Powered by Jasper Roberts - Blog

10:18 24.02.2017
კოლუმბიის მორაგბეთა ასაკობრივი ნაკრები მომზადებას საქართველოში გაივლის

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მემორანდუმს გააფორმებს კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ურთიერთგაგების მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის სპორტული დიპლომატიის ინიციატივების შემუშავებას ითვალისწინებს. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე საქართველოში მომზადებას კოლუმბიის მორაგბეთა ასაკობრივი ნაკრები გაივლის. თანამშრომლობის მომდევნო ეტაპი კი სპორტის სხვა სახეობებში სპორტსმენთა და მწვრთნელთა მომზადებას ითვალისწინებს.


ტარიელ ხეჩიკაშვილი(სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): მისასალმებელია სტუმრების ინტერესი საქართველოს მიმართ, ქვეყნისადმი, სადაც თავისუფლად შეიძლება დიდი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების გამართვა და შეკრებების მოწყობა. უკვე მზადაა კოლუმბიის მხარესთან გასაფორმებელი მემორანდუმი, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ჩვენს სპორტულ ფედერაციებს საშუალება ექნებათ მოიწვიონ კოლუმბიელი სპორტსმენები და მწვრთნელები, რაც მათ საქმიანობას წაადგება. უკვე გამოითქვა ინტერესი რაგბში თანამშრომლობისა, თუმცა ჩვენმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ისინი მხოლოდ სპორტის ერთი სახეობის არ შემოიფარგლებიან. მთლიანობაში ძალიან სასიხარულოა, რომ ქართული სპორტის ბოლოდროინდელი წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე შეუმჩნეველი არ რჩება".


პატი ლონდონიო ხარამილიო (განაცხადა კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე):  მოხარულები ვართ, რომ ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის ფაზაში შევედით და ჩვენი სპორტული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით პირველი ნაბიჯები გადავდგით. პირველ რიგში რაგბის მიმართულებით თანამშრომლობა გვაინტერესებს, თუმცა სპორტის სხვა სახეობებსაც ჯეროვან ყურადღებას ვაქცევთ და დროთა განმავლობაში ამ მხრივაც ვიაქტიურებთ. უკვე შემიძლია გითხრათ, რომ მარტში პირველი სპორტული აქტივობა დავგეგმეთ. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო რაგბში წარმატებული ქვეყანაა, გვსურს თქვენი გამოცდილების გაზიარება და შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში კოლუმბიის მორაგბეთა ასაკობრივი ნაკრების ვიზიტიც დაიგეგმება".


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე  შალვა გოგოლაძე, კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს პატი ლონდონიო ხარამილიო და კოლუმბიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ხუან ალფრედო პინტო საავედრა ესწრებოდნენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge