Powered by Jasper Roberts - Blog

14:39 03.03.2017
,,დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო!.." - გიორგი ლეონიძე

დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო!.. – ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში.

ჩემი სოფლის ტყისპირებში ყოველ გაზაფხულზე ია ბღუჯეულად ამოდიოდა, არემარე სულ ლურჯად გადაიბურებოდა ხოლმე.

მეგონა, მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტირნათ, იმდენი ია ამოსულიყო ჩემი სოფლის მშვენიერ მიდამოებში.

ძალზე მიკვირდა და თან სათუთად ვკრეფდი იებს, მე ხომ თვითეული ია დედის ცრემლი მეგონა!

– უჰ რამდენი უტირნია დედაჩემს! – ქვრივი დედა მყავდა, შავკაბიანი.

იის სიყვარული დედამ შთამაგონა, იასავით სპეტაკი ადამიანი იყო.

თვითონაც ხომ პირველი იების მოსვლის დღეებში გაგვშორდა…

ეს პატარა წიგნი გამთბარია იმ პირველ იების სურნელით და ცხოვრების იმ შეგნებით, რომ ია მხოლოდ დედის ცრემლის ნაწვეთალზე ამოდის.

ამ წიგნს ვუძღვნი ძვირფას დედას, რომელმაც მასწავლა იების სისპეტაკისა და მშობლიური მიწის სიყვარული.

მშობლიურ ხეთა ჩრდილებში

ეს პატარა წიგნი,-ჩემი ყრმობის მოგონებანია. მაშინდელი განცდილი, დანახული ქართულ სოფელში.

მინდა მკითხველს გავუწოდო, როგორც სახილე ტაბაკი თუ ხახალი და მით ჩემი ბავშვობის მოგონებათა ხილი მივუწილადო.

კი არ უნდა ვწერდე, ყვავილებით უნდა ვწნავდე,ჩემი სოფლის ყვავილებით უნდა ვქსოვდე ამ წიგნს კაბადონებს.შიგ ჩემი ცისა და მიწის ღიმილია ჩართული, შიგ ჩემი ყრმობის სუნთქვაა!

რა ტკბილი იყო შუქელვარა დილა პატარძეულში!ოქროვანი ხმით მოწკრიალე გაზაფხულის დღეები, როცა ჩვენც ნუშებივით ვყვაოდით, როცა ფეხქვეშ მიწა გრიალებდა, გული გვედგა ოქროს ბურთისა და თავს ოქროს წვიმა გვაწვიმდა.

ეს ჩემი სიტყვაც იმ გაზაფხულის დილიდან არის გამონაწური, იმ წყაროებიდან გამონაჟონი, რომელთა თავზე მდგარ ნიგვზნართა ხეივანში გულყვითელა ,,ბიჭო გოგიას― მომძახოდა, როგორც თანამოსახელესა და მეგობარს…

ეს სიტყვები იმ ლურჯთვალა იებში მიპოვნია, ჩვენს მიდამოებში რომ

ვკრეფდი, იმ ყაყაჩოგარეულ ჯეჯილებში, მზით ამოვსებულ თავთავებში,

შეთქვირებულ ყანებში რომ დგანან სხივმოსილი სიტკბოებითა და იდუმალებით.

ვერცხლულა იორი მიმღერდა ამ სიტყვას, ვენახებიანი, ხილნარიანი,

ბარდნარ-ჭალებიანი, ჯალჯიან-შამბნარიანი.

ივრის თვალსამოთხე ნაპირები – ალაგ ქვიშრობში გამონაჟური

ფშებით, სველი ღვინჭრობებით, ხასხასა მდელოთი, იყო ჩემი ყრმობის ემბაზი, ჩემი პირველი პოეტური საასპარეზო.

იქ ივრის წნორებს ვუკითხავდი ჩემს პირველ ლექსებს.

იქ რიყიანი და ხმიანი იორი მასწავლიდა ქართულ ლექ-

სის მუსიკას!

დღესაც იქით არის ჩემი მუდმივი მისახედავი,იქიდან ველოდები ჩემი სიმღერის ხმებს.

ისევ იქა დგას ჩემი მშობელი დედა ვაზებით გარმოდგმული,ქართულკაბიანი,იქიდან მეღიმილება!

დილის სხივთა სიმღერაში ფუტკრის ზუზუნი მიყვარდა!

რა კარგი იყო ჩვენი წყნარი საფუტკრე!-აპრილის დილით რომ შევიდოდი,ატმის ქვეშ ვარდისფერი თოვლი რომ იდო!ნიავს თუ გაევლო წუხელ ჩვენს საფუტკრეში!ნეტავ კიდევ გამარბენინა ჩვენი იასამნის ქვეშ!

…ჩვენი დაბადაგებული ცაცხვები,ზედ შესეული ფუტკარი…ჩემი შრომის მაგალითი ჯერ ფუტკარი იყო, მერე დედაჩემი და სოფლის ხალხი!

ამ წუთშიც ისევ მომესმის ჩვენი კალოს სევდიანი ოროველა,საწნახლის სამაჭრე ღარის შხრიალი,ჩვენი ბოსტნის მწვანილეულის ფშვინვარება.

ისევ მეზმანებიან ჩემი ალ-ავარდნილი ვარდები,სამასწლოვანი ფშატი,რთვილივით რომ ჩამოჰყრიდა ყვითელ ყვავილს…ყრმობისას დაკმეული მისი სურნელი დღესაც გულზე ტკბილად მომებოლება.ჩვენი რქაგალაღებული ვაზები,თავთავდაწმენდილი,აყრილი ყანები!

ეს სიტყვები იქა მაქვს აკრეფილი, იქ მაქვს ნაპოვნი-იმ მოოქროვილ დღეთა ყვავილსურნელება ახლაც ისევ მესალბუნება!

და ისევ… დაყანებული, ყვავილოვანი მინდვრები…ტყეების ბურვილი თავგუმბათი… ნუშის, ატმის და ვაშლის, ტყემლის გამოფეთქილი ნამქერი,-ბუნების მადლიანი,შეუზომელი სილამაზე!

…ისევ იორის ლაჟვარდული ჩაღიმილება, მისი სადაფური აელვარება, ქვიშასა და კენჭებზე გადამავალი ტბორი ფაშაწყაროსი, უწმინდესი კამკამა ჭავლებით.

ჩემი მეორე მშობელი – იორია!

როგორ მიყვარდა ივრის ბროლნამსხვრევი, დაიისფერებული ზვირთები, მუდამ მჩქროლავი,მთრთოლავი ტოროლას ფრთებივით, მხიარული, მოსიყვარულე!

ახლაც ისე ვერ შევხედავ იორს, რომ გული არ ამიჩქროლდეს!

ისევ ჩემი სამწყურვალოა იორი!

მთელი ჩემი ბავშვობა მის ერთ ციმციმა ზვირთზე იყო აკიდებული და იმ ზვირთმა დიდი ხანია ჩაიქროლა, ჩაიგრიალა!

რა კარგი იყო ივრის მურწა, ნაფოტა, ჭანარი! მიყვარდა ჩანგლის ჩაყრა დილით, ბადის მოსმა, ხოლიხი, ივრის ტოტის დაწურვა, დაწყვეტა, მერე ქვებში ხელაობა.

ხან მორევში ჩახერგილ კამეჩის გახრეშილ ქედზე ყინჩად ჯდომა. ხან მორევის ძირში ყურყუმელაობა. დავრბოდით,დავკუნტრუშობდით ბასრი ეკლით მოკირწყლული ტერფებით ჭყანტობ-ჭაობნარში. ეჰ, ვინ იცის რამდენჯერ შემჭრია ფეხისგული ფესვის ამონახეთქზე? ვინ ჰგრძნობდა ტკივილს?

ლურჯად ციმციმებდა იორის თვალი. საამო იყო ცვართა გადაშხეფება, ნიავზე ჩალების სისინი, თევზის ვერცხლური შეციმციმება ზვირთის ქეჩოზე!

აქ, ივრის ჭალებში, ფშანებსა და ლერწებში ვიდექ სმენად ყურდაპყრობილი, რომ ოქროს ჩიტის ხმა გამეგონა, ბავშვობიდან რომ ამდევნებია.

ზამთრობით, როცა ვაშლის გორა დაეყრებოდა ჩვენს ძირა ოთახებში, ჩემთვის იმაზე საყვარელი არა იყო რა!ვაშლის საამო სურნელით გაჟღენთილი იყო ჩვენი სახლი!

ვაშლის ნაფცქვენს არ გადავყრიდი. დედამ მასწავლა:ვაშლის ქერქი უთუოდ ცეცხლში უნდა ჩაყაროო, ერთი ჩიტი მაგისი სურნელით ცხოვრობსო!ეს სწორედ ის ჩიტია, დღემდის რომ არ მაძლევს მოსვენებას, მივდევ და ვერ დამიჭერია!

მიყვარდა მაისში ვარდმოფენის დღე! დილიდანვე დავიწყებდით სახლის მორთვას ვარდით, სოსანით, ფშატის აყვავებული ტოტებით, მინდვრის ფერადფერადი ყვავილებით. მთელი ურემი ყვავილი მოგვქონდა მინდვრიდან.განსაკუთრებით ირთვებოდა სახლის წინამოაივანი, სარკმელები, სვეტები:თვითეულ სვეტს შემოვაწნავდით ვარდს, სოსანს, ღიღილოს, გვირილას,შალგას…

იატაკსაც მოვფენდით ფოთლებით და ყვავილებით.

ეს დღე მიყვარდა ბუნების დიდი სიყვარულით. ვარდმოფენობას

ჩვენი კერა არასოდეს მოსცდებოდა დედაჩემის პოეტური ბუნების წყალობითა.

ის ფერადი ყვავილები გამოჰყვა ჩემს სულს, ჩემს სიტყვას! დღესაც ყველაზე მეტად მინდვრის ყვავილი მიყვარს!

დედაჩემი ყოველ გაზაფხულზე წაგვიყვანდა ხოლმე ყანის დასახედად:

ვიდექით, ვუმზერდით მოღაღანე ყანას და თვალს ვერ ვაშორებდით.

მომხიბლავი იყო თავანკარა,დათავთავებული ,მზითამოვსებულიმაძღარი ყანა ,ცხრაფრად რომ ლივლივებს ნიავის შექროლებაზე. მზეეკაბანი ჰქვიან ყანაზე მზიან ნიავის გაადაცურებას-გადალივლივებას, მზის ათასფერი კაბა ფრიალებდა საავსე მინდორზე!

მოწიწებით ვიდექით ჩუმად გარინდებულები, ადამიანისა და ბუნების შრომისა და შემოქმეედების ამ საოცნებო ზღვის წინაშე, შევყურებდით, ვხაარობდით, ამაგს ვგრძნობდით და გულში კაცობის ნათელი დგებოდა.

მახსოვს, საახალწლო თონეში ჩემთვისა და ჩემი ძმებისთვის ნაზუქთან ერთად ცხვებოდა:ბასილა,პურის გუთანი,ბარები,წალდები,ცულები,ჭიგოები!_მაგრამ ყველაზე მეტად კი პურის ხმლები!გოგოებიც არა რჩებოდნენ უპატიოდ:მათთვისაც აცხობდნენ:პურის ჯარას,თითისტარს,ფურის ძუძუს,კათმის კლანჭს.

ყოველივე ეს ბავშვობიდანვე შთაგვაგონებდა შრომის სიყვარულს.

თუმც ჩემთვის დედას კალამი არ გამოუცხვია, მაგრამ ასე მგონია, პურის კალამი მიჭირავს ხელთ და იმ ქართული პურის მადლითა და სიმართლით ქაღალდზე გადამაქვს ის, რაც დამავალა დედამ და ჩემმა მშობელმა ხალხმა!

ისევ პატარძეულში აივანზე ვდგავარ…

ჩვენს შარაზე მიდი – მოდიან წარსულის აჩრდილები, ჩითისკაბიანები, თავშალიანები, ფარაჯიანები, ტყაპუჭებიანი, ქალამნებიანი.

გადავძახი:

– გამარჯვებათ, მეგობრებო, მეზობლებო, გამარჯვებათ! ვეღარ მიცანით? მე ხომ

ის პატარა ბიჭი ვარ იისთვალება, ყვითელქოჩორა, ლოყებ-ატკრეცილი თქვენს შორის რომ დავრბოდი! მე ისა ვარ, თქვენს კევრზე რომ ვიჯექი, თქვენი გუთნის საყევარის უღელზე, თქვენს ურემზე რომ დაგდევდით მინდორსა თუ ვენახში!

მე ის ვარ, წიგნებს რომ გიკითხავდი; თქვენგან რომ ვიწერდი შაირებს, გამოცანებს, სიმღერებს!

-აღარ გახსოვართ?

-ამოდით, ამოდით ჩემსას, აივანზე, ნუ გერიდებათ!

ამოდით აჩრდილებო, თამამად და თქვენი მძლავრი სიტყვით მომიყევით ყველაფერი!

მე ხომ თქვენ უბირ ცხოვრებასა ვწერ და ამ წიგნში გამოუცდელი პროზაიკოსის ხელით; მე ხომ მხოლოდ თქვენ გიგონებთ…

ამოდით, ამოდით. მეზობლებო, მეგობრებო! ვიცი, აღარ ხართ, მაგრამ როდი წარეცხილხართ ჩემი გულიდან, ისევ მეცნაურებით!

ყველანი მახსოვხართ!

მე ხომ თქვენით გავეცანი ცხოვრების სიტკობასა თუ სიმწარეს!

თქვენ იყავით ჩემი პირველი მასწავლებელნი!

ოჰ, თქვენც აქა ხართ, ნინუცი, გაიანე, მაგდა, მართავ, – ჩემო მეზღაპრეებო! რა უცნაურად გაიპარენით: რა უნანებლად დასტოვეთ აკვანი და ჯარა, ბოსტანი და თონე, ვენახი და მინდორი! დამიწებულებო, უღმერთო ჯაფით და დაწრეტილებო, როგორც მკერდს ჩაიკრავდით თქვენს ბალღებს, ახლა ისე მიჰკრიხართ მშობელ მიწას!
თქვენც ხომ მისი ნაწილი ხართ!

თქვენ აღარა ხართ ,მაგრამ ისევ იცინის დილა პატარძეულში:

ისევ იპენტებიან ნუშის, ატმის, ვაშლის, მსხლისა და ტყემლის ყვავილები!

თქვენს ეზოებში ახლა სხვა დიასახლისები ფუსფუსებენ თქვენს ნაცვლად და არც კი იციან რომ ოდესღაც აქ შრომობდით, ჩემო საყვარელო ადამიანებო!

-ამოდით, ამოდით, ჩემთან აივანზე, მეგობრებო, მომაგონეთ, შთამაგონეთ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge