Powered by Jasper Roberts - Blog

17:09 27.02.2017
როგორ წერდა რეზო ჭეიშვილი „ცისფერი მთების“ დიალოგებს

„ორიგინალური ის მწერალი როდია, სხვა მწერლებს რომ არ ჰგავს, არამედ ის, ვის მიბაძვასაც ვერავინ ახერხებს“
 შატობრიანი


„სიკვდილის შემდეგ რომ ვეღარ გნახავ, ამაზე როგორ არ დამწყდეს გული?!“- უცნობი ავტორის ამ ლექსით ეფერებოდა რეზო ჭეიშვილი  მის საყვარელ ქუთაისს, რომელსაც მწერლის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სიკვდილის წინა დღესაც ქალაქში გაისეირნა, მეუღლესთან ერთად უკანასკნელად გაიარა მისთვის საყვარელ ქუჩებში. ერთ-ერთი მეგობარი გვიამბობს, რომ ბოლო დღეებში ხშირად გარდაცვლილ მეგობრებს ახსენებდა. 


 „გაიტანეთ, გაიტანეთ გრენლანდია!!!” – რამდენი ძახილის ნიშანიც არ უნდა დავსვათ, რაგინდ ხმამაღლა არ უნდა ვიყვიროთ, „ცისფერი მთები” დღემდე რელევანტურია. შესაძლოა, მწერლის შემოქმედებაზე საუბარს მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმებით არ უნდა ვიწყებდე, მაგრამ ბატონი რეზოს მოთხრობები, რომანები და ფილმები განუყოფელია, მათი ერთიანობა კი ყველასგან გამორჩეულ, ორიგინალურ, ძნელად მისაბაძი – საფირმო სტილს განაპირობებს. (წყარო: „არილი“) 1961-1992 წლებში რეზო ჭეიშვილი კინოსტუდია „ქართულ ფილმში” რედაქტორად, სასცენარო კოლეგიისა თუ შემოქმედებითი გაერთიანების წევრად, ასევე ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში მან არაერთი სრული თუ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი დაწერა, მათ შორის: „ექსპრეს-ინფორმაცია”, „ყვარყვარე”, „ჩემი მეგობარი ნოდარი”, „სამანიშვილის დედინაცვალი”, „ბზიანეთი”, „ზღვის მგელი”, „ავტოპორტრეტი”, „ფედია”, „გამოაღეთ ფანჯრები”, „გათენების წინ”, „ჭიდაობას რა უნდა” და სხვა. თუმცა „ცისფერ მთებზე” მუშაობა განსაკუთრებულად დაამახსოვრდა.  „სცენარი, როგორც მიღებული იყო, მოსკოვში დამტკიცდა. „რწყილი და ჭიანჭველას” სცენარი რომ გაგეგზავნა, იმასაც უპოვიდნენ მიზეზს და შეასწორებდნენ. ასე რომ, მსგავსი დაბრკოლებების გადალახვა ჩვენთვის დიდ სიახლეს არ წარმოადგენდა. მსახიობების შერჩევის პროცესშიც აქტიურად ვიყავი ჩაბმული. ეს საქმე თანამდებობრივადაც მევალებოდა და მორალურადაც. სხვათა შორის, ზოგიერთ რეჟისორს არ სიამოვნებს, როდესაც სცენარის ავტორი გადაღებებს ესწრება. ელდარ შენგელაია კი ამ მხრივ განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა. ავტორთან თანამშრომლობა შეუძლია და გამოსდის კიდეც, რასაც დიდად ვაფასებ. თავიდან მოთხრობა იყო „ცისფერი ხიდები”, რომელიც გადაკეთდა „ცისფერ მთებად”. ხანდახან ვჯდები და თვითონ ვკითხულობ, მიკვირს კიდეც. ამბები კინოსტუდიიდან ავიღე. იქ იყო ასეთი სიტუაციები, იქ გროვდებოდა. ვინ არ მოდიოდა, ვინ არ გადიოდა. დერეფანი იყო დიდი და სულ კარს აღებდა ვიღაც, უკითხავად. შემოიხედავდნენ, გაიხედავდნენ…” გადასაღებ მოედანზე იმპროვიზებულ გარემოში უხდებოდათ მუშაობა. ბატონი რეზო თურმე დეკორაციების უკან, ექსპრომტად წერდა დიალოგებს – სწორედ იმ დიალოგებსა და ფრთიან ფრაზებად ქცეულ გამოთქმებს, ლამის რომ გაგვიზეპირებია და ყოველდღიურ საუბარშიც ხშირად ვიყენებთ: „გივი, ჩვენ ვართ, გივი!”, „როდიდან როდემდე მაქვს დალოდების საათები?”, „ყუფარაძეს რომ არ დაერეკა, მაგრამ დარეკა და…”, „თუ იცით, იგავ-არაკებს მიიღებს? არა, მაგრამ უარს არ გეტყვით!”, „ბოდიში, თქვენზე მითხრეს, ლიფტში გაიჭედაო და მართალია?”, „დაანებეთ ჩემს ცოლს თავი!”, „გამაგებინეთ, მე აქ ვარ თუ იქ?”, „მომკლავს ეს ორი სათაური!”… საუბარს ქუთაისის ვაჟთა მერვე საშუალო სკოლის გახსენებით ვიწყებთ: „დღესაც არ ვიცი, რატომ მოვხვდი მაგ სკოლაში, სახლიდან შორს იყო და დიდ მანძილს გავდიოდი ფეხით. სკოლის ეზოდან რიონამდე კიბე ჩადიოდა. ცელქი ვიყავი, გაკვეთილებიდან ხშირად ვიპარებოდი საბანაოდ, რა თქმა უნდა, ბიჭებთან ერთად. ქალის მდინარეში ბანაობა მიუღებელი საქციელი იყო. ისიც მახსოვს, საკლასო ოთახის ფანჯრებიდან რომ ვუყურებდით, ალპინისტივით როგორ ავიდა ერთი კაცი ეკლესიის გუმბათზე და ჯვარი გადახერხა. ეს ის დრო იყო, ეკლესიები საწყობებად რომ ჰქონდათ ქცეული, მოქმედ ტაძრებში კი სიარული იკრძალებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა, ჩემს ყოფილ სკოლაში ეპისკოპოსის რეზიდენციაა განთავსებული. ბაგრატის ტაძარში წირვა-ლოცვა აღდგა, რაც ძალიან მახარებს და ტურისტი კიბით ავა თუ ლიფტით დასათვალიერებლად, ეს მეორეხარისხოვანია. მომწონს ჩვენს ხალხს პატრიარქის პატივისცემა და რიდი რომ აქვს. პატრიარქი ბავშვებს რომ ნათლავს და ქართველები მრავლდებიან, ეს საქმეც ძალიან მაიმედებს. ვაჟთა მერვე სკოლა ებრაელების უბანში მდებარეობდა. სკოლის მახლობლად ორი სინაგოგა ახლაც დგას. თუმცა, დღესდღეისობით, აკლდამებივით გამოციებულა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრმა ებრაელმა დატოვა ქუთაისი. ებრაელების წასვლით დიდი დანაკლისი განიცადა ჩვენმა ქალაქმა. მათ თავისებური კოლორიტი შემოჰქონდათ, იუმორით გამოირჩეოდნენ, ტრადიციებიც საინტერესო ჰქონდათ. მახსოვს, დასაკლავი ქათმები ხახამთან მიჰყავდათ,  სახლში არავითარ შემთხვევაში არ დაკლავდნენ. ცნობისმოყვარე ბავშვი ვიყავი და გადაღმიდან, უჩუმრად ვაკვირდებოდი. ხახამი თავს კი არ წააცლიდა ქათამს, ყელს გამოჭრიდა და სანამ ის სისხლისგან არ დაიცლებოდა, ხელს არ ახლებდა. საიდან მოდის ეს ტრადიცია, ღმერთმა იცის... ჩემს მოთხრობებში „ქარების დაბრუნება”, „მუსიკა ქარში” და სხვა მოთხრობებშიც ებრაელების ადათ-წესზე არაერთხელ დამიწერია.” 

 

1954 წელს რეზო ჭეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწორედ სტუდენტობის წლებში შედგა მისი ლიტერატურული დებიუტი: „ტარიელ კვანჭილაშვილმა და ნოდარ ჩხეიძემ მოთხრობები მომიწონეს, ოთხი აარჩიეს და „პირველი სხივის” რედაქტორს, ბესო ჟღენტს მიუტანეს. თან, შეთანხმდნენ, ბესოს არაფერი ვუთხრათ, არ შევუქოთ, თორემ არ დაბეჭდავსო; არც ვაძაგოთ, რომ არ გვისაყვედუროს, თუ არ ვარგოდა, რას მოგქონდათო. მოკლედ, უსიტყვოდ გადასცეს. იმედი ჰქონდათ, თუ ხმას არ ამოიღებდნენ, ორს მაინც დაბეჭდავდა. დილით, უნივერსიტეტში მოსულ რედაქტორს უთქვამს, ოთხივე გავა მომავალ ნომერშიო. რა თქმა უნდა, გაუკვირდათ, თუმცა უფრო მეტად გაუხარდათ.”  სტუდენტობის დასასრული 60-იანი წლების დასაწყისს დაემთხვა. კარდინალური ცვლილებების, საინტერესო აღმოჩენების, მოდური ტრენდების, მოკლედ რომ ვთქვათ, კულტურულ-სოციალური რევოლუციის ხანა იდგა. სსრკ-ის საზღვრებში მართალია ნელი ტემპითა და მცირე დოზით, მაგრამ მაინც აღწევდა სიახლე: „აღწევდა ევროპიდან რუსეთში, მოსკოვიდან და პეტერბურგიდან საქართველოში. 60-იანები გარდატეხის წლები იყო, რომელთან შეგუებაც უფროს თაობას, ცოტა არ იყოს, გაუჭირდა, მათ ახალგაზრდების სითამამე და სილაღე აღიზიანებდათ. მაგნიტოფონები გაჩნდა, ახლებური მუსიკა შემოვიდა. მერე თანდათან გზებიც გაიხსნა. სხვადასხვა დაჯგუფებები იქმნებოდა: იყვნენ „სტილიაგები”, ჩემო ბატონო; „სპორტსმენები”, „ლოთები” თავისთავად… „ლიტერატორებიც” ვიყავით…”


* * *
…„კაპიტანი ზედა სადგურზე გვიბარებს!” – ჩამოურეკავენ ხოლმე ბიჭები ერთმანეთს, შეიკრიბებიან და გზას დაადგებიან. არ იფიქროთ, რომელიმე მოთხრობის ნაწყვეტს ან ფილმის პასაჟს გახსენებდეთ, ამჯერად ნამდვილ ამბავს გიამბობთ: კაპიტანი რეზო ჭეიშვილი გახლავთ. როგორც თავად ამბობს, „პარახოდი რო პარახოდია, იმასაც სჭირდება კაპიტანი” და „ტყის საძმოს” ხომ არ დატოვებდნენ კაპიტნის გარეშე? „ტყის საძმო”... მასში ბატონი რეზოს მეგობრები გაერთიანებულან. კოდექსიც შეუქმნიათ – „ტყის კოდექსი”, რომლის მიხედვითაც, კაპიტნის ბრძანება კანონია. ტყის საძმოს მოსამართლედ შალვა კვარაცხელია დაუნიშნავთ. „თხუთმეტი წლის წინ, იანვრის დასაწყისში, ტყეში გავისეირნეთ. ისეთი კარგი დარი იდგა, ჩრდილს ვეძებდით. მაშინ დავთქვით, ყოველი იანვრის მეორე შაბათ დღეს, როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, ტყეში გავიდეთ, ყოველგვარი კომფორტის გარეშე და ვიპურმარილოთ. დათქმულს პირნათლად ვასრულებთ... ამ ღონისძიებას მოკლედ „პურტყე” ჰქვია, ანუ პურის ჭამა ტყეში. „პურტყე”, როგორც წესი, თავგადასავლების გარეშე არ ჩაივლის. ერთხელ დავიკარგეთ კიდეც, გზა აგვებნა და ტყის მცველმა გადაგვარჩინა. იმდენი ვიხეტიალეთ, ჩემმა მეგობარმა, თორნიკე ერისთავმა, ფეხსაცმელები დაკარგა. ვამხნევებდი, ექსტრემალურ პირობებში არაფერი მოგივა, არ იდარდო-მეთქი და ასეც მოხდა. არ გაცივდა, გადარჩა. ერთხელ, დილაადრიან, მონადირეები გადაგვეყარნენ და დავაფრთხეთ. გაკვირვებულები გარბოდნენ…”

 

წყარო: "თბილისელები"

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge