Powered by Jasper Roberts - Blog

19:14 17.02.2017
საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, უმცირესობა დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას და ასევე მოითხოვს საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რათა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა დააყენოს. „ვინც ეს სიტუაცია შექმნა, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. თუ არ დადგა პასუხისმგებლობის საკითხი, ჩათვალეთ, რომ აღარ ვცხოვრობთ სახელმწიფოში. თუ არავინ პასუხს არ აგებს იქ, სადაც შეტევა შეეხება ჩვენი მოქალაქეებისთვის ემოციურად ყველაზე მტკივნეულ და ძვირფას თემას, სადაც საკითხი შეეხება საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას, როგორიც არის ქართული ეკლესია, სადაც საკითხი შეეხება საქართველოში ყველაზე პატივსაცემ ადამიანს - საქართველოს პატრიარქს, თუ არ დადგა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ჩათვალეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოში აღარ ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაყენებთ მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს, რომლის გაუაზრებელმა განცხადებებმაც გამოიწვია მთელი კასკადი პოლიტიკური განცხადებების, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა ამ გაუგებრობაში. ორშაბათიდან დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით. მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, შემოგვიერთდნენ ამ პროცესში. დღემდე არ გამოგვიყენებია კვოტა საპროკურორო საბჭოში, რადგან არ ვაპირებდით და არ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ივანიშვილის პროკურატურასთან. თუმცა, მომავალ კვირას დავაყენებთ საკითხს, რომ ჩვენი წარმომადგენელი შევიდეს საპროკურორო საბჭოში, რათა მან ამ საბჭოში დააყენოს მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნა. ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს”, - განაცხადა ბაქრაძემ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge