Powered by Jasper Roberts - Blog

4
თბილისი

12:04 13.02.2017
ვის ჭირდება ერთიანი „ალანეთი“?!

საქართველოში მომხდარი ამბების შესახებ «Radio France Internationale»- („საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“) მიერ ეთერში გადაცემულ ყოველკვირეულ მიმოხილვაში ყურადღება  სამ ძირითად თემას აქვს დათმობილი: ა) „სამხრეთ ოსეთში“ დაგეგმილ რეფერენდუმს  სახელის გადარქმევის თაობაზე; ბ) რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებას აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე გამავალ „სავაჭრო დერეფნების“ შესახებ შეთანხმების ამოქმედების თაობაზე; გ) ბელარუს-საქართველოს ურთიერთობა და რუსეთის ფაქტორი (ავტორი - გიორგი ლებანიძე).


ა) „სამხრეთ ოსეთი“ ანუ „ალანეთი“?!

რადიოსიუჟეტში ამ თემაზე საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული „სამხრეთ ოსეთში“ 9 აპრილს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების დროს რეფერენდუმის ჩატარების შესახებაც, რომლის მიზანს რესპუბლიკისთვის სახელწოდების შეცვლა წარმოადგენს. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილებით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის შეთავაზებული კითხვა ასეთია: „ეთანხმებით თუ არა, რომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ამიერიდან ეწოდებოდეს „სამხრეთ ოსეთი - ალანეთი“, ხოლო ტოპონიმ „ალანეთს“  „სამხრეთ ოსეთის“ თანაბარი მნიშვნელობა ჰქონდეს?“. ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფ ჩრდ.ოსეთს დიდი ხანია ჰქვია „ალანეთიც“ (ანუ „ჩრდილოეთ ოსეთი - ალანეთი“). თუ სამხრეთ ოსეთის ელექტორატის უმრავლესობა რეფერენდუმზე დასმულ კითხვას დადებითად უპასუხებს, მაშინ რესპუბლიკის სახელწოდება ასეთი იქნება: „სამხრეთ ოსეთი - ალანეთი“.


ლეონიდ თბილოვის თქმით, რესპუბლიკა თავისი დამაარსებლების, ანუ ალანების - ინდოევროპული ოჯახის სკვით-სარმატული წარმოშობის ტომების სახელს უნდა ატარებდეს, რომლებიც ოდესღაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ აზოვისპირეთსა და კავკასიის მთისწინეთში. ამავე დროს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შენარჩუნდება „სამხრეთ ოსეთიც“, რადგან სწორედ ამ სახელით შეინარჩუნა რესპუბლიკამ თავისი დამოუკიდებლობა. ამრიგად, კავკასიაში ჩნდება ორი რესპუბლიკა, რომლის სახელწოდებაში „ალანეთი“ ფიგურირებს. დამკვირვებლების აზრით, სამხრეთ ოსეთისათვის სახელის გადარქმევა ორი რესპუბლიკის გაერთიანებისაკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, რომელიც შემდეგ რუსეთის სუბიექტი გახდება - „ჩრდილოეთად“ და სამხრეთად“ გაყოფის გარეშე („ოსეთი-ალანეთი“).


„თბილისმა, როგორც მოსალოდნელი იყო, რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე მწვავე რეაგირება მოახდინა“, - აღნიშნულია რადიოსიუჟეტში. ავტორი ციტირებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომელშიც მკაცრადაა დაგმობილი „ცხინვალის რეგიონის“ დე-ფაქტო ხელისუფლების გეგმები. „მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისაკენ, რადგანაც ამგვარი უკანონო რეფერენდუმები და პლებისციტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას წარმოადგენს“, - ასეთია პრეზიდენტის რეაქცია, თუმცა... აშკარაა, რომ ამგვარი განცხადებები სიტუაციას ვერ შეცვლის: ამას წინათ ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი იმყოფებოდა, რომელმაც მხარი დაუჭირა „პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატს“ ლეონიდ თიბილოვს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge


 

 

რა მიგაჩნიათ პატრიარქის მოწამვლის მიზეზად?
ხმის მიცემა