამიზნულად გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი, სადაც დეკანოზის დამნაშავეობის სამხილი არ ჩანს, მაგრამ ჩანს, რომ ის მთლად პირნათელი ადამიანი არ არის და ამ გამიზნულად გავრცელებულმა ვიდეომ დააბნია სინოდის წევრები", - მიიჩნევს მირიან გამრეკელაშვილი.

 

გამრეკელაშვილი დასძენს, რომ პატრიარქის წარმოდგენით ყველაფერი შესანიშნავადაა, მის დროს ეკლესია აყვავდა და ამ ილუზიის დარღვევას ვერავინ ვერ გაბედავს. ამიტომაც არ მიეცა მეუფე პეტრეს საკუთარი განცხადებების დოკუმენტური ანგარიში წარედგინა.


 

"თუ მეუფე პეტრე შეწყვეტს საუბარს, ეკლესია უფრო ჩაიკეტება, პატრიარქი კი შეეცდება ერთპიროვნული მმართველობის მოდელი უფრო გაამყაროს, თუმცა ამ ყველაფრის ბოლო ტალღა იქნება, როდესაც გამოძიება დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით ბოლო დასკვნებს დადებს. აქ შესაძლებელია საპასუხო რეაქცია ჰქონდეს ეკლესიას. ახალ პატრიარქამდე არაფერი შეიცვლება, რადგან მოქმედი პატრიარქის კარიერა აგებულია დათქმაზე და შეთანხმებაზე, რომ ჩვენ ვბრწყინდებით, ვაშენებთ ტაძრებს, ვაკურთხებთ მღვდლებს, ვშოულობთ ჯიპებს და ფულს. თუმცა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ვინც უნდა მოვიდეს, უნდა ველოდოთ იმას, რომ ეკლესია მრევლის დიდ რაოდენობას დაკარგავს", - დასძენს გამრეკელაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge