Powered by Jasper Roberts - Blog

14:56 05.03.2017
პატრიარქმა მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა და აღნიშნა, რომ დღესასწაულთან ერთად ეკლესიას არც მწუხარება აკლია

წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს მრავალი განსაცდელი შეხვდა – ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. მან მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა და აღნიშნა, რომ დღესასწაულთან ერთად ეკლესიას არ აკლია მწუხარება. “წმინდა მეფემ, დავით წინასწარმეტყველმა ასე თქვა: მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა. წარმოიდგინეთ, დავით მეფე ამბობს: მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა. ეს მან თქვა იმიტომ, რომ მრავალი განსაცდელი შეხვდა. ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა. მაგრამ მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა. მწუხარება სიხარულით შეიცვლება და ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ მწუხარება სიხარულით შეცვალოს”, - ბრძანა პატრიაერქმა.

ილია მეორემ დღეს ვრცლად იქადაგა მართლმადიდებლობის ზეიმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე საყურადღებოა იმითაც, რომ მსოფლიოს საპატრიარქომ ამ დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია სცნო. “დღეს არის დიდი დღესასწაული – ზეიმი მართლმადიდებლობისა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობა არის უდიდესი საუნჯე, რომელიც ღმერთმა ჩვენ გვაჩუქა, უდიდესი მადლი, რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგვცა. სარწმუნოება და ტრადიცია ეკლესიისგან განუყოფელია. 100 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ბრძოლა ხატების წინააღმდეგ. 100 წლის შემდეგ მეშვიდე მსოფლიო კრებამ განაწესა, რომ ხატის თაყვანისცემა კერპთაყვანისცემა არ არის. არამედ ეს არის მადლი ღვთისა, რომელსაც ღმერთი ადამიანს მოუვლენს. ჩვენ ქართველები ბედნიერები ვართ, რომ პირველმა ჩვენ მივიღეთ, ჩვენ ჩაგვაბარა ჩვენ გვაჩუქა და დაგვაჯილდოვა ხატებით უფალმა. გახსოვთ, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას წილად საქართველო ერგო, მას მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა: ხატი გაუგზავნე შენი და შემდეგ ეს ხატი იქნება საქართველოს მფარველიო, რადგან მოახლოებული არს შენი გარდაცვალება. ღვთისმშობელმა დედამ სახეზე მიიდო ფიცარი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე გამოისახა. აწყურის ღვთისმშობელი გამოისახა მაცხოვართან ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ ხატი არის სასუფევლის კარიბჭე, ხატის საშუალებით ჩვენ ვხედავთ სასუფეველს. მადლობა უფალს, რომ მან მრავალი ხატი გვაჩუქა. ხატებთან ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, რომელიც ათონის მთაზე იმყოფება. ჯარისკაცები მივიდნენ ქვრივ ქალთან სახლში, სადაც ეს ხატი იმყოფებოდა, ერთმა ჯარისკაცმა ლახვარი დაარტყა სახეზე და მას სისხლი გადმოუვიდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ინება და ეს ხატი შეუშვეს ზღვაში. შემდეგ ის ივერიის მონასტრის, ქართველების მონასტრის მახლობლად აღმოჩნდა და დღემდე იქ იმყოფება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დადგება ბედნიერი დღე, როცა ხატი საქართველოში ჩამობრძანდება”, - ბრძანა პატრიარქმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge