Powered by Jasper Roberts - Blog

17:21 26.02.2017
,,ბილოქსი ბლუზი“ - პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში - პირველი სექსი, პირველი სიყვარული, პირველი ღალატი

25 თებერვალსნოდარ  დუმბაძის  სახელობის   მოზარდმაყურებელთა  თეატრში „ბილოქსი ბლუზის“ აპრემიერო ჩვენება გაიმართა.

 

ამერიკელი სცენარისტის, - ნილ საიმონის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიული პიესა, რომელიც, შემდეგ რეჟისრომა ორმოქმედებიან სპეკტაკლად აქცია,  ახალგაზრდა ჯარისკაცების დამოუკიდებელი ცხოვრების პირველ ეტაპებს გადმოგვცემს.

 

ქორეოგრაფიული ელემენტებით გადმოცემული პიესა განშორების სევდით, ერთად ყოფნის ბედნიერებითა და ადამიანთა სუსტი თუ ძლიერი მხარეების წარმოჩენითაა გაჯერებული.  მხიარული და ამავდროულად, რელობით დაღონებული ჯარისკაცები, ადეკვატურად შერჩეული ფონური მუსიკა (ბლუზი) და სხვა მნიშვნელოვანი, დამამახსოვრებელი დეტალები, მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. სპეკტაკლში მონაწილეობენ: ნიკა ნანიტაშვილი, გიორგი შავგულიძე, შალვა ანთელავა, გიორგი ჯიქურიძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, ვანო დუგლაძე, გიორგი ყორღანაშვილი, ნინო ანდრიაძე და მარიამ ხუხუნაიშვილი. 

„ჯორჯიან თაიმსი“ სპეკტაკლის დამდგმელ რეჟისორს, - დიმიტრი ხვთისიაშვილს ესაუბრა. მისი გადმოცემით, სპეკტაკლის მოქმედება II მსოფლიო ომის ბოლოს ვითარდება და  ახალგაზრდების პირველ განცდებს ასახავს.


 

 

 

გაგვიზიარეთ, - რა პრობლემებია წამოჭრილი პიესაში და რომელ ეპოქას ასახავს ის?

 

-      ეს პიესა ავტობიოგრაფიულია. 80-იან წლებშია დაწერილი, მოქმედება კი II მსოფლიო ომის ბოლოს, 1945 წელს ხდება. ერთი კონრეტული მაგალითით, - საწვრთნელი ბაზით განზოგადებულია ყველაფერი, რაც კი იგივდება ღირსებასთან, მორალთან, სიყვარულთან და რაც მთავარია დამოუკიდებელი ცხოვრების პირველ შეგრძნებებთან.  აქ სწორედ ის ადამიანები არიან შემოკრებილნი, რომლებიც, ამთავრებენ სკოლას და დამოუკიდებელ ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს დგამენ. სპეკტაკლში პირველი გაუტანლობა, პირველი ღალატი, პირველი სიყვარული, პირველი სექსუალური აქტი გვხვდება. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ თეატრისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, მაყურებლის თვალსაზრისით, გვყავს სამი ასაკობრივი კატეგორია. ამ შემთხვევაში კი 15 წლიდან მაყურებელი მოიაზრება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სპეკტაკლში  გავაკეთეთ შეზღუდვა, რადგან ჯარი ერთგვარი სკაპრეზულობის გარეშე არ არსებობს. მაქსიმალურად შემცირებულად, თუმცა რაღაც დონეზე, ბილწისტყვაობა მაინც გვხვდება. ვფიქრობ, რომ სხვა შემთხვევაში ეს არაბუნებრივი იქნებოდა.

 

 

გაუზიარეთ „ჯორჯიან თაიმსს“ სამომავლო გეგმები

 

-     არაერთი სამომავლო პროექტი გვაქვს. ზუსტად არ ვიცით, ჯერ რომელი თემიდან დავიწყებთ. ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკაზე, კერძოდ - „მგზავრის წერილებზე“ გვსურს აქცენტის გაკეთება, რაც საშუალო ასაკის მაყურებელზე იქნება გათვლილი. აგრეთვე, ბატონ თენგიზ არჩვაძესთან  გვქონდა მოლაპარაკება, რადგან გვინდა რომ საპრემიერო ჩვენებაში სწორედ მან მიიღოს მონაწილეობა.

 

ვფიქრობთ „პროცესის“ დადგმასაც. ქართულ ზღაპრებზეც დავიწყეთ მუშაობა, რაც სამივე ასაკობრივ კატეგორიაზე იქნება გათვლილი. ამ წუთებში რეპეტიციები იაროსლავ სტელმახის ნაწარმოებზე, "ავი ლომისგან დღეს, ვინ გადაარჩენს ტყეს?" მიმდინარეობს, რაც კოტე ყუბანეიშვილის ლექსებით იქნება გაფორმებული, ხოლო ინსცენირებას ოთარ ბაღათურია გააკეთებს. ორშაბათს შეკრება გვაქვს და ჩვენი შტატის რეჟისორების, - გოგა თავაძისა და ნიკა საბაშვილის სამომავლო გეგმები უნდა განვიხილოთ.

 

უკვე თითქმის ორი წელი გავიდა, რაც კოტე თოლორდავა გარდაიცვალა. მასთან დაკავშირებით თუ იგეგმება რაიმე პროექტი? 
ნინო ლეჟავა „დეჟა ვუს“ თავიდან დადგმას აპირებდა...

 

-    ორ კაციან სპეკტაკლში ძალიან ძნელია პარტნიორის გარეშე რაღაც გააკეთო, როდესაც იქ დიალოგზეა ლაპარაკი. გავიხსენოთ, როდესაც უშანგი ჩხეიძე გარდაიცვალა, მისი ხმა ჩაწერილი გვქონდა, მაგრამ ვერიკო ანჯაფარიძემ და მთელმა დასმა მაინც ითამაშეს. ეს ადვილი გასაკეთებელი ნამდვილად არ არის, როდესაც პიესა ორკაციანია. აი ,,კუკარაჩა“ კი შესაძლოა კოტეს ჩანაწერით ითამაშო, რადგან იქ ბევრი მსახიობია.

პრაქტიკულად დღე არ გადის კოტეს გარეშე, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ პიესაში არის მისი როლი. აქ კი ჩნდება ის მთავარი შეკითხვა „რატომ?“...



/თეონა ცუცქირიძე/

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge