Powered by Jasper Roberts - Blog

13:48 01.03.2017
"ნატო-რუსეთის დაპირისპირება შავ ზღვაში გადმოდის" - ვლადიმერ ჩაჩიბაია

 

თებერვლის შუა რიცხვებში ბრიუსელში ნატოს სამიტზე მიიღეს ორი გადაწყვეტილება, რომლებიც ეხება შავი ზღვის რეგიონს და გარკვეულწილად - საქართველოს მომავალსაც. პირველი გადაწყვეტილება ითვალისწინებს ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების ვიზიტების გახშირებას შავ ზღვაში, მეორე კი შავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებსა და ალიანსის საზღვაო დაჯგუფებას შორის კოორდინაციის სისტემის შექმნას. ბრიუსელში არ მალავენ, რომ შავ ზღვაში ალიანსის საზღვაო შესაძლებლობების გაზრდის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთმა მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი შავი ზღვის ფლოტი, თუმცა ალიანსის ხელმძღვანელობას არ სურს, აღიაროს, რომ მისი რეაგირება გარკვეულწილად დაგვიანებულიცაა. (...)

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დასაყრდენი შავ ზღვაში არის თურქეთი, რომლის საზღვაო ძლიერება ალიანსის კიდევ ორი წევრის - რუმინეთისა და ბულგარეთის საზღვაო ძალების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აღემატება. თუმცა იმის გამო, რომ ანკარას მოსკოვთან კარგი ურთიერთობა აქვს, საეჭვოა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შავ ზღვაში გასაძლიერებლად თურქეთის სამხედრო ფლოტი გამოადგეს. რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ისე გასაძლიერებლად, რომ როგორმე რუსეთის შავი ზღვის ფლოტს გაუტოლდეს, ნატოს ძალიან დიდი ფინანსური სახსრების მოძიება დასჭირდება, რაც ამ ეტაპზე ძალზე რთულია, რადგან ალიანსის რიგი წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტები მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ნაკლებია. ბრიუსელში, ნატოს სამიტზე, ამერიკულმა მხარემ ტყუილად როდი მოსთხოვა ალიანსის ევროპელ პარტნიორებს თავდაცვის ბიუჯეტების მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზრდა მაინც, რათა ალიანსის დაფინანსება, ძირითადად, ისევ აშშ-ის ხარჯზე არ გაგრძელდეს. (...)

 

ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი:


უპირველესად მოვახდინეთ ქვედანაყოფების სტანდარტიზაცია. ლაპარაკია ოცეულის, ასეულისა და ბატალიონის დონის სტანდარტიზაციაზე, ანუ სტანდარტული გვყავს ქვეითი ქვედანაყოფები, ჯავშანსატანკო მექანიზებული ქვედანაყოფები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე, ფაქტობრივად, ყველა დონეზე ქაოსი იყო. მთავარია, ათეულისა და ოცეულის ქვედანაყოფები მოვამზადოთ იმ საბრძოლო პროგრამებით, რომლებიც თავდაცვის გეგმებისთვის გვჭირდება. ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, ზოგიერთ რამეზე უარი ვთქვით, რადგან არსებობს ომის გამოცდილება და არ ვაპირებთ, ისეთი შეიარაღება შევინარჩუნოთ, რომლის გამოყენების უნარი არ გვექნება (...)


ხშირად გვეკითხებიან, რატომ არ გვინდა მოიერიშე cy-25-ების შეიარაღებაში დატოვება. ამას რამდენიმე პრობლემა ახლავს თან და ერთ-ერთი მათი საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნებაა. ამ მოიერიშეების სათადარიგო ნაწილების მთავარი ბაზარი რუსეთია, რომელთანაც წვდომა არ გვაქვს და მეორე, - რამდენად ეფექტიანად გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობები 2008 წელს... საქართველოს უმთავრესად ორი საფრთხე ემუქრება: მეზობელი ქვეყნისგან ან არაკონვენციური საფრთხე, როგორიც შეიძლება იყოს 10-15-კაციანი ტერორისტულისმაგვარი ბანდიტური დაჯგუფება, რომელმაც შეიძლება საზღვარი გადმოკვეთოს და სადმე საფრთხე შექმნას. ვიცით, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ჩვენს ავიაციას შანსი არა აქვს, რომ ჰაერში აფრინდეს, განსაკუთრებით იმ რეალობიდან გამომდინარე, როდესაც მათი საჰაერო თავდაცვის საშუალებები მაქსიმალურ სიღრმეში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიებზეა წამოწეული და აფრენიდან 10 წუთი საკმარისი იქნება, რომ ნებისმიერი ჩვენი საფრენი აპარატი ჩამოაგდონ. მეორე საფრთხის შემთხვევაში, არაკონვენციურ საფრთხეს ვგულისხმობ, „სუ-25 არ დაგვჭირდება. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომელთაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვთ.

 

შეკითხვაზე - აპირებს თუ არა გენშტაბი დელტას ბაზაზე ეროვნული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას და რა მეთოდებით? - ვლასდიმერ ჩაჩიბაი პასუხობს:


თავდაცვის სამინისტროსთან იყო საუბრები, თავის მხრივ, სამინისტრო ესაუბრა დელტას ხელმძღვანელობას და ჩვენ აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებთ, მეტიც, დიდგორების თაობაზე ჩვენ გამოკვეთილი პოზიცია გვაქვს. გვინდადიდგორები ჩვენს შეიარაღებაში შევიყვანოთ, ოღონდ მოდერნიზებული და გაუმჯობესებული სახით. სამედიცინო, კავშირგაბმულობა და სადაზვერვო - ეს სამი მიმართულებაა, სადაც ამ ტიპის ჯავშანმანქანებს გამოვიყენებთ, მაგრამ არც სხვა ტიპის შეიარაღების გამოყენებასაც გამოვრიცხავთ. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება დღეს და ხვალ, თუმცა "დელტასთან" თანამშრომლობა გადაწყვეტილია. (...)

 

რაც შეეხება საქართველო-ნატოს თანამშრომლობას, ეს წელი ძალზე დატვირთული იქნება. გაგრძელდება ერთობლივი სწავლებები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და უშუალოდ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან ერთად. ალიანსის ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩა გასულ წელს ქართულ პოლიგონებზე ჩატარებული ერთობლივი სწავლებების ხარისხით და სურს, გააგრძელოს ეს ტრადიცია. რაც შეეხება ავღანეთის მისიას, ჩვენი ჩართულობა, ჯერჯერობით, ძველი ფორმატით დარჩება. 2018 წლის გაზაფხულიდან გადავხედავთ ჩვენი მონაწილეობის შესაძლებლობებს, რადგან "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შემდგომი ფორმატი უნდა გადასულიყო პოლიციური დანიშნულების მისიაში, რომელსაც სჭირდებოდა დაცვა ბაზებზე და სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების ყოფნა. მალე გამოჩნდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ალიანსი ავღანეთში მისიის შემდგომი გაგრძელების თაობაზე."

ავტორ(ებ)ი : არსენალი