Powered by Jasper Roberts - Blog

13:31 01.03.2017
ცხოვრება კონფლიქტის ზონაში: გორის რაიონი

(შემოკლებით)

 

ცხინვალიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში სოფელი ნიქოზია, ომის დროს დაბომბილ-გაძარცული. მაშინდელი კვალი ახლაც ეტყობა. სახლების დიდი ნაწილი აქ დღესაც ისევე გამოიყურება, როგორც 2008 წლის აგვისტოში და უმრავლესობა მიტოვებულია. როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, ბევრი აღდგენას აღარ ექვემდებარება. არის კიდევ ერთი მიზეზი - რეაბილიტაციისთვის ხელისუფლების მიერ გაღებული თანხები საკმარისი არ აღმოჩნდა, - ნათქვამია სტატიაში.

 


სოფლის შესასვლელში ქართველი ძალოვნები დგანან, მაგრამ გორი-ნიქოზის რეისის მიკროავტობუსის მძღოლს ცნობენ და არ გვაჩერებენ... ნიქოზსა და მის გარშემო სოფლებში პრობლემები უამრავია, ყველა წვრილმანი თუ "მსხვილმანი" ადგილობრივებს მცირედ ბიძგს აძლევს, რომ იქაურობა დატოვონ. ზოგმა ამ ბიძგებს ვერ გაუძლო, ზოგმა კი როგორღაც გადალახა. ზამთარია და ისედაც მცირემოსახლეობიან კონფლიქტის ზონაში, თოვლიან და მოყინულ ქუჩებში, ადამიანის ჭაჭანება არ არის. აქ ბავშვის ხმის გაგონება დიდი ბედნიერებაა, რადგან ზემო და ქვემო ნიქოზში, ფხვენისსა და შინდისში, სულ რამდენიმე ოჯახია, სადაც ბავშვები ცხოვრობენ. უმეტესად მხოლოდ მოხუცებიღა დარჩნენ... აქაურების თქმით, "საზღვარზე" ცხოვრება რთულია. საერთო გასაჭირის, მავთულხლართებისა და მოძრავი საზღვრის გარდა, ადგილობრივები სხვა პრობლემებსაც უხვად აწყდებიან. ყველაზე მთავარი არასტაბილური შემოსავალია, ამიტომაც არ ჰკიცხავენ მათ, ვინც გორს ან თბილისს შეაფარეს თავი, - აღნიშნავს გამოცემა.

 


ახლა კიდევ არა გვიშავს, იმ წლებში, როდესაც კოკოითის ხელისუფლებამ წყალი გადაგვიკეტა, ისეთ დღეში ჩავცვივდით, დღესაც არ ვიცი, როგორ გავუძელით... პაპანაქება სიცხეში უწყლოდ დავრჩით. ბაღებში ხეხილი და ნარგავები გაგვიხმა... ახლა, როგორღაც ვახერხებთ და არხებით ვსარგებლობთ. ბევრს ხეხილის ბაღები მავთულხლართებს მიღმა დარჩა, ისევე როგორც საძოვრები. საქონელს მშიერს ხომ არ დავხოცავდით, ამიტომ ძალიან ბევრმა გაყიდა... თუ სოფელში მეურნეობა არა გაქვს, მშიერი მოკვდები, ამიტომ უნდა ადგე და ქალაქში წახვიდე... ადრე, 2008 წლის ომამდე, ოსებიც გადმოდიოდნენ და ჩვენც ვახერხებდით იქით გადასვლას, ხან პროდუქტს ვყიდდით, ხანაც ჩვენი ქალები `ლილოს~ საქონელს ეზიდებოდნენ და როგორღაც ვუძლებდით გაჭირვებას. ახლა მავთულხლართებით გაგვყვეს და ერთმანეთს ტელეფონითაც კი ვერ ვუკავშირდებით... იქითაც ძალიან უჭირთ. 2008 წლის ომის შემდეგ ვითარება უარესობისკენ შეიცვალა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიქოზის მკვიდრი ზურა და შეკითხვაზე - "2008 წლის ომის დროს აქ იყავით?" - პასუხობს:

 


"დიახ. დაბომბვები, რომ დაიწყო, მაშინაც. მთელ სოფელში ათი კაციღა იქნებოდა დარჩენილი... როდესაც მონასტრის ტერიტორია დაბომბეს, რუსეთის მოიერიშეები იმდენად ახლოს დაფრინავდნენ, რომ მონასტრიდან ერთი კაცი გამოსულა და ის დაულანდავთ, მაშინვე ჩამოყარეს ბომბები, ამ კაცმა წამებში გამოასწრო. დაბომბვის წნევის ძალამ კარი ჩამოაგდო. მხტუნავი ბომბები ჩამოყარეს. ნამდვილი ომი იყო, მაგრამ გავუძელით... შემდეგ, როდესაც სიტუაცია ცოტათი ჩაწყნარდა, გამოვიპარეთ. აქ რუსები იყვნენ, მაგრამ რა გული გაგვიძლებდა, მაინც შემოვედით. რა განსხვავება იყო, იქ ამათზე დარდით მოვკვდებოდით თუ აქ რუსები დაგვხოცავდნენ".

 


"რუსების, ძირითადად, სამი კატეგორია იყო, - ძალიან თავხედები და აგრესიულები, რომლებიც წარამარა ავტომატს ატკაცუნებდნენ და სასმელს ითხოვდნენ. მერე თვრებოდნენ და ვაშლის ბაღებში ეძინათ; ნორმალურები, რომლებთანაც საუბარი შეიძლებოდა, და ისინიც, რომლებიც აგრესიულების დამშვიდებას ცდილობდნენ და გვაფრთხილებდნენ, მათ პირისპირ არ შევხვედროდით... იყვნენ ისეთებიც, ვინც ჩვენს დახმარებას ცდილობდნენ. დამშეულები იყვნენ და სახლში რომ შემოდიოდნენ, სულ თვალებს აცეცებდნენ. ერთი მათგანი კონტრაქტით მსახურობდა. ჩვენს მეზობელს გამოსაუბრებია და უთქვამს, თქვენ გგონიათ, მე მიხარია ეს ყველაფერი, უდანაშაულო ხალხის შეშინება და იარაღის ჩხარუნი, მაგრამ რუსეთში სამუშაო არაფერია და ოჯახი ხომ უნდა ვარჩინო, ამიტომ წავედი კონტრაქტით სამსახურშიო. ერთი რუსი ჯარისკაცი ერთ ოჯახს მიეკედლა, მუდმივად იქ იკვებებოდა და წასვლისას მათ ღობეზე დაწერა, მრცხვენია, რომ აქ ვიყავიო... თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ისინი მაინც ოკუპანტები იყვნენ ჩვენთვის და ისე ვექცეოდით, როგორც დამპყრობელს და ამას ხვდებოდნენ...", - დასძენს რესპონდენტი.

 


"ნიქოზში სტუმრად ვარ, ჩვენც იგივე პრობლემები გვაქვს. ძალიან უჭირს ხალხს, მთავრობის დახმარების გარეშე აქ რამის მიღწევა ძნელია. სოფელში სამსახური არავის აქვს, თუმცა, მადლობა ღმერთს, დავბრუნდით და სახლებში გაჩერება საშიში აღარაა. 13-14 წლის ქალ-ვაჟი მყავს, ამ წლის დასაწყისში გორიდან ჩვენთან გადმოვიყვანეთ, მერეთის საჯარო სკოლაში დადიან, მაგრამ აქაც პრობლემაა - ტრანსპორტი არ მოძრაობს, რის გამოც ბავშვებს 4 კილომეტრზე წინ და უკან სიარული ფეხით უწევთ. ახლა კიდევ არა უშავს, მაგრამ ზამთარში?! მავთულხლართებს რომ აბამენ, ზოგჯერ მეშინია კიდეც, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავების იმედი მაქვს; არადა, ქართველებს და ოსებს ნათესაობა გვაკავშირებს, დაბალი ფენის ხალხს გასაყოფი საერთოდ არაფერი გვაქვს", - ამბობს ჟურნალის კორესპონდენტთან საუბრისას მერეთის მკვიდრი ციცინო ელიკაშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი : არსენალი