Powered by Jasper Roberts - Blog

16:42 02.03.2017
გიორგი ჩიტაურმა ახალი პროექტი - „ჩემი საქართველო აქ არის“ დაიწყო

მომღერალმა გიორგი ჩიტაურმა მეგობრებთან ერთად, ახალი პროექტი „ჩემი საქართველო აქ არის“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონს მოივლიან.

 

პირველი კონცერტი 24 თებერვალს, ლაგოდეხში ჩატარდა.  


„ჯორჯიან თაიმსი“ პროექტსა და სამომავლო გეგმებზე, ორგანიზატორ - გიორგი ჩიტაურს ესაუბრა:


„პროექტის  ფარგლებში  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩავალთ და  კულტურულ ღონისძიებებს ჩავატარებთ. ჯერ-ჯერობით საღამოებს დარბაზებში ვატარებთ, რომ შემდეგი ღონისძიების ხარჯები, რომლებიც ღია ცის ქვეშ ჩატარდება, დავფაროთ ხოლმე. ბოლოს უკვე ვაპირებთ, რომ დასკვნითი ღონისძიება თბილისში გავაკეთოთ.


ასეთ პროექტებს მედია არ გვიშუქებს. მაღალი კლასის მომღერლები რომ ატარებენ კონცერტებს, მათთან დადიან. ჩვენ სხვა მიზანი და შემართება გვაქვს, ერთ დღეს მოვიდნენ და ნახონ ქართული სულის ზეიმი სად არის!“ - ამბობს ჩიტაური.  

 


პროექტი, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს, ნიჭიერი ახალგაზრდების  გაცნობას და პოლულარიზაციას ისახავს მიზნად.


 

„ჩვენ ვიყავით ლაგოდეხში, ახმეტაში,  ფაქტობრივად მთელი კახეთი მოვიარეთ. დასავლეთ საქართველოშიც გვქონია ღონისძიებები. ასევე,, უამრავი საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორები ვართ.


უახლოეს მომავალში მარნეულში უნდა გვქონდეს კონცერტი, იქ ეთნიკურად განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ და ჩვენ სწორედ მათ ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ  საკუთარი ნიჭი გამოავლინონ. ასე ერთმანეთს ვეცნობით და შემდგომ უკვე მარნეულიდან მიგვყავს დასავლეთში, და პირიქით,  ასე ერთგვარი გაცვლითი პროგრამასავითაა ეს პროექტი.

მიზანი გვაქვს ერთი, რომ ამ ნიჭიერი ახალგაზრდების გაცნობა მოხდეს საზოგადოებისათვის“, - ამბობს ჩიტაური.

 


პროექტი „ჩვენი საქართველო აქ არის“ მხოლოდ მომღერლების აღმოჩენას არ უწყობს ხელს. ღონისძიებაზე ასევე გამოდიან პოეტები, მოცეკვავეთა ანსამბლები და ა.შ.

 

 

„ჩვენს პროექტში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა პოეტები, ცეკვის ანსამბლები.  ვალეში, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს, აღმოვაჩინეთ კოტე დემეტრაძე, თბილისში - ხვიჩა გამცემლიძე და უამრავი ასეთი სხვა. ჩვენ ვეძებთ ყველა კუთხით,-ეს იქნება  სიმღერა, ცეკვა, პოეზია, თუ სხვა. ძალიან ბევრი ადამიანი ერთვება უკვვე  ჩვენს ღონისძიებაში“, - აცხადებს გიორგი  ჩიტაური ,,ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში. 

 


სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში კონცერტები საქართველოს ფარგლებს გარეთაც იგეგმება. მარტის ბოლოდან, პროექტის ეგიდით, კონცერტები იმ ქვეყნებშიც იგეგმება,  სადაც ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი ცხოვრობს.

 

„ემიგრანტებთანაც ჩავდივართ. მარტის ბოლოს ვგებმავთ საბერძნეთში ჩასვლას. ხოლო, მარტში, აპრილსა და მაისში, ევროპის რამდენიმე ქვეყნის მოსწრება გვინდა. სავარაუდოდ, ეს ქვეყნები იქნება საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.


 

მომღერალი პროექტის ხელშეწყობისთვის მხარდაჭერას  ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.


 

„მოვუწოდებთ ადგილობრივ ხელისუფლებას, გამგეობას, მუნიციპალიტეტებს, კულტურის სახლებს, რომ მხარი დაგვიჭირონ ამ პროექტში, დაგვიდგნენ გვერდში, რომ მივცეთ ამ ადამიანებსაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი რომ შემდეგ, ეს ნიჭი  ჩვენი ქვეყანას მოახმარონ“, - ამბობს ჩიტაური.


 

შეგახსენებთ, რომ  მარტში, პროექტის „ჩვენი საქართველო აქ არის“ ფარგლებში, დაახლოებით ხუთი კონცერტი იგეგმება.

 

 


ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge