Powered by Jasper Roberts - Blog

21:22 26.02.2017
მე ცოდვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შეგთხოვთ აღავლინეთ თქვენი ლოცვა ღვთის წინაშე და შემინდეთ მე შეცოდებანი ჩემნი ნებსითი და უნებლიე

მე ცოდვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შეგთხოვთ აღავლინეთ თქვენი ლოცვა ღვთის წინაშე და შემინდეთ მე შეცოდებანი ჩემნი, ნებსითი თუ უნებლიე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც შენდობის ლოცვა აღავლინა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მრავალი სასწაული ჰქმნა უფალმა ქვეყანასა ზედა, რომელიც ხელს გვიწყობს ჩვენ სასუფევლისკენ სვლაში. ”ერთ-ერთი უდიდესი სასწაული, რომელიც გზას გვიჩვენებს სასუფევლისკენ, ეს არის შენდობის კვირიაკე. შენდობის კვირიაკე თქვენ იცით, დაწესებულია პირველ საუკუნეებში, იორდანეს უდაბნოებში. ბერები ღებულობდნენ ლოცვა-კურთხევას, შენდობას ერთმანეთისგან და მიდიოდნენ უდაბნოში. მიდიოდნენ აღდგომის საგალობლების გალობით იმიტომ, რომ არ იცოდნენ ცოცხალი დაბრუნდებოდნენ თუ არა. ეს პირველი საუკუნეებიდან დღემდე მოდის და ჩვენ ვასრულებთ ამ შენდობის წესს”, - განაცხადა ილია მეორემ. 

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი, „ღვთისმშობელი გვეწევა ჩვენ და მომავალშიც შეგვეწევა“. ”არ უნდა გაგვიცრუვდეს იმედი, იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა, მომავლის. დიდი მარხვის წინ, ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალი ცოდვა ჩაგვიდენია. ან როგორ ვიტანთ ამდენ ცოდვას, ამდენ განსაცდელს, მაგრამ ღმერთი გავძლევს იმედს და მოთმინებას. მე შევთხოვ უფალს, მოგვცეს ძალა, მადლი, სიყვარული, სიხარული, რომ განსაცდელის დროს არ დავეცეთ მიწაზე. იწყება დიდი მარხვა. ამ დროს უფალი გვაძლევეს ჩვენ მადლს სულისა წმინდისა და სული წმინდა არის უძლურთა მკურნალი. სულიწმინდა შეგვეწევა ჩვენ. არ შეგეშინდეთ, ღმერთი ჩვენთან არის. ღმერთი შეგვეწევა. ბოროტი დაითრგუნება. დღევანდელ დღეს ჩვენ შევყურებთ ცას, შევყურებთ ღმერთს და ვთხოვთ უფალს, შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი ნებსითი თუ უნებლიე. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ბოროტის მატარებელი, უნდა გავთავისუფლდეთ ბოროტებისგან, უნდა განვიწმინდოთ ცოდვებისგან. მე ცოდვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შეგთხოვთ აღავლინეთ თქვენი ლოცვა ღვთის წინაშე და შემინდეთ მე შეცოდებანი ჩემნი ნებსითი და უნებლიე”, -განაცხადა პატრიარქმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge