Powered by Jasper Roberts - Blog

13:49 25.02.2017
როგორ აცმევდნენ ნატალი პორტმანს ჟაკლინ კენედის ლეგენდარულ კოსტიუმებს - რატომ უნდა ნახოთ ფილმი „ჯეკი “

 

ბიოგრაფიული ფილმი "ჯეკი", აშშ-ს პირველი ლედის, ჟაკლინ კენედის ცხოვრებაზე გვიყვება, ქმრის მკვლელობის შემდეგ...

 

„ჟაკლინ კენედის - სტილის დედოფლად მიიჩნევენ. ის უფრო მეტია, ვიდრე კარგად ჩაცმული ქალი. ის ამერიკული პოლიტიკის ადამიანური სახე იყო“ - ამბობს კოსტიუმების ცნობილი მხატვარი, მადლენ ფონტენი, რომელიც ფილმზე მუშაობდა. რეჟისორს, პაბლო ლარაინს ის შემთხვევით არ მიუწვევია ფილმში. ჯეკი ხომ აღმერთებდა ფრანგულ მოდას....


გათხოვებამდე, ჟაკლინი სორბონში სწავლობდა, შესანიშნავად საუბრობდა ფრანგულად და ძალიან უყვარდა Chanel, Dior და Balenciaga. იმ პერიოდში, ამერიკაში ფუშფუშა კაბებს იცვამდნენ, ფართო მკლავებით. ჯეკი უპირატესობას კომპაქტურ სამოსს ანიჭებდა, გამოკვეთილი სილუეტით... მას შემდეგ, რაც ის პირველი ლედი გახდა, მისი სტილის ტანსაცმელი - ჰიტებად იქცა.

 


ფილმში არის ერთი მომენტი, როდესაც ნატალი პორტმანის გმირი მაღაზიაში შედის, იქ ყველგან მანეკენები დგას — მისი ასლები. რას ფიქრობს ის ამ დროს? ალბათ ამაზე ყველამ თავად უნდა გასცეს პასუხი“ - ყვება ფონტენი.

 


ფილმის სიუჟეტი პირველი ლედის ცხოვრების ოთხ დღეს ასახავს (ჯონ კენედის მკვლელობამდე და მის შემდეგ). რეჟისორს სურდა მსახიობის და პერსონაჟის მაქსიმალური მსგავსებისთვის მიეღწია. თუმცა, ნატალი პორტმანი ცხოვრებაში საერთოდ არ ჰგავს თავის გმირს. ის უფრო დაბალია, ძვალი - თხელი, ვიწრო სახე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მსგავსება ფილმში წარმოუდგენელია. საქმე არა მარტო ნატალის თამაშში, ვარცხნილობასა და მაკიაჟშია, აქ დიდ როლს სწორედ კოსტიუმები თამაშობს. მხატვარი შეეცადა მაქსიმალურად ზუსტად გაეცოცხლებინა ჯეკის გარდერობი.

 


“პირველ რიგში, მე არქივს ჩავუჯექი და ათასობით ფოტო დავათვალიერე. ნანახით ბოლომდე შეძრული ვიყავი, რადგან ჟაკლინის ყოველ ლუქში, ყოველი დეტალი ზედმიწევნით კარგად იყო გათვლილი. მას ბაღში და პლაჟზეც კი იდეალურად ეცვა. იდეალური იყო მისი ვარცხნილობა და აქსესუარები. ყველაზე რთული Chanel-ის ვარდისფერი ტვიდის კოსტიუმის გამეორება იყო, რომელიც პირველ ლედის პრეზიდენტის მკვლელობის დღეს ეცვა. სისხლით დასვრილი ტანსაცმლიანი ჯეკის ფოტოებმა მთელი მსოფლიო შემოიარა.

 

მან ტანსაცმლის გამოცვლაზე უარი განაცხადა და თქვა: „ ყველამ დაინახოს, რაც მათ გააკეთეს..."  - მე დიდხანს ვეძებდი იმავე ფერის იდენტურ ქსოვილს, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, მაქსიმალურად მიახლოებული ვარიანტი ვიპოვე. Chanel-ის ატელიეში კოსტიუმი დაამტკიცეს და აუთენტური ღილები მოგვცეს“ - ამბობს მადლენი.

 

 


ფილმში მხოლოდ ერთი სცენაა, რომლის გასაცოცხლებლად კოსტიუმების მხატვარი საარქივო კადრებს არ დაყრდნობია: ჯეკი საძინებელში ზის და არჩევს კაბებს. ვერაფრით ახერხებს ერთ-ერთ მათგანზე შეჩერებას.

 


ამით რეჟისორს უნდოდა ეჩვენებინა, რომ მას შემდეგ, რაც ჯეკი დაქვრივდა, მან საკუთარი თავი დაკარგა, მის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. ქალს, რომელმაც ყოველთვის იცოდა რა ჩაეცვა და შესანიშნავად ფლობდა სიტუაციას, ვერ გადაუწყვეტია რა ჩაიცვას. აქ, ფანტაზიას გასაქანი მივეცი და ნატალის წინ მკვეთრი ფერის კაბა-კოსტიუმები დავაწყვე, 1950–1960-იანი წლებიდან“.

 


მნიშვნელოვანი როლი უჭირავს აქსესუარებსაც. პირველ ლედის ძალიან უყვარდა კოლიე და საყურეები.

 

 


„ფერებით და ნივთებით, რომლებიც მას გარს ახვევია ფილმში, ჩვენ გვინდოდა გადმოგვეცა ჯეკის ცხოვრების ფერები.- ამბობს ფონტენი. - მოდა მისთვის მანიფესტიც იყო. მისი საშუალებით ის საკუთარ „მეს“ გამოხატავდა“.

 


წყარო: 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge