გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა მასალა, რომელიც ე.წ „ციანიდის საქმეს“ ეხებოდა. სამდღიანი სპეკულაციების შემდეგ პროკურატურა ამტკიცებს, რომ არა თუ პატრიარქის, არამედ არც სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოკვლა არ იგეგმებოდა, თუმცა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაზაფვრისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს არც პროკურატურა, არც პრემიერი, არც იუსტიციის მინისტრი და არც "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომლებიც ხმამაღლა ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანა "დიდ უბედურებას", "ტრაგედიას" და "დესტაბილიზაციას" გადაარჩინეს.
ამ სკანდალით პროკურატურისა და ხელისუფლების იმიჯთან ერთად ეკლესიის, ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ინსტიტუციის, იმიჯი დაზიანდა და ეს ძალიან სახიფათოა.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს იყო პატრიარქის სახელით სპეკულაცია და მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძის შეფასებით, მთელი ეს 3-დღიანი სპეკულაციები ამაზრზენია და მიაჩნია, რომ "საქმის შეკერვასაც" მაღალი პროფესიონალიზმი სჭირდება და რაც ახლა ხდება "სრული ბარდაგია".
"ლამის არის, მუხლმოყრით მიგვიყვანეს პრემიერთან და მადლობა გვათქმევინეს, დიდ უბედურებას გადაგვარჩინეთო და თურმე შორენას მოკვლა უნდოდათ?" - აღნიშნავს ცინცაძე.
იგი მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ დატრიალებული სკანდალით ყველა წაგებული დარჩა. ქვეყანაში ერთადერთი ავტორიტეტი ეკლესია იყო და ამ ყველაფრით ეკლესიის იმიჯი ძალიან შეირყა და "ყველაზე ცუდია".
„ყველაზე საშიშია, როდესაც რწმენა იკარგება. ხალხს რაღაცის უნდა სწამდეს, ამ სკანდალით კი რწმენა ნელ-ნელა იკარგება. მთავრობის ავტორიტეტი არ მადარდებს. ეკლესიის რეიტინგი უკვე დაეცა. ბინძური საცვლები პირველად საჯაროდ სინოდმა გამოფინა, როდესაცმღვდელმთავრები ერთმანეთს ლანძღავდნენ. ახლა, ამ სკანდალის შემდეგ კი თითქოს აღვირი ახსნესო და ტელევიზიაში ერთმანეთს ასწრებენლანძღვას. მღვდელი რომ მღვდელზე იტყვის არაკაციაო, ამის შემდეგ რა პატივი უნდა ვცე ამ ინსტიტუტს? ასეთი ღარიბი მეტყველება, უწიგნურობა და გაუნათლებლობა სამარცხვინოა. ყველაფერი ეს სამ დღეში გამოფინეს. კალისტრატე ცინცაძე ალბათ საფლავში ტრიალებს", - მიიჩნევს სოსო ცინცაძე.