Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

15:09 17.02.2017
რამდენად შეძლებს თბილისი ი.ალიევის პოლიტიკური დიქტატის მოთმენას, რომელსაც საქართველო „მოკლე თოკით ჰყავს დაბმული“ ?

«Новое время» (სომხეთი), 16 თებერვალი, 2017 წელი

http://www.nv.am/politika/56154-2017-02-16-05-02-42


„პრაღაში გამართულმა ქართულ-რუსული მოლაპარაკებამ სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების აღდგენის თაობაზე (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გავლით) ოპტიმისტური პროგნოზები გააჩინა - სომხეთის ბლოკადის მდგომარეობიდან გამოსვლის პერსპექტივა გამოიკვეთაო, მაგრამ აშკარაა, რომ საქმე მთლად ისე არაა, როგორც ჩვენ გვინდა. დაბრკოლებები მეტი აღმოჩნდა, რასაც ნაკლებად ველოდით“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - არტემ ერკანიანი).


გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:


მოსკოვ-თბილისს შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ მოლაპარაკების შედეგების რეალიზების გზაზე ჯერ კიდევ ბევრი ბარიერი რჩება, ან შეიძლება დამატებითაც გაჩნდეს. ჯერ ერთი, რომ საქართველოს ხელისუფლებას პრობლემები აქვს ოპოზიციასთან, რომელიც რუსეთთან კონტაქტების გაღრმავების წინააღმდეგია. მეორე - კომუნიკაციების გახსნის თაობაზე უარყოფითი განწყობები შეიმჩნევა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც, სადაც ამ გაზაფხულზე არჩევნები უნდა გაიმართოს. სოხუმი და ცხინვალი აცხადებენ, რომ თბილისმა ტვირთების ტრანზიტის საკითხი უშუალოდ ჩვენთან მოლაპარაკებით უნდა გადაწყვიტოსო. გასაგებია, რომ საქართველო არასოდეს არ გადადგმს ნაბიჯს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის მიზნით. გამოდის, რომ ეს საკითხი სოხუმთან და ცხინვალთან თვითონ მოსკოვმა უნდა მოაგვაროს.


კაცმა რომ თქვას, თუ კრემლი მოისურვებს, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას განწყობას ადვილად შეაცვლევინებს, მაგრამ მსგავსი მოქმედების განხორციელება ძალიან ძნელი იქნება აზერბაიჯანის მიმართ, რომელიც, რასაკვირველია, კატეგორიულად ეწინააღმდეგება „სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების“ გახსნას. ბაქო სერიოზულადაა შეშფოთებული - ვაითუ, სომხეთმა ბლოკადა მართლაც გაარღვიოსო. აზერბაიჯანელი მმართველები აცნობიერებენ, რომ ახალი დერეფნების ამოქმედების შემთხვევაში მათი ძალისხმევა სომხეთის ბლოკადისათვის პრაქტიკულად უშედეგო იქნება. ერევანი ხომ პირდაპირი სახმელეთო გზით დაუკავშირდება რუსეთს და ევროკავშირის ქვეყნებს, გაიზრდება ექსპორტ-იმპორტი... გასაგებია, რომ ბლოკადის გარღვევა პირდაპირ გავლენას მოახდენს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზეც, ანუ განმტკიცდება სომხეთის პოზიციები, რაც რეგიონში გეოპოლიტიკური კლიმატის ცვლილებას გამოიწვევს. აი, ყოველივე ამის გაცნობიერების ფონზე, ბაქომ უკვე დაიწყო ყველა შესაძლებელი ბერკეტის ამოქმედება საქართველოს მიმართ, რათა თავიდან აიცილოს დერეფნების გახსნა. შეიმჩნევა შანტაჟი და მუქარებიც კი...


აზერბაიჯანს საქართველოზე ზემოქმედებისათვის ამ ეტაპზე მხოლოდ ენერგეტიკული ბერკეტი აქვს: როგორც ცნობილია, თბილისი მოხმარებული გაზის ლომის წილს ბაქოსაგან ყიდულობს. ბუნებრივია, თუ გიორგი კვირიკაშვილი ბრძანებს, სომხეთისათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისაკენ მიმავალ გზებზე შლაგბაუმები ასწიეთო, მაშინ მას იაფი აზერბაიჯანული გაზის შეძენის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, სანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი გზების გახსნის წინ ყველაფერს აწონ-დაწონის - გაითვალისწინებს როგორც დადებით, ასევე მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს.


თბილისისთვის მნიშვნელოვანი პლუსი იქნება ის, რომ საქართველო მიიღებს არამარტო მრავალმილიონიან საბაჟო შემოსავლებს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე სომხეთის ტვირთების ტრანზიტის გამო, არამედ იმითაც, რომ თბილისი-ახალქალაქ-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლოატაციაში შესვლით საქართველოს რკინიგზა გლობალური სატრანსპორტო არტერიის - „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი გახდება. სატრანზიტო ქვეყნის სტატუსის გაძლიერებით საქართველოს ხაზინაში კიდევ უფრო მეტი შემოსავლები შევა. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ქართველი ფერმერებისა და ექსპორტიორებისათვის, რუსეთში პროდუქციის გატანის საკითხში, წინ დიდი ბაზარი იშლება... მოკლედ, სასწორის ერთ პინაზე მიმზიდველი გლობალური პერსპექტივებია, მეორეზე კი - იაფი გაზი...


 

რომელს აირჩევს საქართველო? რამდენად შეძლებს თბილისი ი.ალიევის პოლიტიკური დიქტატის მოთმენას, რომელსაც საქართველო „მოკლე თოკით ჰყავს დაბმული“ და მას „გაზის ონკანის გადაკეტვის უფლებით“ აშანტაჟებს?

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge
ვრცლად


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა