Powered by Jasper Roberts - Blog

15:19 20.02.2017
ქართველმა მოსწავლემ 160 000 დოლარის მოცულობის გრანტი მოიპოვა

ქართველმა მოსწავლე ლუკა დემეტრაშვილმა 160 00 დოლარის სასწავლო გრანტი მოიპოვა. დემირელის კოლეჯის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ამერიკაში, ნიუ-იორკში ”Manhattan College”-ში სწავლას მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიწყებს. ლუკა დემეტრაშვილმა 4-წლიანი დაფინანსება “Presidential scholarship” მოიპოვა. კოლეჯი მომავალ სტუდენტს 4-წლიან სასწავლო კურსს დაუფინანსებს, თითოეული წლის გრანტი 42 000 აშშ დოლარს შეადგენს. 

 

ქართველი წარმატებული მოსწავლის ლუკა დემეტრაშვილის მიზანია, რომ ამერიკაში ნეიროქირურგია შეისწავლოს, რასაც საგრანტო 4-წლიანი პერიოდის გარდა კიდევ 10 წელი სჭირდება. როგორც ლუკა დემეტრაშვილი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, გრანტის გასაგრძელებლად 4 წლის შემდეგ მან კიდევ ერთხელ უნდა გაიაროს ტესტირება და ამბობს, რომ მისაღები გამოცდები საკმაოდ რთული იყო: ”4 წლის შემდეგ ახალი ტესტი უნდა დავწერო, რათა სამედიცინო უნივერსიტეტში გადავიდე. იქ უნივერსიტეტებს თავისი წესები აქვთ. ერთი წელი ვემზადებოდი მისაღები ტესტის ჩასაბარებლად. მათემატიკის მომზადებაში ბებია მეხმარებოდა, ქიმიაში სამი თვე ვემზადებოდი, დემირელის კოლეჯში კი საბუნებისმეტყველო საგნებს გაძლიერებულად, ინგლისურ ენაზე სწავლობდი. გასავლელი ეტაპები რთული იყო, რადგან ჩვენ ბრიტანულ ინგლისურს ვსწავლობთ, იქ კი ამერიკული ინგლისურია. მათემატიკაშიც განსხვავებულ რაღაცეებს ითხოვენ.” - ამბობს ლუკა დემეტრაშვილი.

 

როგორც წარმატებული ახალგაზრდა გვეუბნება, ”Manhattan College”-ზე არჩევანი იმიტომ გააკეთა, რომ მათ კარგი დაფინანსება აქვთ და მასწავლებლებიც კარგი ჰყავთ: ”ამ უნივესიტეტში ნამყოფი ვარ. ამერიკაში მოგზაურობის დროს ამ უნივერსიტეტთან შემთხვევით მოვხვდი. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკაში სწავლის გაგრძელება მინდოდა, მივედი, მასწავლებლებს გავესაუბრე, მათ უნივერსიტეტი დამათვალიერებინეს და ძალიან მომეწონა. უნივერსიტეტი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარეობს,” - ამბობს ლუკა დემეტრაშვილი.

 

როგორც მოსწავლე გვეუბნება, სწავლის პერიოდში ამერიკაში დედასთან იცხოვრებს. ”არ მგონია საცხოვრებლად საქართველოში დავბრუნდე, თუმცა ჩამოსვლას აუცილებლად ვაპირებ. მომავალში მინდა საქართველოში მსოფლიო დონის კლინიკა გავხსნა, სადაც ქართველები მკურნალობას შეძლებენ და საზღვარგარეთ წასვლა აღარ მოუწევთ,” - აცხადებს მოსწავლე.

 

ლუკა დემეტრაშვილმა დაწყებითი განათლება სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ მიიღო, მეშვიდე კლასიდან სწავლა კი დემირელის კერძო კოლეჯში გააგრძელა.

ავტორ(ებ)ი : bpn.ge