Powered by Jasper Roberts - Blog

13:51 28.02.2017
,,არასდროს, არავისი არაფერი არ შეგშურდეთ...“ - კახი კავსაძე

მაჩაბლის ქუჩა ბევრ ძველ შენობასა და კიდევ უფრო ბევრ ძველ მოგონებას იტევს. იტევს და ინახავს, ინახავს ისე, რომ შემდეგ მისი ხდება. არ მეგონა, თუ თბილისის ძველ ქუჩებზე მეტად კიდევ რამეს შეეძლო ამდენი ემოციის ერთად დატევა.

როდესაც კარები გაიღო, თვალწინ გრძნობათა მთელი კორიანტელი დამხვდა: სევდა, ბედნიერება, ლამაზი მოგონებები, ახალგაზრდობა, მერე ისევ სევდა, ბაბუის ამპლუაში ყოფნის ბედნიერება. მისი თვალები ბევრ მარტივად ამოსაკითხ და რთულად ჩასაწვდომ ემოციას იტევდა.

კარის ზღურბლთან მრავლისმეტყველი თვალების გარდა სამი სხვადასხვა ადამიანი იდგა. მის თვალებში აგიზგიზებულმა ნაპერწკალმა კახი კავსაძის ბავშვობა გამაცნო, მისაღებში გამოკრულ ელ გრეკოს ნახატებზე საუბრმა კი მისი ახალგაზრდობა წარმომიდგინა, - ის წლები, როდესაც, შიფონისკაბიან ქალბატონებს თავს აწონებდა. ფიზიკურად და მენტალურად დაღლილმა ხელებით და დამაბნეველი თვალებით გადმოსცა თავისი ფეხით გათელილი ცხოვრების არა ერთი ბილიკი. მის თითზე საქორწინო ბეჭედი შევნიშნე, სწორედ ეს ბეჭედი მოგონებათა მთელ რიგს იტევდა. ახლა კი დავრწმუნდი, რომ მისი თვალები იმაზე დიდი და ღრმა იყო, ვიდრე ეს ერთი დანახვით ჩანდა.

ხელებისა და ხმის ტემბრის ცვალებადობა ისე ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს, რომ მისი მოსმენის სურვილს მიმძაფრებდა, მიმძაფრდებოდა იქამდე, სანამ მისი ყველა ისტორიის სიღრმისეულად წვდომის ჟინმა არ ამიტანა. მისი ხმის ცვალებადი ტემბრი, რუსული ენით შელამაზებული ქართული ლექსიკა,  თვალების უბრალოება და ამავდროულად სიღრმისეული ხასიათი მას ხდიდა იმას, ვინც ახლაა. არც მეტს და არც ნაკლებს, - კახი კავსაძეს.

 



„ვიწყებთ
ვიდრე დავიწყებდე, მინდა ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ, ე.ი ახლა დაიწყება ინტერვიუ, ხომ? ეს ინტერვიუ კი არა, ეს არის დაკითხვა. რატომ დაიბადე, როდის დაიბადე, რისთვის მოდიოდი? - ეს დაკითხვაა. ადამიანი ბევრს რომ ლაპარაკობს, ძალიან ბევრ სისულელესაც ამბობს, ამიტომ, მოდი, ჩვენ შევეცადოთ, რომ ბევრი არ ვილაპარაკოთ, რათა ბევრი სისულელე არ ვთქვათ. ცოტა და აზრიანად ვილაპარაკოთ, თუ ვიტყვით სისულელეს, ალბათ ცოტას ვიტყვით, მაგრამ სისულელეს რომ ვიტყვით ამას წყალი არ გაუვა.“ - განაცხადა მსახიობმა ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

 


ომიანობის პერიოდში გათელილიბავშვობის წლები

ძალიან მძიმე ცხოვრება გვქონდა მე და ჩემს ძას, მძიმე ბავშვობა გამოვიარეთ. ომი დაიწყო, მე 1935-ში დავიბადე, ჩემი ძმა კი -1937 წელს. შიმშილი, ომი. დედაჩემი ექიმი გახლდათ.როდესაცსამუშაოდ სოფელში გააგზავნეს, წაგვიყვანა მე და ჩემი ძმა, და საერთოდ, ომის პერიოდში თუ საქართველო ფიზიკურად გადარჩა, სწორედ სოფელმა გადაარჩინა, რადგან იქ იყო ნატურალური პური, კვერცხი... უმძიმესი სიტუაცია იყო.

რაც შეეხება მამას, ის ფრონტზე იბრძოდა. ფაქტობრივად, მე და ჩემი ძმა დედამ გაგვზარდა. როცა დედაჩემს ეკითხებოდნენ, - შენი შვილები როგორ არიანო, პასუხობდა: რავიცი, იზრდებიან და ვირდებიანო...დედასი არ გვეშინოდა, მაგრამ ვერიდობოდით. მეც, როცა ჩემს შვილებთან ვარ, ხელი რომ  შემოვკრა, მათ ღირსებას შევეხები. ასე არაფრით არ შეიძლება... დედაჩემი ხან დაგვიყვირებდა, მამაჩემი მკაცრად გვსჯიდა, მაგრამ ისე აკეთებდა ამას, რომ ჩვენს ღირსებას არ ლახავდა, ისე გვტუქსავდა, რომ ეს მისთვის უფრო ძნელი იყო, ვიდრე ჩვენთვის. ერთხელ ჩემს შვილს, ირაკლის, 5 წლის რომ იყო, წამოვარტყი და დღესაც მახსენებსხოლმე,- იმდენად შეეხო მის ღირსებას, რომ სერიოზულად დაამახსოვრდა...


მე გვიან შევედი სკოლაში, 7 წლის ვიყავი. შემდეგ ქალაქში გადმოვედით, დედაჩემი პედიატრი იყო, ისე გვზრდიდა ორ შვილს, რომ ფაქტობრივად თავი შემოგვწირა. დედაჩემმა ჩემს ხელში დალია სული. როდესაც გულის შეტევა დაეწყო, თვალები სხვანაირი გაუხდა და ძალიან ფხიზლად დაიძახა: „დ ა თ ა შ კა“!  ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მამამ მოაკითხა, რომელიც უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. დახუჭა თვალები, წავიდა... მეც ხმამაღლა დავუძახე : „მადლობთ დედა!“ , რათა გაეგო.

 

სადაც ვყოფილვარ, - სხვადასხვა ქალაქში გასტროლებზე, მამას ყველა იცნობდა და ჩვენც, ყოველთვის ვამაყობდით მისით. დედაჩემი 27-ის იყო, როდესაც მამა ფრონტზე წავიდა. სამაგალითო დედა იყო. შინაგანად ძლიერი ვიყავი, იქიდან გამომდინარე, რომ არ მქონდა მშობლების კომპლექსი. ამ ქვეყანაზე თავისუფლად დავდივარ. ძალიან ძნელია, როდესაც დედაზე ან მამაზე რაღაცას იტყვიან. გინების დროსაც შვილია ამ შემთხვევაში უბედური - ეს ყველაზე სამარცხვინოა. როდესაც რაიმეს ჩავიდენ, პირველი ვფიქრობ,- ჩემი შვილი რას იფიქრებს, რომ მას გული არ ვატკინო.


უმცროს ძმად დარჩენილი იმერი

კიკეთში ყოფნისას, სულ ვიტყუებოდი, რომ იურიდიულზე ვსწავლობდი და გოგონებიც ალბათ, იჯერებდნენ. ტანითდიდი ვიყავი, ვერავინ იტყოდა, რომ მე-7 კლასელს ვგავდი. იმერი ჩემზე 2 წლით და რამდენიმე დღით უმცროსია, ორივე ივნისში ვართ დაბადებულები. როდესაც ის 15-ის გახდა, შემდეგ 20-ის, მაგრამ მაინც უმცროს ძმად რჩებოდა. ახლაც კი ჩემთან უმცროსის პოზიციაშია, ჩემს ძმას, ისევე, როგორც ადრე, ბავშვობის ძმაკაცებიც, როგორც უმცროსს, ისე უყურებენ. ერთხელ ჩემმა მეგობარმა ხუმრობით უთხრა: „იმერ, მომაწოდეო“ , მან კი უპასუხა: „რამე ხომ არ გეშლებაო?“ „კი არ მეშლება, დამავიწყდაო, რომ შენ მოხუცი ხარო...“

 

 

 


ეს ფრაზა ჩემი ცხოვრების მიზანი და წესია“...

დაახლოებით 1 წლის წინ, ახალგაზრდა რეჟისორთან, რუსეთში ფილმი გადავიღეთ,. ფილმს ჰქვია „ჩე-ბე“ (Чёрно-Белый). როდესაც გადაღება დამთავრდა, მან ასეთი რამ მითხრა: „კახი დავიდოვიჩ, თქვენ ძალიან დიდი გამოცდილების კაცი ბრძანდებით, ბევრი გინახავთ, ბევრ ფილმში გითამაშიათ, რას მირჩევდით ცხოვრებაში?“ . მე ვუპასუხე: „არასდროს, არავისი, არაფერი არ შეგშურდეს. შენ კარგი რეჟისორი ხარ, მაგრამ როგორც კი სხვისი შეგშურდება, მაშინვე ცუდი რეჟისორი გახდები. თუ სხვა რეჟისორის ნამუშევარი მოგეწონა, აღიარე ეს! არ მოინდომო, რომ მან ცუდი გააკეთოს, შენ თუ მოგეწონება სხვისი კარგი, დააფასებ და შეაფასებ, შენც შეძლებ კარგი ფილმების გადაღებას.“

ცოტა ხნის წინ, თვალების ოპერაცია გავიკეთე, პროფესორმა მკითხა: „ბატონო კახი, ძალიან კარგად გამოიყურებით და ხომ ვერ გვეტყვით რაშია საქმე?“. იქვე დაუფიქრებლად ვუპასუხე - „არასდროს, არავისი, არაფერი არ მშურს.“ ეს ფრაზა ჩემი ცხოვრების მიზანი და წესია. ისე მინდა  ვიცხოვრო, რომ არავისი არაფერი არ შემშურდეს. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ძალიან შემშურდა  ავთო მახარაძის  მიერ ნათამაშები როლი „ჯაყოს ხიზნებში“. იმდენად მომეწონა მაგის ნამუშევარი, იმ წუთას ვუთხარი, რომ მისი მშურდა. მაშინ ბათუმში თენგიზი „მონანიების“ გადაღებას იწყებდა, ვქეიფობდით და ავთოს ვუთხარი, - დავიბოღმე ისე შეასრულემ-ეთქი.


 

მსახიობობა, როგორც სულისა და გულის ტკივილი

ერთხელ, ბავშვობაში ჩემთვისრაღაცას ვხატავდი.დედაჩემმა მითხრა: ასე არაო და ცხენი დამიხატა, მერე ლომი და  დაიწყო ხატვა. მერე დრო რომ გავიდა, მითხრა, მე სამხატვრო აკადემიაში მინდოდა ჩამებარებინაო, მაგრამ მას არაფრით არ მისცეს ამის უფლება. ბებიაჩემი, რობაქიძის ქალი, ეუბნებოდა, - ექიმი უნდა გამოხვიდეო. დედაჩემი კარგი ექიმი იყო, მაგრამ ამაზე გული წყდებოდა. როდესაც ჩვენმა ნანამ სკოლა დაამთავრა, მითხრა, - არტისტობა მინდაო. ძალიან ჭკვიანი გოგონა იყო და ამიტომაც,  მინდოდა საკომკავშირულზე შესულიყო, იქნებოდა ცეკას მდივანი, თავის თავს მოუვლიდა [იცინის]. როცა გამომიცხადა, არტისტობა მინდაო, ვუთხარი, რომ ეს ძალიან ძნელი პროფესიაამეთქი, მთელი ცხოვრება ეს პროფესია სულში და გულში მხოლოდ ტკივილს და დარტყმებს მოგაყენებსმეთქი, იშვიათად, რომ იცინო. დარტყმები კი ყოველ სპექტაკლამდე, ყოველი სპექტაკლის შემდეგ გექნებამეთქი. ,,კიო“ - ასე მითხრა. მეც დავთანხმდი, დედაჩემის მაგალითიდან გამოვდიოდი და არ ვათქმევინე, რომ ხელი შევუშალეთ. რაც შეეხება ირაკლის, ხელი მისთვისაც არ შემიშლია. მთელი ცხოვრებადაამახსოვრდებოდა და იტყოდა, - მამაჩემმა ხელი შემიშალაო. მასაც იგივე ვუთხარი, - ბედნიერება იშვიათად გეწვევამეთქი. ირაკლიმაც მითხრა, რომ გავუძლებო. როდესაც თეატრალურზე შევიდნენ,  უკვე დასერიოზულდნენ. წუწუნს რომ დაიწყებდნენ, ვეუბნებოდი, - გავათავოთ წუწუნი, შენ თანახმა იყავი დარტყმებისთვის.

 

 

რაც შემეხება მე, არტისტობას არ ვაპირებდი. თეატრალურზე როდესაც შევედი, ხორავა და ვასაძე კომისიაში იყვნენ, თორემ არც მიმიღებდნენ, ისეთი საშინელი მეტყველება მქონდა. კოტე მახარაძე აღმოჩნდა ძალიან კარგი პედაგოგი. რა არის საჭირო არიტისტისთვის? - ხშირად მეკითხებიან. ამისთვის საჭირო იღბალია. თუ ნიჭიერიც ხარ, ძალიან კარგი. იღბალი ხშირ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნიჭიერება. იღბალი ის კი არ არის, თავიდანვე მეფე ლირს ითამაშებ თუ არა. იღბალი არის ის, თუ ვინ იყო შენი პირველი რეჟისორი და შენ, როგორც არტისტს, ვინ დაგელაპარაკა. მეორე - შენი პირველი პარტნიორი ვინ იყო, ანუ ვინ დაგელაპარაკა როგორც არტისტი - არტისტს. მესამე - შენი პირველი პედაგოგი ვინ იყო, ვინც შენ არტისტობა შეგასწავლა. აქაც იღბლიანი აღმოვჩნდი.

 


მახსოვს, იღებდნენ ფილმს: „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, ჩემს გმირს ვეფხია ერქვა. როდესაც ამ ფილმზე დამამტკიცეს, სასინჯი გადაღებები დაიწყო. კამერასთან დადგომა პირველად მომიწია. ამ ფილმზე ცნობილი რუსი რეჟისორი ვარპახოვსკი მუშაობდა. ეს პირველი რეჟისორი იყო, რომელიც დამელაპარაკა, როგორც რეჟისორი -არტისტს. მივხვდი, რასაც მთავაზობდა. ეს იყო რეჟისორი, რომელმაც მითხრა, - თუ რა უნდოდა ჩემგან. დროდადრო მხვდებოდნენ რეჟისორები, რომლებიც ვერ მაგებინებდნენ, რა უნდოდათ...  მე სულ არ მაინტერესებს რას ვთამაშობ, მთავარია როგორ ვითამაშებ. რაც შეეხება ჩემს პირველ პარტნიორს, ეს ჟორა შავგულიძე გახლავთ, რომელიც, ჩემს ბაბუას თამაშობდა. რაღაც დიალოგი გვქონდა, რითაც მოვიხიბლე. ეს იყო კაცი, რომელიც დამელაპარაკა, როგორც ნამდვილი ბაბუა, ეს არ დამავიწყდება... წასვლისას კი ვარპახოვსკის უთხრა: „რა სწორედ მიპასუხაო“, რა კარგად კი არა, რა სწორედ მიპასუხაო. ლეილა აბაშიძეც იყო ჩემი პარტნიორი. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იქ თამაში ვეღარ გავაგრძელე.  ვეღარ ვითამაშე, მაგრამ კინოს ჟინი დამრჩა. ამ როლზე რომ დამამტკიცეს და მერე ვეღარ ვითამაშე, გულში ჩამრჩა...

 

 



რეჟისორობის სურვილი


რეჟისორობაც მოვინდომე და სცენარებსაც ვწერდი. როდესაც რეჟისორობა მოვინდომე, მოსკოვში წასვლას ვაპირებდი, „ვგიკში“. თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძეც ყველა „გიკისტები“ არიან. ახალი თაობა როცა წამოვიდა,თითქმის ყველამ ჩვენი ინსტიტუტი დაამთავრეს: მერაბ კოკოჩაშვილი, ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია ყველანი „გიკისტები“ არიან. დავალებად ნაწარმოებების „გასცენარებას“ მაძლევდნენ.პირველ სცენარს „почему?“ერქვა. ეს მამაჩემის ისტორიას უკავშირდება. როდესაც მამაჩემი დაიჭირეს, დედა გვეუბნებოდა, რომ იქიდან ვეღარ ჩამოვიდოდა, ეგრეც იყო. ხშირად მამასთან „პერედაჩა“ მიგვქონდა, ერთხელაც, უკან გამოგვატანეს. როდესაც მიზეზი ვიკითხეთ, გვითხრეს, რომ უკვე გადასახლებული იყო ციმბირში. დედა, მე და იმერი ვისხედით, დედამ თქვა „ის წავიდაო“. როდესაც ვუთხარი ხომ ჩამოვამეთქი, დედამ მიპასუხა, - ის უკან აღარ ჩამოვაო, მე კი ვკითხე „რატომ?“.სცენარსაც სწორედ ამიტომ „почему?“ [რატომ. - რედ.]  დავარქვი. ანა კარენინაც „გავასცენარე“ ერთხელ. როდესაც ანა კარენინა გადაიღეს, ზუსტად ისე იწყებოდა, როგორც მე მქონდა ჩაფიქრებული. ეს კარგად მახსოვს, ძალიან მონდომებული ვიყავი. ბევრი ვიფიქრე, რა მეკეთებინა ცხოვრებაში და გადავწყვიტე თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება. ძალიან ცუდი მეტყველება მქონდა, ქუჩის ბიჭი, ხულიგანი ვიყავი. როდესაც ინსტიტუტში შევედი, ისეთი პედაგოგი შემხვდა, როგორიც მე მჭირდებოდა. მერე ჩემთვის გავაანალიზე, თუ რა მომწონდა ამ რეჟისორში. ხშირად ვხმარობ ამ სიტყვებს, რომ რეჟისორმა არტისტს თავისუფლება და მუშაობის დროს იმპროვიზაციის უფლება არ უნდა წაართვას, იმ მომენტში უნდა გავაკეთო ის, რაც თავში მომგივა. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც მას მოუვიდა თავში. მე, როგორც არტისტს უნდა მქონდეს ის თავისუფლება, რისთვისაც ვიბრძვი. მე უნდა ვგრძნობდე, რომ მას, რეჟისორს ვუყვარვარ, კეთილგანწყობილი თვალით უნდა მიყურებდეს. რეზო ჩხეიძესთან მქონდა ომი, ვეუბნებოდი ამ ხმალს გაგირჭობმეთქი...


ემიგრაციის დროს განცდილი ტკვილი

ყველგან, სადაც თამაშობ, - შენ ხარ, ხანდახან საკუთარ თავს გაურბიხარ, ხანდახან იმ პერსონაჟში შენი თავი გინდა ჩააგდო.
ერთხელ,ამერიკაში ვიყავი, სადაც, ფილმს ემიგრანგტებზე იღებდნენ. ამერიკელი რეჟისორი, იყო, - მიხანოვსკი. ფილმი ებრაელების ნაკადზე იყო, რომლებიც, მიგრაციაში წავიდნენ. საერთოდ ყველა ვინც კი ემიგრაციაში მიდის და რეჟისორი ხდება, ფილმებს თავისი ტკივილის, განცდებისა და იქ ყოფნის შესახებ იღებს . რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი რომ გააკეთო, როგორც მხატვარმა, როგორც მუსიკოსმა, შენ მაინც ემიგრაციაში ხარ, შენს სახლშიარ ხარ, სახლი ეს სხვაა, სრულიად სხვა განცდაა. ამ სხვაგან ყოფნას რომ გაუძლო, ძალიან დიდი ნერვები, ძალა და ნიჭი გჭირდება. ემიგრაციაში ყოფნას კი ქალი გაძლებინებს, რომელიც იმ სითბოს და სახლს ქმნის , რაც  შენ დატოვე. იქ ყველას სევდა ჰქონდა სახეზე. მთელი ოჯახი ერთად რომ იყოთ, მაინც დიდი სევდაა.

 


 


მე და ბერიკა

მე და ბერიკა ძმები ვართ. სამწუხაროდ, ჯანმრთელობამ უმტყუნა და ჩვენი ინტერვიუს მერე პირდაპირმის სანახავად მივდივარ, ვერ არის კარგად... მასზე ძალიან იმოქმედა თეატრიდან წასვლამ. თენგიზ არჩვაძე, თამარ სხირტლაძეც აღარ არიან თეატრში. ბერიკამ ისე განიცადა ეს ამბავი, მეგონა ვეღარ გაუძლებდა. ძალიან ძნელი გადასატანია, ასი წელი თეატრში რომ ხარ და წასვლა გიწევს. რუსთაველში კი რობერტ სტურუამ თეატრის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ გავიგო  უფროსი თაობიდან ვინმე გაათავისუფლეთ, პირველი თქვენ გაგაგდებო.

თეატრში მომხდარი სასაცილო შემთხვევა

სერგო ზაქარიაძე ჩემი მეტყველების მასწავლებელი გახლდათ. ნუგზარ ჯუღელთან ერთად ინდივიდუალურ გაკვეთილებს გვიტარებდა. ოთახები მორთული იყო დეკორაციებით. ჩვენ სამნი ვიყავით. სერგოს ერთ-ერთი ცნობილი მოთხრობის წაკითხვა უნდა ესწავლებინა. დაიწყო განცდებით კითხვა. „მაინც მომიხდა წასვლა“ თქვა და ცრემლები წამოუვიდა, ერთი საათი კითხულობდა. აბა, ახლა შენ წაიკითხეო. მე შემეშინდა, მის მერე როგორ შეიძლებოდა რამე წაგეკითხა?! ავიღე მოთხრობა და დავიყვირე! დავიყვირე და სკამებს წიხლი დავარტყი, ავღელდი, ერთი სკამი წავაქციე, მეორე გადავაგორე. რა ქენიო, - მეკითხება, წავიკითხე ბატონოსერგომეთქი. ეს წაიკითხეო? თავისი ყველაფერი მოაგროვა, აკრიფა, დაადო თავი და წავიდა. იმის მერე ჩემთან აღარ შემოსულა. როდესაც ჩვენი თეატრის ხელმძღვანელი გახდა, მე უკვე არტისტი ვიყავი. მე და სერგო კარგი ძმაკაცები ვიყავით. ძალიან ვუყვარდი ბატონ სერგოს. როცა გადაღებაზე ვარ, როგორც მინდა, ისე ვიქცევი. მთავარია სხვას გული არ ატკინო, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მთავარი როლი არ გაქვს.

 

 


უცხოელი და ქართველი დიადი არტისტები

პიანისტი ჰოროვიცი. როდესაც პირველად მოვისმინე, თუ არ ვცდები, იტალიაში ვიყავი. მისი უამრავი ჩანაწერი მაქვს. ხოლო, რაც შეეხება ქართველებს, არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, რადგან ყველა ჩემი მეგობარია და  ყველა ძვირფასია.

 აკაკი ვასაძე და აკაკი ხორავა დიდი არტისტები იყვნენ, ეს ხომ ,,გიჟების“ თაობა იყო. სერგო ზაქარიაძე მეტყოდახოლმე : როცა სცენაზე გამოსასვლელად დამიძახებენო, მათ დაზუსტებით იციან, რომ მე მზად ვარო. დიდი დრო გჭირდება იმისთვის, რომ ამას მიაღწიო. შესაძლოა ორმოცი წელიწადიც კი.

 

ხანდახან ვფიქრობ, არისტები პოლიტიკაში რატომ მიდიან?!სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკოსებს საზოგადოებასთან კომუნიკაცია აკლიათ. ჩვენი არტისტების მთავარი ამოცანა კი მაყურებელთან ურთიერთობაა. მე რომ მაყურებელთან სცენაზე გავდივარ, მე  ხომ მათი ნაწილი ვარ, მე ხომ მათთან კავშირს ვამყარებ. თუ დამოუკიდებლად დაიწყებ ბლუკუნს, მაშინ შენი ფასი ნულია. როგორც ჩანს, არტისტებმა უფრო იციან ხალხთან კომუნიკაცია, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შედარებით. ეს ჰიტლერმა კარგად იცოდა. გრიგოლ რობაქიძე ხშირად ამბობდა ჰიტლერზე, რომ, როცა ის გამოვიდოდა სიტყვით, ყველაფერს აზანზარებდა. დააკვირდით, ხელს რომ გაშლიდა, შემოატარებდა ხალხს და მათ აჰიპნოზებდა.არტისტებიც იმიტომ მოდიან პოლიტიკაში, - ეჩვენებათ, რომ ხალხთან კავშირში ყოფნა შეუძლიათ. რამაზმა იცოდა თქმა,- მაყურებელს რომ დავიჭერო, რასაც მინდა იმას ვუზამო, სადაც მინდა იქ მივარტყმევინებ თავსო. ეს კი მხოლოდ დიდ არტისტს შეუძლია.

 

 


ბედნიერების ფორმულა

ბედნიერება შვილებში, შვილიშვილებშია. ერთი პატარა შვილიშვილი მყავს, ირაკლის ქალიშვილი, სულ რაღაცას თამაშობს. მაგათი კარგად ყოფნა ჩემი კარგად ყოფნაა.  ერთხელ ავად გავხდი, გერმანიაში უნდა წავსულიყავი. ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს, არაფერი არ გამოვაო. ძალიან მადლიერი ვარ ივანიშვილის, მე თუ ახლა ცოცხალი ვარ და ჩემს შვილიშვილებს ვუყურებ, ეს სწორედ მისი დამსახურებაა.  ეს მადლიერების გრძნობა არასოდეს არ გამივლის. შვილიშვილებთან ყოფნის გარდა, მათთან თამაშის შესაძლებლობაც ბედნიერებაა. ამიტომ, მე ბედნიერი კაცი ვარ.

 


 

 

 


 გული არ ბერდება...

 

ზუსტად ისე მინდა ახლაც ყველაფერი, როგორც 20 წლის ასაკში. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მე კი მინდა, მაგრამ გავუძლებ?


 ბელა, როგორც დიდი ტკივილი

მე ახლა ის ბეჭედი მიკეთია, რომელიც ბელას ეკეთა. ხანდახან ვიკეთებ, ხანდახან -არა. რატომ მომინდა? რაღაც კავშირის ბრალია.სასაფლაოზე როცა მივდივარ, ვუყურებ, ვუყურებ და ვხვდები, რომ აგერ არის, მეტრნახევარშია ჩემგან, მაგრამ ვერაფრით ვერ შევდივარ კავშირში, იმიტომ რომ ის იქ არ არის. ის სხვაგან არის... მფარველობს იქიდან. როდესაც უკვე მიდიოდა, ასეთი ფრაზა თქვა : „ Я только  буду благославлять тебя от туда.“[მე იქიდან მხოლოდ დაგლოცავ. - რედ.]. მე არ მიყვარს, როდესაც მოხუცები ამბობენ „მიყვარდა“. რა გიყვარდა? რას ნიშნავს ეს?

 

 

ერთხელ, მახსოვს ჩემს ძმაკაცებთან წავიყვანე, ყველას გავაცანი, როგორც ჩემი ცოლი, გაგიჟდა. ეს ვუთხარი და გავათავე საქმე...კაი ვინმე იყო...
ერთხელ „белое солнце пустыни“-ს ვიღებდით, ისე მოხდა, რომ ბელა ჩამოვიდა. იმ ფილმში 11 ცოლი მყავდა, როდესაც გავაცანი ყველას ვუთხარი „познакомьтесь,девочки, моя жена приехала.“[გაიცანით, გოგონებო, ჩემი მეუღლე ჩამოვიდა.]  ყველა გაჩერდა, ბელას დააკვირდნენ და მითხრეს „сейчас мы понимаем почему ты на нас плевать хотел, вот почему ты не смотрел на нас!.“ [ახლა ჩვენ ვხვდებით, რატომ არ გვიყურებდი ზედ, ახლა ჩვენთვის გასაგებია. - რედ.] გადაღებიდან მე და ბელა თვითმფრინავით მოვდიოდით. იქვე ჩამეძინა, მაღვიძებს და მეჩხუბება  „შე უსინდისო შენ! იცი, რომ მე მეშინია, შენ კიდევ დაწექი და უნამუსოდ დაიძინეო!“. მე კი ვუპასუხე, - რა გინდა, თუ ჩავვარდით, ორივე ჩავვარდებითთქო. არაფრით არ დამაძინა. როგორ დამტოვე ფხიზელიო...

 


 

 

უსასრულოდ შეიძლებოდა ბატონ კახისთან საუბარი... ჩაწერა როგორცვე  დამავთავრეთ, ,,ჯორჯიან თაიმსს“ გულთბილად დაემშვიდობა და  ძმას დაურეკა, - „ბერიკასთან“ წავიდეთო.

მიდიოდნენ და თითქოს თანდათან ახალგაზრდობის წლებიც ემატებოდათ...

 

/თეონა ცუცქირიძე/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge