Powered by Jasper Roberts - Blog

12:15 13.02.2017
სომხეთი და „სავაჭრო დერეფნების“ შეთანხმების რეანიმაცია

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 12 თებერვალი, 2017 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20170210-gruziya-budet-sosedkoi-edinoi-alanii

 

საქართველოში მომხდარი ამბების შესახებ «Radio France Internationale»- („საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“) მიერ ეთერში გადაცემულ ყოველკვირეულ მიმოხილვაში ყურადღება  სამ ძირითად თემას აქვს დათმობილი. ერთ-ერთია  სომხეთი და „სავაჭრო დერეფნების“ შეთანხმების რეანიმაცია.

 

პრაღაში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენლის ზაურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ამასწინანდელ მოლაპარაკებაზე გადაწყდა, რომ მხარეები დაიწყებდნენ ჯერ კიდევ 2011 წლის ხელმოწერილი და, სეიძლება ითქვას, ერთგვარი უნიკალური დოკუმენტის - შეთანხმების „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონელთვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის შესახებ“ პირობების შესრულებას.


თუ „მშრალი“ დიპლომატიური ენიდან „ვთარგმნით“, ამ დოკუმენტის არსი შემდეგში მდგომარეობს: რადგანაც საქართველო და რუსეთი ვერც ახლა და, როგორც ჩანს, ვერც უახლოეს მომავალში ვერ შეძლებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსებზე მოლაპარაკებას, ორი მეზობელი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისა და სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირების განმტკიცებისათვის იქმნება ე.წ. „სავაჭრო დერეფნები“, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე გაივლის და რომლებშიც ტვირთების მოძრაობას ნეიტრალური შვეიცარიის კომპანია გააკონტროლებს. შეთანხმებაში მოცემულია „დერეფნების“ კოორდინატებიც, გეოგრაფიული სახელწოდებების გარეშე. 2011 წლის შეთანხმება აშშ-ის შუამავლობით განხორციელდა, საქართველოს კომპრომისით, როცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრად იღებდნენ.


პრაღაში გამართულ შეხვედრაზე მომხდარ „გარღვევაში“ (როგორც ექპერტები ამბობენ), მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეზობელი სომხეთის დაინტერესებამ, რომელსაც რუსეთთან ერთადერთი სატრანსპორტო არტერია - საქართველოს სამხედრო გზა (თბილისი-ყაზბეგი-ვლადიკავკაზი) აკავშირებს. მაგრამ ეს გზა პრობლემურია - რთული რელიეფისა და კლიმატის გამო ხშირად პარალიზებულია. მისგან განსხვავებით, ავტომაგისტრალი გორი-ცხინვალი-როკი-ვლადიკავკაზი შედარებით უფრო საიმედო და მოხერხებულია, ხოლო ზუგდიდი-სოხუმი-სოჭის მიმართულებით კი საერთოდ არანაირი ბუნებრივ-კლიმატური თუ გეოგრაფიული დაბრკოლება არ არსებობს. როგორც ჩანს, სომხეთის წარმომადგენლები მოსკოვსა და თბილისში აქტიურად მუშაობდნენ, რათა რუსეთთან დამაკავშირებელი გზის ალტერნატივა ეპოვათ. ბოლო დრომდე ერევნის ძალისხმევა, ერთი შეხედვით, გადაულახავ პოლიტიკურ ბარიერს აწყდებოდა: სად უნდა ყოფილიყო საქართველოს საბაჟოს ადგილმდებარეობა. რასაკვირველია, თბილისი არანაირად არ დათანხმდებოდა, რომ ტვირთების შემოწმება-კონტროლი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მომხდარიყო, რადგან ეს ამ ე.წ. „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის აღიარებად იქნება აღქმული. 2011 წლის შეთანხმება, რომელიც, სხვათა შორის, წინა „ნაციონალური“ მთავრობის დროს გაფორმდა, ერთი მხრივ, შესაძლებლობას იძლევა ეს დაბრკოლება „რბილად“ იქნას გვერდავლილი, ანუ არ შეეხოს „ფეთქებადსაშიშ“ პრობლემას - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსს, ხოლო მეორე მხრივ, თუ რუსეთი, საქართველოსთან ვაჭრობის (ტვირთების მოძრაობის) მიზნით, თანახმაა დაუშვას შვეიცარიელი დამკვირვებლები თავის საზღვარზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ამით მოსკოვი საბაბს იძლევა  სიტუაციის სხვადასხვანაირად ინტერპრეტირებისათვის.


 

თბილისის დაინტერესება რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარებით და მოსკოვის ინტერესი - დახმარება გაუწიოს თავის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთს - ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებმაც პოზიტიური როლი შეასრულეს. ორივე მხარე კომპრომისზე წავიდა. ვნახოთ, რას იზამს ოპოზიცია, რომელიც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობას ხშირად აკრიტიკებს „ქვეყნის ინტერესების დათმობის“ გამო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge