Powered by Jasper Roberts - Blog

15:05 14.02.2017
"ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხების შემდეგ, ოპოზიციას წინ ყურების შანსები გაუჩნდა", - აფხაზი ჟურნალისტი

დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში წინასაარჩევნო ვნებათაღელვა პიკს აღწევს, 10 თებერვალს აფხაზეთის ცსკო- საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია დაასრულა, როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკის "საპარლამენტო" არჩევნები 2017 წლის 12 მარტსაა დანიშნული.


როგორც აფხაზური მედია იუწყება, 2017 წლის "საპარლამენტო არჩევნები ბევრად საინტერესო და კონკურენტული იქნება, ვიდრე წინა არჩევნები 30 იანვარს, ალექსანდრე ანქვაბის მომხრეთა საინიციატივო ჯგუფი ცესკო-ში ოფიციალურად დარეგისტრირდა და "ყოფილი პრეზიდენტი" სოხუმის #3 ოლქში დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.


ყოფილი "პრეზიდენტის" ალექსანდრე ანქვაბის მონაწილეობა "არჩევნებს" სიმწვავეს ნამდვილად შესძენს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აფხაზეთის ოპოზიციის ძირითად ბირთვს ანქვაბის გუნდის ყოფილი ჩინოვნიკები და მისი პოლიტიკის მხარდამჭერი აქტივისტები შეადგენენ.


ალექსანდრე ანქვაბი 2011 წლის მაისში აირჩიეს აფხაზეთის "პრეზიდენტად". მან ამ თანამდებობაზე საქმიანობა ვადამდე ერთი წლით ადრე შეწყვიტა, 2014 წლის 27 მაისს, მრავალათასიანი მიტინგის ზეწოლით, რომელიც პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში გადაიზარდა, ანქვაბი იძულებული გახადა გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზისთვის შეეფარებინა თავი და რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაეკეთებინა განცხადება, გადადგომის თაობაზე.


აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი წერს, რომ ანქვაბი აფხაზური პოლიტიკიდან არასდროს წასულა და მოსკოვიდან ცდილობდა სიტუაციის კონტროლს.


"თავიდან, როგორც ყოველთვის, იყო სიტყვა. დედების ჯგუფმა, რომელთა შვილებმაც სამშობლოსთვის თავი დადეს, აფხაზეთის ყოფილ პრეზიდენტს დაბრუნება და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სთხოვეს. შემდეგ მათ შეუერთდნენ შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენციის ჯგუფებიც. ის მოსკოვში იმყოფებოდა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ აფხაზეთის შიდა ვითარებაზე გავლენის მოხდენას ისევ აგრძელებდა. ანქვაბის დიდი წვლილია ოპოზიციურ ძალთა ბლოკის აქტივობაში, რომელიც ბოლო ორი წელი დაუღალავად მოითხოვდა რაულ ხაჯიმბას გადადგომას.


თუმცა, ალექსანდრ ზოლოტინსკოვიჩმა უნდა გაითვალისწინოს, რომ 2016 წლის 15 დეკემბერს ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხების შემდეგ, ოპოზიციას წინ ყურების შანსები გაუჩნდა", - წერს აფხაზი ჟურნალისტი.


ეს ანქვაბის პირადი საქმეა, თუ ხალხი აირჩევს და გახდება რჩეული, არა მგონია, ის ყველაზე უარესი დეპუტატი იყოს პარლამენტში", - ასე გამოეხმაურა ანქვაბის პარლამენტარობის სურვილს ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ერთ-ერთი ლიდერი რამაზ ჯაპუა, რომელიც 2016 წლის დეკემბრის მოვლენების მთავარი გმირი იყო.


აფხაზური მედია და სოციალური ქსელები აქტიურად განიხილავენ ყოფილი "პრეზიდენტის" აფხაზეთში დაბრუნების და არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, როგორც აფხაზური მედია იუწყება, 12 თებერვალს, საღამოს 7 საათზე, ალექსანდრე ანქვაბმა თავის მომხრეებთან ერთად რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი "ფსოუზე" გადმოკვეთა და სახლისკენ გაემართა, სადაც მას მრავალრიცხოვანი მომხრეები დახვდნენ.


აფხაზური მედიის ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბი სამმა საინიციატივო ჯუფმა წარადგინა ცესკო-ში, თუმცა, ანქვაბი, კენჭისყრას ქალაქ გუდაუთის #18 საარჩევნო უბანზე აპირებს.


"ყოფილი პრეზიდენტის" პარალელურად აფხაზეთში ოპოზიციური პარტია "ამცახარა" გააქტიურდა, 10 თებერვალს სოხუმში პარტიის საგანგებო შეხვედრა შედგა, რომელზეც მოახლოებული "საპარლამენტო" არჩევნები განიხილეს.


"ამცახარას" ლიდერების განცხადებით, პარლამენტმა ცსკო- წევრობაზე უარი უთხრა ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატს ისიდორა დოჩიას, რამაც პარტიის წევრების მწვავე რაექცია გამოიწვია.


"ამცახარას" ლიდერ ალხასა კვიცინიას განცხადებით, ხელისუფლება არ ასრულებს 15 დეკემბრის შეთანხმებას და ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ბლოკირებას უკეთებს.


"ხელისუფლება ბლოკირებას უკეთებს ოპოზიციური ბლოკის წინადადებებს, რომელიც 2016 წლის 15 დეკემბრის შეხვედრაზე იქნა მიღწეული, ეს ეხება საკონსტიტუციო სასამართლოსაც, სადაც ხელისუფლებამ არ დაამტკიცა ჩვენი კანდიდატი, მეორე კანდიდატურა კი ამ დრომდე განხილვის პროცესშია. ეს ის შემთხვევაა, როცა კომპრომისის მიუხედავად, ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს ოპოზიციასთან მიღწეულ შეთანხმებებს", - განაცხადა კვიცინიამ.


გამოცემა "აპსნიპრესი"ინფორმაციით, "ამცახარას" ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 14 თებერვალს გაერთიანებულ კრებას ჩაატარებენ, სადაც ოპოზიციური ძალების ბლოკის ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას.


აფხაზი და რუსი პოლიტიკური ექსპერტები აფხაზეთის "საპარლამენტო არჩევნებში" ოპოზიციის გამარჯვებას არ გამორიცხავენ, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ "პარლამენტში" ოპოზიციური ძალის გამარჯვების შემთხვევაში "პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა ოპოზიციის მიერ დაკომპლექტებული "მთავრობის" ანაბარა დარჩება, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რატომ ცდილობს "წინასაარჩევნოდ" აფხაზეთის "პრეზიდენტი" მასმედიის და ინტერნეტ სივრცის მკაცრ რეგულაციებში მოქცევას.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge