Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

13:47 14.02.2017
"ეს არის ბევრჯერ ნაცადი ხერხი და ახლაც ცდილობენ" - გია ხუხაშვილი

„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს.

 

ხუხაშვილის მოსაზრებით, დღეს ბუნდოვანი სიტუაციაა შექმნილი. მისივე მოსაზრებით, ქვეყანას ოპონირების გამწევი პოლიტიკური ოპოზიცია არ ჰყავს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მთავარი ოპონენტი სწორედ საზოგადოებაა.

 


„ძალიან ბუნდოვანი სიტუაციაა. ერთი მხრივ, არ არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის, რეალურ ოპონირებას გაუწევს. მეორე მხრივ კი, ქვეყანაში რეალური პრობლემების მთელი წყება გვაქვს. ვგულისხმობ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემატიკას და, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ამ სფეროს.

სოციალური რისკები ძალიან გაზრდილია, შესაბამისად გამოდის, რომ დღეს ხელისუფლების მთავარი ოპონენტი საზოგადოებაა, ხალხის პროტესტი, რომელიც სამზარეულოებში არის ჩაბუდებული და არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც მოახერხებს სამზარეულოებიდან ამ პროტესტის გამოყვანასა და კონსოლიდირებას, რეალური პოლიტიკური პროცესის ინიცირებას.“ , -აღნიშნავს ხუხაშვილი.

 

ექსპერტი, ამასთანავე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებულ აქციების ტალღაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარტია ბევრჯერ ნაცად ხერხს იყენებს, რაც ბუნებრივად და ლოგიკურად ესახება. ხუხაშვილის აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე სხვა ძალები არ ჩანან, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს „ამ ყველაფრის აკუმულირებას“.

 

„ [ნაციონალური მოძრაობა-რედ.] ხვდებიან, რომ ბევრი პრობლემა არის დაგროვილი. ასევე იციან, რომ სოციალურ პროტესტს პოლიტიკური თემა სჭირდება დროშაზე. ასეთ პოლიტიკურ თემად ისინი ცდილობენ, რომ აქციონ სიტყვის თავისუფლება, რუსთავი-2-ის საკითხი, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები. ეს არის ბევრჯერ ნაცადი ხერხი და ახლაც ცდილობენ. ეს ბუნებრივია, ლოგიკურია და ამაში გასაკვირი არაფერია, ყველა პოლიტიკური ძალა შეეცდებოდა იგივეს. შეიძლება, მე ვფიქრობ, რომ მათ პერსპექტივა არ აქვთ, მაგრამ ისინი განსხვავებულად ფიქრობენ. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კონკურენტები არ ჩანან სხვა პოლიტიკური ძალებიდან, ისინი ცდილობენ მოახდინონ ამ ყველაფრის აკუმულირება.“ , - განაცხადა ხუხაშვილმა.

 

 

რაც შეეხება მართულ ძალას, ექსპერტი თვლის, რომ ოპოზიციის გადმოსახედიდან ეს ივანიშვილია, ხოლო ხელისუფლების მოსაზრებით პროცესების მმართველი კვირიკაშვილია. ხუხაშვილისთვის დღევანდელი პოლიტიკური ვითარება ბუნდოვანია.

 

 

 

„ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ჭეშმარიტება არის მიღმა: თუ ხელისუფლებას დაუსვამთ ამ კითხვას, გეტყვით: კვირიკაშვილი, თუ ოპოზიციას, გიპასუხებთ: ივანიშვილი. რეალურად კი ბუნდოვანი ვითარებაა, როდესაც არ არსებობს ეფექტური პოლიტიკური ვერტიკალი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და პასუხსაც აგებს ამ გადაწყვეტილებაზე. ბოლო პერიოდში ხელისუფლების რომელი გადაწყვეტილება ვნახეთ, რომელმაც ქვეყნის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა?! ასეთი გადაწყვეტილება უბრალოდ არ მიღებულა, მათი გადაწყვეტილება არის ნახევრად გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი ეფექტი არ მოაქვს.  მთავრობაში არის ხელისუფლება, რომელიც ვერც ვერაფერს აკეთებს, მაგრამ არც არაფერს აფუჭებს.“ , - განმარტავს ხუხაშვილი.

ავტორ(ებ)ი :


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა