Powered by Jasper Roberts - Blog

15:07 07.03.2017
ნინო ნადირაძისა და ბაია კუზანოვას დედა-შვილობა – „სიძეს გამარჯობას არ ეტყვის…“

ნინო ნადირაძე-კუზანოვასა და მის ქალიშვილს, ბაიას „ტიფლისის ვერანდაზე“ შევხვდით. როგორც აღმოვაჩინეთ, დედა-შვილი ხასიათით საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. ბაია ამბობს, რომ მისგან ბევრ შენიშვნას არ იღებს, თავად ნინოც მიიჩნევს, რომ არ არის მკაცრი დედა, ბაია დედას ფილოსოფოსს ეძახის. როგორც ნინო ამბობს: „ჩემი შვილებისგან მხოლოდ ერთს ვითხოვ, მინდა, ჯანმრთელად იყვნენ და ისწავლონ. მეტი არაფერი მინდა!..“

ცნობილი პლასტიკური ქირურგის, გუგა კუზანოვის ცოლ-შვილს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

ნინო მკაცრი დედაა?

ბაია:

ვერ გეტყვით, რომ ძალიან მკაცრია, მაგრამ რაღაც თუ არ მოეწონა, ისე მეტყვის და ისეთ შენიშვნას მომცემს, რომ მას როგორც უნდა, ისე გავაკეთებ ბოლოს. ვერ გეტყვით, რომ ბევრ შენიშვნას ვიღებ, რადგან მგონია, რომ ხშირად არ ვაბრაზებ.

ნინო:

ვფიქრობ, დამჯერი შვილები აღვზარდე. ჩემი კი ყოველთვის კი-ს ნიშნავდა, არა – არა-ს. ჩემს სიტყვას ყოველთვის ჰქონდა ძალა. ერთ სიტყვაში მემორჩილებიან. მე არასდროს ვეხები მათ პიროვნულ თვისებებს და ვცემ პატივს მათ არჩევანს. ვცდილობ, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მივაწოდო და არ გაიმეორონ ჩემი შეცდომები, ჩემს შვილებს მზა რეცეპტებს ვთავაზობ.

ძირითადი პრეტენზია მაქვს სწავლასთან დაკავშირებით. თავად ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც წასვლა იყო უმთავრესი. მივიჩნევ, როცა ადამიანი ნაკითხია, ესა თუ ის დარგი იცის ფუნდამენტურად, ცხოვრებაში ბევრი პრობლემის გადალახვა გაუმარტივდება. მეორე რჩევა ისაა, რომ ცხოვრებას გლობალურად უყურონ და წვრილმანებზე არ ინერვიულონ. ამასაც კარგი განათლება განაპირობებს.

ვთხოვ შვილებს ისწავლონ, რომ იყვნენ თავისუფლები. მე ისეთ მარწუხებში ვარ გაზრდილი, მშობლებისგან, რომ იმავე მარწუხებში ჩემს შვილებს ვერ მოვაქცევ. არსად მიშვებდნენ, სულ ვკითხულობდი, სულ მედლები და ხუთები… შვილებს ნიშნებს არ ვუმოწმებ, უროთი და ჩაქუჩით ვერ გამოვეკიდები, ვუხსნი, რომ ყოველი დაკარგული დღე მნიშვნელოვანია. თუ სადმე სიზარმაცე გამომიჩენია და მიმიხუთშაბათებია რამე, ყოველთვის წინ დამხვედრია. მშობლებმა მასწავლეს, რომ არავის უნდა გავჯიბრებოდი და ამას ვასწავლი ჩემს შვილებს. მთავარია, შენ რა პოტენციალი გაქვს და რისი გამკეთებელი ხარ. სხვის ჯინზე ცხოვრებით საკუთარი გვერდზე ჩაგივლის.

ჩემზე შეიძლება უთქვამთ და ხშირად მაკრიტიკებენ, ამას რა ენაღვლება, ყველაფერი აქვსო. ის ცხოვრება, რომელიც მე მაქვს და სხვისთვის მიმზიდველი და თვალისმომჭრელია, ციდან არ ჩამოვარდნილა. იმავეს თქმა შემიძლია ჩემს მეუღლეზეც. ეს არის დაუღალავი შრომის შედეგი. დრო სწავლაში გავატარე, შეიძლება, ჩემს ბავშვობას აკლდა ხალისი, მაგრამ თუ არ დაიხარჯე, სხვებზე უკეთ ვერ იცხოვრებ.

ბაია:

სახლში მყავს ფილოსოფოსი. დილით ადგება და ასე ღაღადებს ხოლმე (იცინიან).

ნინო, თქვენმა შვილმა იცის ფულის ყადრი?

მან უფრო იცის, ვიდრე მე. მე მფლანგველი ვარ. არ არის საჭირო ამაზე ორიენტირება, არიქა, ბევრი ფული უნდა ვიშოვოო. თუ გაქვს ბევრის მოთხოვნილება, უფრო მეტი უნდა იშრომო. ვისაც ბევრი თანხა აქვს, მემკვიდრეობასა და ჯეკპოტის მოგებაზე არ ვსაუბრობ, დიდი შრომით მიუღწევია. თუ ცხვირ-პირი არ ჩამომტირის, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი აწყობილი მაქვს. მამაჩემი სულ მეუბნებოდა, რომ ჩემი პრობლემები ჩემი სიმდიდრეა.

ბაია:

ეს არის ნინოს დევიზი. რაღაც პრობლემა რომ შემქმნია და მასთან რჩევისთვის მივსულვარ, უპასუხია, ვერაფერს გირჩევ, შენ თვითონ უნდა მიიღო გადაწყვეტილებაო. პატარა რომ ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, რატომ არ მირჩევდა დედა არაფერს და არ მეხმარებოდა. ჩემით ვაგვარებდი ყველაფერს. მოყოლოთ ბევრი რამ მომიყოლია, მაგრამ დაწვრილებით არა. მის თვალწინ რომ ვიტირო ჩემი პრობლემის გამო, უარეს დღეს დამაყენებს. ისეთ რაღაცებს მეტყვის, რომ ცხოვრება აღარ მომინდება. ისევ ჯობს, გავიღიმო. სხვა გზას არ მიტოვებს.

ნინო:

სამაგიეროდ, თავად დადგა ფეხზე და ვიცი, რომ ჩემს შვილებს ელემენტარული პრობლემები არ შეაწუხებს.

ბაია, ცნობილი ოჯახის შვილობას არ დაუკომპლექსებიხარ?

არასდროს დავუკომპლექსებივარ. ჩემს პირად ცხოვრებაში, მით უმეტეს, არ ჩარეულან ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები. რამე რომ ყოფილიყო, მოვუყვებოდი, აბა, შენ იციო, დედაჩემი მეტყოდა და მორჩა. შეიძლება ეთქვა, ეს გაითვალისწინეო. არ გავითვალისწინებდი და ჩემთვისვე იქნებოდა ცუდი. რაიმე სერიოზულის გამო რომ მიმემართა, დამცინოდა, ამიტომაც თავს უხერხულად ვგრძნობდი და არ ვუყვებოდი.

მართალია, რომ ნინოს წინასწარ ეზიზღება ყველა სასიძო?

ასეა. გოგო ვარ, მომეწონა ვიღაც, მივდივარ დედაჩემთან და ვაჩვენებ ფოტოს. „ფუ, მოაშორე, ეს ვინ არისო“, სულ ასე მეუბნება (იცინის).

ნინო:

ეს იმ ბიჭების ბრალი კი არა, ჩემი დამოკიდებულის ბრალია ბაკოს მიმართ. 90-იან წლებში, პატარა რომ იყო, ექვსი წელი ჩემს საწოლში ეძინა. გახსოვთ, რომ ძალიან ციოდა სახლებში მაშინ. ცალკე ოთახში რომ გადავაწვინეთ, შუაღამისას წამოგვადგებოდა ხოლმე მე და გუგას მოჩვენებასავით თავზე… ბაკოსთან დაკავშირებით ცუდი, ქართული ეგოისტური შეგრძნება მაქვს. არ მინდა, ვინმემ ნერვები მოუშალოს და გააბრაზოს. მე, ალბათ, ვიქნები „გრილი“ სიდედრი. „დედიკო, შვილიკოთი“ სიძეს ვერ მივმართავ.

ბაია:

ასე მგონია, რომ საერთოდ გამარჯობასაც არ ეტყვის. ძაღლს რომ უყურებ და არ მოგწონს, ასე იქნება. გუგასაც ეს დამოკიდებულება ექნება (იცინიან). რომ გითხრათ, სულ ერთად ვართ, დედა მიყვარხარ და მამა შენ გარეშე არ შემიძლია-მეთქი, ასე არ არის. არ ვართ თბილები, ათასში ერთხელ გადავკოცნით ერთმანეთს, მაგრამ მშობლებს ისე ვუყვარვარ, ჩემს საყვარელ ადამიანს, როცა გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, სახლში მოიყვანენ, მე არ გამიშვებენ არსად.

ერთხელ ნინოს გავაცანი ადამიანი, რომელიც მომწონდა და ძალიანაც მივქარე. მეორე დღეს ქუჩაში შეხვდა და გამარჯობა არ უთხრა.

ბაია, გაგიჭირდება მგონი გათხოვება…

ვაიმე, არც მინდა. არაფერი მაკლია. იმდენად მიყვარს სახლში ყოფნა, ამათი შემხედვარე ისე ვერთობი, ხან მე დავცინი მშობლებს, ხან მე და გუგა – ნინოს და ასე გადის დრო.

დედას რით ჰგავხარ?

ნიჭიერებით ვერ ვგავარ, ვერ „ვქაჩავ“. ნინო სასწაულია, ბევრი ტალანტი აქვს. მე ასეთი ვერ გამოვედი.

ნინო:

ამას ყოველთვის ვმალავდი ქერა თმით, ძალიან მთრგუნავდა მაია ჩიბურდანიძის იმიჯი და ჩემს განათლებულობას ვმალავდი. მგონია, რომ ბაია ბევრი რაღაცით მგავს. ვფიქრობ, ჩემსავით, ცხოვრების ძარღვი აქვს.

შოპინგის სიყვარული ორივეს გაერთიანებთ?

სამწუხაროდ, კი. შოპინგზე ერთად არ გვივლია და ძალიან კარგია, ცალ-ცალკე ჯობს. ერთად რომ წავიდეთ, ან მე გამოვალ მაღაზიებიდან გაპუტული, ან დედაჩემი. გუგა რომ დაწვება დასაძინებლად, მე და ნინოს ჩუმად ამოგვაქვს ნაყიდი რაღაცები. არც მე და არც დედა გუგას საყიდლების ფულისთვის არ ვაწუხებთ. ბაბუას ვაწუხებ ხოლმე.

ნინო:

ტელეფონში იცი, როგორ ვყავართ ჩანიშნული? დედა – ფეხსაცმლის, გულისა და ჩანთის ნიშნები… მამა – დოლარის ნიშანი, ბაბუა – დოლარიანი ტომსიკა.

ბაია:

ნინოს, სამწუხაროდ, ვერ დავემსგავსე მათემატიკის სიყვარულსა და ცოდნაში. გვაერთიანებს სამედიცინო სფეროს სიყვარული და მგონი, პროფესიონალი გამოვალ. სტომატოლოგი ვიქნები.

ნინო:

ბაია მგავს პასუხისმგებლობის გრძნობითა და გულჩვილობით, სხვის გასაჭირს გვერდზე არ ჩაუვლის.

ერთმანეთს სიურპრიზებს უკეთებთ?

არა, სიუპრიზები არ გვიყვარს.

ბაია:

თუკი დედაჩემს ვეკითხები, საჩუქრად რა გინდა-მეთქი, მპასუხობს, ვალი მაქვს და ფული მინდაო (იცინიან). ყვავილებისა და სუნამოს ყიდვას, მირჩევნია, თანხა ვაჩუქო და ვალი გაისტუმროს.

ნინო:

ქრონიკულად მაქვს საყვარელი მაღაზიების ვალი (იცინის).

ბაია, გუგას რით ჰგავხარ?

გუგა და მე უგონოდ მოწესრიგებულები ვართ. ნინოს გარდერობში ყველაფერი აყრილ-დაყრილია, სანამ გუგა არ იჩხუბებს.

ნინო:

ბოლო კვლევებით, პედანტები არიან საშიში ადამიანები მანიაკური მიდრეკილებებით. ბაიას გარდერობში რომ შევიხედავ და ფერების მიხედვით აქვს დალაგებული ყველაფერი, პირჯვარს ვიწერ ხოლმე, ნეტავ, კაცს არ მოკლავდეს-მეთქი (იცინის). ვინმემ მანქანით თუ გადაასწრო, მასაც და მამამისსაც, ნერვიულობენ, მე ასეთ რამეებს ყურადღებას არ ვაქცევ.

ბაიაში მომწონს ის, რომ რაც უნდა განერვიულებული ვიყო, დამამშვიდებელი აურა აქვს. ოთახში რომ შემოვა, ისეთი სიმშვიდე მოაქვს… ამას მხოლოდ მე არ ვამბობ. შეიძლება, ჩემი აურა გაქვს…

ბაია:

ნუ გგონია, რომ ყველაფერი კარგი შენგან მაქვს. ნინოში მომწონს პირდაპირობა. ვერ იტანს კედებს… ვიპრანჭები, მგონია, რომ კარგად გამოვიყურები და უცბად მეუბნება, რას ჰგავხარ, ბაჯაჯო ხარ და არავინ შემოგხედავსო. ამის მიუხედავად, მაინც მომწონს მისი ეს თვისება. რეალობისკენ გიბიძგებს. ჩვენ სულ ვწუწუნებთ, ნინო კი სულ კარგ ხასიათზეა, გამონათდება ხოლმე, მშვიდობისმაძიებელია.

ნინო:

კუზანოვები სულ წუწუნებენ და სულ ნაცრისფერი ღრუბელი დაჰყვებათ თავზე, მე კი – მზე (იღიმის).

ავტორ(ებ)ი : fortuna.ge