Powered by Jasper Roberts - Blog

13:40 23.02.2017
2-3 მარტს საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი იგეგმება

2-3 მარტს საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს. მათ  საქართველოში გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია უმასპინძლებს.    

 

სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს - ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფს სამხედრო რეკომენდაციები წარუდგინოს.

 

ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოდის. მაღალი დონის ვიზიტი ალიანსის მხრიდან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ნატო-საქართველოს ინტენსიური და წარმატებული თანამშრომლობის და მუდმივი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. ვიზიტი ნატო-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციაზე  მსჯელობის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო პირები ადგილზე, უშუალოდ გაეცნობიან ნატო-საქართველოს შორის არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ურთიერთობებს.     


საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას და გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას პირისპირ შეხვდება. სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ საქართველოს მონაწილეობით ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. დაგეგმილია ალიანსის სამხედრო კომიტეტის სტუმრობა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), სადაც ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში გადასროლისწინა საჩვენებელი წვრთნა გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო პირები გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას მოინახულებენ. 

   

მედია საშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან გააშუქონ ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, უნდა გაიარონ აკრედიტაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 23-დან 28 თებერვლის 13:00 საათის ჩათვლით. სააკრედიტაციო ბარათების გაცემა იწარმოებს 2 მარტს, ღონისძიების დაწყებამდე.  

 

აკრედიტაცია შესაძლებელია გაიარონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებმა: ელექტრონული და ბეჭდვითი პერიოდული გამოცემების, რადიო, ტელე, ვიდეო, ფოტო ჟურნალისტებმა, ასევე ტექნიკურმა პერსონალმა

დასწრების მსურველმა მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციის მისაღებად უნდა შეავსონ აკრედიტაციის ფორმა და გადმოაგზავნონ შემდეგ  ელ-ფოსტაზე: pr@mod.gov.ge

გვარი          

 

სახელი    

 

ორგანიზაციის დასახელება

 

ორგანიზაციის მისამართი  

 

ორგანიზაციის ტელეფონი

 

პოზიცია 

 

ელ-ფოსტა

 

მობილურის ნომერი

 

სამსახურეობრივი მოწმობის ასლი     

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

577 19 00 96, 577 19 88 66.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge