Powered by Jasper Roberts - Blog

13:31 13.02.2017
„პოლიტიკაში მზაკვრული მეთოდია, კონკრეტულ პირს სკანდალი აუგორონ და შეტევა ორკესტრირებულად განახორციელონ“ -მანანა კობახიძე

წინა მოწვევის ვიცე-სპიკერი და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე დღეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა - მმართველმა გუნდმა მას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა, თუმცა იქნება თუ არა ის სწორედ პოლიტიკური წარსულის გათვალისწინებით დამოუკიდებელი მოსამართლე, თანაც იმ პერიოდში, როდესაც საკონსტიტუციო კომისია მასშტაბური ცვლილებებისთვის ემზადება? ყველა ბრალდებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე საუბრობს.


"ოთხ წელიწადზე მეტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიყავი და პოლიტიკური თანამდებობის პირიც გახლდით, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ჩემს ახლანდელ მოვალეობებთან ეს ხელშემშლელ ფაქტორად უნდა აღვიქვათ. არ ვაპირებ გადაწყვეტილებების მიღებას პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიისა და პარტიული შეხედულებების მიხედვით. ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში - აშშ-ში უზენაესი სასამართლოს 30%-ზე მეტ მოსამართლეს პოლიტიკური წარსული აქვს. ანალოგიური პრაქტიკაა ევროპაშიც. საფრანგეთში საკონსტიტუციო საბჭოში ყოფილი პოლიტიკოსები არიან მოსამართლეებად, თუმცა საზოგადოებას იქ შეკითხვაც კი არ გაუჩნდება წარსულ პოლიტიკურ საქმიანობასა თუ გავლენაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას"-აღნიშნავს მანანა კობახიძე.

 

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს როლის განსაკუთრებულობის შეფასებისას აქცენტი კონკრეტული მოსამართლის პრინციპულობასა და შინაგან დამოუკიდებლობაზე უნდა გაკეთდეს - "პირადად მე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი აღნიშნული თვისების დეფიციტს არ განვიცდი. თუ მხოლოდ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, რა გარანტია გვაქვს, რომ თუნდაც მხოლოდ აკადემიური წრიდან არჩეული მოსამართლე პოლიტიკურად ანგაჟირებული არ იქნება და პოლიტიკურ ზემოქმედებასა თუ ზეწოლას არ დაექვემდებარება? ყველა მოქალაქეს აქვს პოლიტიკური განწყობა. თუ მოსამართლეებს არჩევნებში მონაწილეობაც ავუკრძალოთ, რადგან ისინი საარჩევნო ბიულეტენში კონკრეტულ პარტიას აძლევენ ხმას? ვიმეორებ - მოსამართლე უნდა იყოს შეუვალი და ზეწოლას არასოდეს დაექვემდებაროს.


ყველა ადამიანს აქვს თავისი ბიოგრაფია და ცხოვრებისეული გზა, პირადად მე ათი წლის განმავლობაში პედაგოგი გახლდით როგორც სკოლაში, ისე უმაღლეს სასწავლებ­ლებში, ასევე ათი წელი ვემსახურე ადამიანის უფლებების დაცვას და მხოლოდ მცირე პერიოდი პოლიტიკური ლიდერის სტატუსი მქონდა. ვფიქრობ, პოლიტიკური წარსული უფრო გამომადგება, რადგან კანონშემოქმედებითი გამოცდილება მომცემს შესაძლებლობას, უფრო ფართოდ დავინახო გასაჩივრებული ნორმა თუ ნებისმიერი აქტი. პოლიტიკაშიც სწორედ იმ მიზნით მოვედი, რომ სასამართლო სისტემა გამართულიყო.


არ ვამბობ, რომ სასამართლოში იდეალური ვითარებაა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, რომ წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი რთული რეალობიდან გამოვსულიყავით. წინა ხელისუფლების პერიოდში არ მახსენდება პრეცედენტი, მოსამართლეს საჯაროდ ეთქვას, ჩემზე ზეწოლას ახდენენო-განაცხადა კობახიძემ.

 

მანანა კობახიძის თქმით, პოლიტიკაში მზაკვრული მეთოდია, კონკრეტულ პირს სკანდალი აუგორონ და შეტევა ორკესტრირებულად განახორციელონ. საქმეს პროკურატურა იძიებდა, თუმცა როდესაც დანაშაულის დამამტკიცებელი ვერაფერი იპოვეს, ძიება შეწყდა. "პროკურატურას ჩემს წინააღმდეგ ერთი სიტყვა ან ფურცელი რომ ეპოვა, არავინ დამინდობდა. ასეც უნდა იყოს - თუ ვინმე კანონს არღვევს, პროკურატურამ პასუხი უნდა მოსთხოვოს. დღეს პოლიტიკიდან წავედი და მთლიანად სასამართლო სისტემაზე ვარ ორიენტირებული, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება - ფაქტია, ადრე გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკა მაღალი იყო, დღეს კი ეს ტენდენცია შემცირებულია. შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობაც, რასაც მე კი არა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია დადებითად აფასებს"-აღნიშნა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, დღეს სასამართლო სისტემა იმაზე დამოუკიდებელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კოტე კუბლაშვილიც კი აღიარებდა. ადამიანის საპატიმროდან გათავისუფლება, მით უმეტეს, ჩემთვის, როგორც ყოფილი უფლებადამცველისთვის, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. მისივე თქმით,თუ პროკურატურა გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლია, გაასაჩივროს.


" როდესაც კონკრეტულ საპარლამენტო თანამდებობაზე უარი ვთქვი, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემს წარდგენაზე ლაპარაკიც კი არ იყო. თუმცა მადლობას ვუხდი გუნდს, რომ არჩევანი ჩემზე გააკეთეს. ბუნებრივია, პოლიტიკიდან წასვლა ჩემი არჩევანის გარეშე არ მოხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ამაზე გუნდიც შეჯერდა - ახლა მაქვს შესაძლებლობა, საქართველოში კონსტიტუციური კანონიერებისადამართლმსაჯულების დამკვიდრებას ვემსახურო" -განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მანანა კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge