Powered by Jasper Roberts - Blog

16:35 06.03.2017
"რასაც ფაჩულიამ მიაღწია, ეს უკვე ქვეყნის გამარჯვებაა" - გივი ბიჭიაშვილი

6 მარტს, 14:00 საათზე, "ქორთიარდ მარიოტში" კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გამოცემული ჟურნალის - "წლის წიგნიპრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალში თავმოყრილია გასულ სეზონში ჩატარებული ღონისძიებები, რომელსაც ფედერაციამ ორგანიზება გაუწია პარტნიორ კომპანიებთან და მხარდამჭერებთან ერთად. "წლის წიგნი" ყოველწლიური ჟურნალია, რომელსაც "კალათბურთის ეროვნული ფედერაცია" უკვე მეხუთედ გამოსცემს.

 

ღონისძიებას  საკალათბურთო სამყაროს წევრები და მოწვეული სტუმრები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა (სუპერლიგა) და სხვადასხვა ლიგებში მონაწილე კლუბების ხელმძღვანელები, მენეჯერებიბავშვთა საკალათბურთო სკოლების წარმომადგენლები, ვეტერანი კალათბურთელები, ფედერაციის მედია პარტნიორები, სპონსორები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.


 აღნიშნულ ღონისძიებაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტის რაინდის წოდებით ვეტერანი კალათბურთელი გივი ბიჭიაშვილი დააჯილდოვა.

 


„ჩემს ბავშვობაში, როდესაც სპორტის სასახლეში მივდიოდი თამაშის საყურებლად, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასეთი პატივი მერგებოდა. ძალიან დიდი სიამოვნებაა ბატონი გივის გვერდით დგომა.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ თქვენ ყოველთვის კალათბურთის სამსახურში იყავით და მისი ერთგული რჩებოდით. ჩვენ გვსურს მცირედით, მაგრამ დავაფასოთ ის ღვაწლი, რაც მიგიძღვით ქართული კალათბურთის წინაშე. აგრეთვე, მინდა ჩვენს კალათბურთელებსაც გადავუხადო მადლობა. სასწაულის ტოლფასია, როდესაც უკვე მეოთხედ ჩვენი ნაკრები „ევროპის ჩემპიონატზეა“ წარმოდგენილი. მინდა კალათბურთის ოჯახის თითოეულ წარმომადგენელს მადლობა გადაგიხადოთ. როგორც ნამდვილ, ღირსეულ  რაინდს, „სპორტის რაინდის“ წოდება გადავცე ბატონ გივის.“ , - განაცხადა ხეჩიკაშვილმა პრეზენტაციაზე.

 

ღონისძიებას, აგრეთვე, სპორტის კომენტატორი, ჯამლეტ ხუხაშვილიც ესწრებოდა. მისი მოსაზრებით, გივი ბიჭიაშვილი წლების მანძილზე ლიდერი იყო. ხუხაშვილმა, ამასთანავე, გაიხსენა ვლადიმერ სტეფანია, პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც NBA-ში ითამაშა და ხაზი გაუსვა გივი ბიჭიაშვილის წვლილს სტეფანიას მოღვაწეობაში.



„ორმაგად გახარებული ვარ. გივი ბიჭიაშვილის მთელმა საკალათბურთო ცხოვრებამ და არამარტო ჩემს თვალწინ გაიარა. ახალგაზრდობაში რეპორტაჟები მიმიყავდა პირველ არხზე და როდესაც გივი ბიჭიაშვილს გამოაცხადებდნენ და ის თმას გაისწორებდა, ყველამ ვიცოდით, რომ ბურთი აუცილებლად ჩავარდებოდა. წლების განმავლობაში ლიდერი იყო, ხოლო, როდესაც ის წავიდა, თითქოს მის გუნდს გაუჭირდა. როდესაც გივი კალათბურთის მწვრთნელობის ასპარეზზე გამოჩნდა, ის სწორედაც, რომ  პირველი იყო. გივი, აგრეთვე „თბილისის ნორჩი დინამოელების“ სკოლაში დირექტორი გახლდათ, სწორედ იმ გენიალურ სკოლაში, სადაც დიდებული ქართველი კალათბურთელი აღიზარდა. მაგალითად, ვლადიმერ სტეფანია, რომელიც NBA-ში პირველი ქართველი კალათბურთელი გახლდათ და რომელმაც 8 წელიწადი ითამაშა იქ. მე და გივი ბიჭიაშვილმა, შეიძლება ითქვას, ცემა-ტყეპით წამოვიყვანეთ.


გივი, არამარტო კალათბურთში, არამედ ოჯახშიც ყოველთვის გამორჩეული და სამაგალითო პიროვნებაა. მინდა გივის მივულოცო და გისურვოთ, რომ ყველა სპორტსმენისა და კალათბურთელის იუბილე ქართული სპორტის ნებისმიერი სახეობის წარმატებას ასე დაემთხვეს.“ , - აცხადებს სპორტული კომენტატორი ჯამლეტ  ხუხაშვილი.

 

 

"ჯორჯიან თაიმსთან" საუბრისას, ვეტერანმა კალთბურთელმა გივი ბიჭიაშვილმა განაცხადა, რომ ახალი თაობის ძალიან დიდი იმედი აქვს. ამასთანავე, ბიჭიაშვილმა ზაზა ფაჩულიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად All Star-ში ართამაშისა, ფაჩულიას "ყველა ვარსკვლავის" კანდიდატად განხილვა უკვე გამარჯვებაა. 


რამდენად კმაყოფილი ხართ ახალი თაობით და რა მოლოდინები გაქვთ?


- პერსპექტივა და ბაზა, რა თქმა უნდა არის. ყოველთვის იცვლება ძველი თაობა და ღირსეულები ანაცვლებენ მათ. ახალი თაობა, ახალი ხედვები შესამჩნევია. წინა თაობის მსგავსად ისევ ისეთ ასპარეზზე გამოვლენ. სამწუხაროდ, გვარები ზეპირად არ მახსოვს, თუმცა გამოვარჩევდი 5-6 ბიჭს.  ძალიან  კარგ შედეგებს აჩვენებენ, რაც გახლავთ  იმის საწინდარი, რომ საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო შეივსება.  

 

თქვენი აზრით, რამდენად არის მზად ზაზა ფაჩულია All Star-ისთვის?

 

- მე ყოველგვარი ქილიკის გარეშე ვამბობ,  რომ ეს ბიჭი ძალიან  მიყვარს. მან საქართველოს ნაკრებში ვაჟკაცურად, უანგაროდ და თავდადებით ითამაშა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებს შედეგი ეჩვენებინა. თუმცა, ცოტათი გამიჭირდება All Star -ზე საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ იქ ფანტასტიკურად დიდი კონკურენციაა, მაგრამ ამის შანსი ყველამ ვიცით, რომ იყო, რაც  ძალიან დიდი მიღწევაა, როგორც ზაზასთვის, აგრეთვე საქართველოსთვის. ჩემი აზრით, ეს არა დამარცხება არამედ გამარჯვებაა. ამიტომაც, მინდა ზაზას მივულოცო. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დაისვა შეკითხვა: „ფაჩულია თუ გრინი“. ამიტომაც, მას გული არ უნდა დაწყდეს, რომ All Star-ში ვერ მოხვდა. ჩემი აზრით, რასაც ფაჩულიამ უკვე მიაღწია, ეს უკვე ქვეყნის გამარჯვებაა.

 


გაუმხილეთ „ჯორჯიან თაიმსს“ თამაშის თქვენებური სტილი NBA-ს რომელ მოთამაშეს გავს?

 

-  ცოტა უხეში შედარებაა, თუმცა კლეი ტომპსონთან შეიძლება ახლოს მივიდე. თუმცა, ის ძალიან დაოსტატებულია და ძალიან მაგარი ხელი აქვს. მისი მოძროაბის ყურებისას, ჩემი თამაშისა და ცხოვრების გარკვეული მომენტები მახსენდება.

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge