Powered by Jasper Roberts - Blog

14:15 21.02.2017
ჩავარდება თუ არა სამაჩაბლოსთვის სახელის გადარქმევის საკითხი

 

ცხინვალის ლიდერ ლეონიდ თიბილოვის ინიციატივამ სამაჩაბლოსთვის სახელის გადარქმევის შესახებ, ჩრდილოეთ კავკასიაში დიდი წივილ-კივილი გამოიწვია. საქმე ისე მიდის, რომ სამხრეთელ ოსთა ლიდერს ეს ინიციატივა შესაძლოა თავად ოსებმავე გადაახიონ თავზე.

ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილებამ ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი ძალით განაახლა ძლივს ჩამცხრალი კონფლიქტი, რომელიც ალანიის სამეფოს მემკვიდრის გარკვევას ეხებოდა. ალანიის სამეფოს მემკვიდრეებად თავს, ჩრდილოეთ ოსეთის გარდა, ინგუშეთი და ყარაჩაიც აცხადებენ.

ამ დღეებში ყარაჩაელ ხალხთა კონგრესმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა. ყარაჩაელები სერგეი ლავროვს სთხოვენ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას ცხინვალის რეგიონისთვის ალანიის დარქმევა.

ყარაჩაელთა კონგრესის განმარტებით, ეს ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციას გაამწვავებს.

ყარაჩაელებმა ალანიის სამეფოს მემკვიდრეებად თავი ჯერ კიდევ 1959 წელს გამოაცხადეს. მაშინ ყარაჩაელმა მეცნიერებმა სხვადასხვა წყაროებით დაასკვნეს, რომ ალანიის სამეფოს მემკვიდრეები ისინი და ბალყარელები იყვნენ.

საბჭოთა ხელისუფლებამ ამ საკითხზე დებატები მალევე ჩაახშო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ოსებმა დრო იხელთეს და ჩრდილოეთ ოსეთს დამატებითი სახელწოდება ალანია დაარქვეს.

სამი წლის შემდეგ მათ ინგუშებმა გადაუხადეს სამაგიერო და თავიანთი დედაქალაქო ნაზრანიდან სხვაგან გადაიტანეს. იმ სხვა ადგილს კი მაგასი დაარქვეს. მაგასი კი ისტორიული ალანიის დედაქალაქი იყო. ამით ალანიის გარშემო დავა დასრულდა და მხოლოდ ოსი და ინგუში ისტორიკოსები უყალბებდნენ ერთმანეთს ისტორიას.

სამგლე გოჭივით ატეხილი ლეონიდ თიბილოვის ინიციატივის შემდეგ კი ამ საკითხით უკვე პოლიტიკოსები დაინტერესდნენ. თავისი პოზიცია დააფიქსირა ვლადიმერ ჟირინოვსკიმაც. იგი ეთანხმება სამაჩაბლოსთვის ალანიის დარქმევას და მიიჩნევს, რომ ალანიის დედაქალაქი ცხინვალში უნდა გადავიდეს.

 


ვლადიკავკაზი უნდა გახდეს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ცენტრი. გაერთიანებული ალანიის დედაქალაქი კი ცხინვალი უნდა იყოს, - ამბობს ვლადიმირ ჟირინოვსკი. ამ განცხადებას უკვე ინგუშეთში მოჰყვა წივილ-კივილი. მათი განცხადებით, ოსებმა ვლადიკავკაზს თავი საერთოდ უნდა დაანებონ და დედაქალაქი ალაგირში გადაიტანონ.


 

ალაგირის ამბავში კი უკვე ქართველებს შეუძლიათ პრეტენზიების გამოთქვა. ამ ტერიტორიაზე ძირითადად დიგორები ცხოვრობენ. ისტორიული წყაროებით, ისინი ქართველები არიან. ასეთი დასახელება კი იმიტომ მიიღეს, რომ დიდგორის ომის მონაწილეები იყვნენ.

ავტორ(ებ)ი : ახალი თაობა