Powered by Jasper Roberts - Blog

13:49 17.02.2017
„საქართველოსთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების თემა "-ლევან იზორია

«Независмая газета» (რუსეთი), 17 თებერვალი, 2017 წელი


http://www.ng.ru/editorial/2017-02-17/2_6932_red.html

 

ამას წინათ ვილნიუსში გამართულ კონფერენციაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა ბელორუსია დაარიგა, რომ მინსკმა საგარეოპოლიტიკური კურსი უნდა აირჩიოს - ან რუსეთის, ან ევროკავშირის სასარგებლოდ. მაგრამ ბელორუსია, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთისადმი ლოიალობისა და დაახლოების სწრაფვას ამჟღავნებს, ჯერ-ჯერობით მაინც არ არის მზად რუსეთთან კავშირების საბოლოო გაწყვეტისათვის. თუმცა... ბელორუსია თუ არა, სხვები მაინც მოიძებნებიან, რომლებიც რუსეთის მიმართ უფრო რადიკალურად არიან განწყობილნი, მაგალითად, სუამ-ის სახელმწიფოები - საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა. 20 წლის წინათ ეს სტრუქტურა პროდასავლური პერსპექტივით შეიქმნა, შემდეგ ზოგიერთმა წევრმა დაიწყო მცდელობა რუსეთის წინააღმდეგ რეგიონული თანამეგობრობა ჩამოაყალიბებინა, მაგრამ ღია კონფრონტაცია დანარჩენებს არ აწყობდათ. დროთა განმავლობაში ინტეგრაციული გაერთიანება მეგობრების კლუბად გადაიქცა, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან, სამიტებს აწყობენ, მაგრამ სერიოზულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. დღეს გაჩნდა საფუძველი იმისა, რომ ეს გაერთიანება ისეთი გახდეს, როგორიც ჩაფიქრებული იყო: კავშირად, რომელიც რუსეთის მისადგომებთან მდებარეობს და მოსკოვს შეეწინაღმდეგება, დსთ-ის ჩარჩოებში.


27 მარტს კიევში სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურების შეხვედრა უნდა გაიმართოს. ამის თაობაზე იყო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძესა და სუამ-ის გენერალურ მდივან ალტაი ეფენდიევს შორის მოლაპარაკების დროს. მხარეებმა განიხილეს შეხვედრის დღის წესრიგის საკითხები, ორგანიზაციის თანამშრომლობის ახალი პროგრამა საერთო დევიზით „ერთად - ძლიერი სუამ-ისათვის“. გარდა ამისა, სტუმარ-მასპინძელმა ისაუბრეს პოლიტიკურ კონსოლიდირებაზე სუამ-ის ჩარჩოებში, სექტორალურ თანამშრომლობაზე და პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარებაზე პარტნიორებთან - აშშ-სთან, იაპონიასთან, ვიშეგრადის ჯგუფის წევრ-ქვეყნებთან.


უნდა აღინიშნოს, რომ სუამ-ის წევრ ქვეყანებს კონფლიქტების არსებობაც აერთიანებთ: საქართველოში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში - „გაყინული“, ხოლო უკარინაში - მოქმედი კონფლიქტის სახით. ყველა ქვეყანაში არსებობენ მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემები: აზერბაიჯანში - მთიანი ყარაბაღი, საქართველოში - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მოლდოვაში - დნესტრისპირეთი, უკრაინაში - ყირიმი და დონბასის ნაწილი. დაახლოებით ასე გამოიყურება სიტუაცია სუამ-ის წევრებისათვის. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა თავიანთ პრობლემებში პირდაპირ რუსეთს ადანაშაულებენ. ბაქო უკმაყოფილოა იმით, რომ რუსეთი მოკავშირეობას უწევს სომხეთს, რომელსაც აზერბაიჯანში თავისი ტერიტორიის ოკუპირებაში ადანაშაულებს: უკრაინელი პოლიტოლოგის ტარას ჩერნოვილის თქმისა არ იყოს, „რუსეთი ფაქტიურად იმის გარანტია, რომ აზერბაიჯანი თავის ტერიტორიას ვერ დაიბრუნებს“.


სუამ-ი ნატოსაკენ მიისწრაფვის. ამ გზაზე ცალკე დგას აზერბაიჯანი, რომელსაც სავსებით აკმაყოფილებს ძმური დამოკიდებულება თურქეთთან, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია. სუამ-ის დანარჩენ სუბიექტები კი ნატოში გაწევრიანებას ცდილობენ: უკრაინა და საქართველო - დიდი ხანია მთავრობისა და მოსახლეობის დონეზე, მოლდოვა კი - მთავრობისა და პარლამენტის ძალისხმევით. რაც შეეხება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისა და პრეზიდენტის პოზიციებს, ისინი ნატოში ინტეგრირების წინააღმდეგნი არიან.


ამ დღეებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. „ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს პოლიტიკური განცხადება გავაკეთოთ, რომ მზად ვართ და გვაქვს მოტივაცია ნატოში გასაწევრიანებლად“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ „საქართველოსთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების თემა და ბუნებრივია, ამ მიმართულებით ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობის კონრეტულ ფორმებს განვიხილავთ“.


რაც სეეხება უკრაინას, კიევმა შავი ზღვის ინიციატივებისადმი მხარდაჭერა უფრო ადრე გამოხატა: იქ ხომ ყირიმია, რომლის დაბრუნება ნატოს დახმარებით შეიძლება. მოლდოვასაც შეუძლია შავ ზღვაზე გასვლა - მდ.დუნაისა და მიწის იმ მცირე მონაკვეთი მეშვეობით, რომელიც კიევმა თავის დროზე კიშინიოვს დაუთმო. მაგრამ მოლდოველებს ფლოტი არ აქვს. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც მხარს უჭერენ სუამ-ელ პარტნიორებს იმაში, რომ ნატომ შავ ზღვაზე სრული კონტროლი დაამყაროს. მართალია, აზერბაიჯანი შავი ზღვიდან ცოტა მოშორებითაა, მაგრამ „ყარადენიზში“ (შავი ზღვის თურქული სახელწოდება) აქტიურად მოქმედებს მისი თანამოაზრე თურქეთი.


 

დასკვნა: თუ სუამ-ი ამოქმედდება, რუსეთს სერიოზული პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს და ეს არა სადღაც, არამედ საკუთარ საზღვრებთან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge