Powered by Jasper Roberts - Blog

21:13 22.02.2017
ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედროების გუნდმა თბილისის თასი-2017 მოიგო

„არმიამ“თბილისის თასი 2017 მოიგო

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა თავდაცვის სამინისტროს ფრენბურთის გუნდმა თბილისის თასი 2017 მოიგო. ფინალურ მატჩში ერთმანეთს დაჭრილი-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებითა და სამოქალაქო პირებით დაკომპლექტებული გუნდი „არმია“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფრენბურთელების გუნდი შეხვდა. შეხვედრა ანგარიშით - 2:00 „არმიის“ სასარგებლოდ დასრულდა. ფინალური თამაში პარასპორტის განვითარების ცენტრის სპორტულ დარბაზში გაიმართა და მას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ჯანჯღავა, სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა პატიაშვილი, უწყების სხვა წარმომადგენლები და ასევე, საქართველოსოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.

„ძალიან საინტერესო მატჩი იყო, ვფიქრობ რომ ეს უფრო სიმბოლური ხასიათის თამაში იყო, მართალია პრინციპული, მაგრამ უფრო სამშობლოს სიყვარულის შეჯიბრი. ბიჭებმა ნამდვილად კარგად ითამაშეს. ისინი მზად არიან საჭიროების შემთხვევაში ხელმეორედ გმირობისთვის“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ.შეჯიბრის ორგანიზატორები საქართველოს პარაფრენბურთის ეროვნული ფედერაცია, პარასპორტის განვითარების ცენტრი, ასევე,საქართველოს პარაოლიპმიური კომიტეტი იყო, რომლებმაც ფინალური თამაშის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ გუნდს ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. „არმია“ ოქტომბერში ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

„დღეს დასრულდა თბილისის ჩემპიონატი თბილისის თასზე. შეჯიბრში მონაწილე გუნდები გვერდში დაგვიდგნენ და მონაწილეობა მიიღეს ამ სახის სპორტულ აქტივობაში, ეს კი შეზღუდული შესაძლებლობების პირებს შორის სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციაში გვეხმარება“ - განაცხადა გუნდის კაპიტანმა ბესარიონ ღუდუშაურმა.თბილისის თასი 2017 ფრენბურთში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეჯიბრში მონაწილეობა სულ რვა გუნდმა მიიღო, მათგან ორი გუნდი დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისგან, ხოლო დანარჩენი ექვსი გუნდი სხვადასხვა ინსტიტუტების ფრენბურთის გუნდებისგან იყო დაკომპლექტებული. მატჩები საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას, პოსტტრავმულ მდგომარეობაში მყოფი სამხედროების მოტივაციის გაზრდასა და მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებას ისახავს მიზნად.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge