Powered by Jasper Roberts - Blog

13:21 17.02.2017
"ევროპელი ქართველები არიან, თუ როგორც დაირქვეს... უბრალოდ, სხედან ან არც სხედან " - გიორგი ვაშაძე

მედიაში განვითარებულ მოვლენებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე საუბრობს.

 

ვაშაძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“კონსტიტუციურ უმრავლესობაში ყოფნას საკუთარი ძალაუფლების გამყარებისთვის და არა დემოკარიული ნორმების დამკვირდებისთვის იყენებს.

 


საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებამ უფრო მეტი მავნებლობის შესაძლებლობა მისცა ქართულ ოცნებას და, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უპირატესობას იყენებენ საკუთარი ძალაუფლების უფრო გამყარებისთვის და არა - დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისთვის. ჩვენ კარგად ვხედავთ, რა ხდება სასამართლო სისტემაში.“ , - განმარტავს ვაშაძე.

 


მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისია გარკვეულწილად მართვადი პროცესია და იქ მყოფი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსაც იდეები არ გააჩნიათ.

 

როგორც ჩანს, რაც ნაკლები აზრის მთქმელი იქნება ამ კომისიაში, მით უკეთესია. ეტყობა, მათი სურვილი იყო, რომ გარკვეულწილად მართვადი პროცესი ყოფილიყო ამ კომისიაში! ოპოზიციაში იდეები არ აქვთ. თქვენ ნახეთ იქ წარმოდგენილი რომელიმე ოპოზიციური პარტიის რაიმე შეთავაზებული იდეა?! არანაირი ინიციატივა არ მოდის მათგან. ეს არის პრობლემა. საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა არაფრისთვის. ნაციონალურ მოძრაობასაც არაფერი შეუთავაზებია და არც უმცირესობის სხვა წარმომადგენლებს, ევროპელი ქართველები არიან, თუ როგორც დაირქვეს... უბრალოდ, სხედან ან არც სხედან.“ , - აღნიშნა ვაშაძემ.

 


რაც შეეხება, მედიის თავისუფლებასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ვაშაძე თვლის, რომ ეს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიარესურსისთვის ბრძოლაა. ვაშაძისთვის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დახურვა  და ყოველგვარი მაუწყებლობის შეჩერება კი აბსურდულია.

 

 

 

მე ვფიქრობ, რომ რუსთავი-2-თან დაკავშირებით გადამწყვეტ ფაზაში შევიდა პროცესი, რომ საბოლოოდ მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება რუსთავი-2-ის  საკუთრებასთან დაკავშირებით. ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიარესურსი აღარ არსებობდეს. საზოგადოებრივ მაუწყებელს რაც შეეხება, ფაქტობრივად, 2 წელი დახურვისკენ მიღებული გადაწყვეტილებაა, თუმცა, იმედი მაქვს, ახალი მენეჯმენტი ბოლომდე ამას ვერ გაიტანს. ყველა ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ბევრი პრობლემაა და მრავალი რეფორმაა გასატარებელი, მაგრამ ამის გამო ორი წელი ტელევიზიის დახურვა, ყოველგვარი მაუწყებლობის შეჩერება სრული აბსურდია! გაუგონარი ინიციატივაა ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ ახალი მენეჯმენტის მხრიდან. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებმა პირველივე დღიდან საკუთარი თავის დისკრედიტირება მოახდინეს!“ , - განაცხადა ვაშაძემ.

ავტორ(ებ)ი : ახალი თაობა