Powered by Jasper Roberts - Blog

11:29 11.02.2017
„ნაცმოძრაობამ“ მომავალი აქციების საკოორდინაციო საბჭო შექმნა

გვანცა ღვედაშვილი



"
თავდაცვის დრო დამთავრდა, უშეღავათო შეტევა თაღლითი ოლიგარქის რეჟიმს", "რუსთავი 2" ხალხის ტელევიზაა", "ივანიშვილო, შენამდეც მოვალთ!" - მსგავსი ლოზუნგებისა და დროშების ფონზე წარიმართა "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი მხარდამჭერების აქცია, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.

"რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერი მორიგი აქცია-მსვლელობა გუშინ "ნაცმოძრაობამ" მეტრო "რუსთაველთან" დაიწყო და უზენაესი სასამართლოს შენობასთან დაასრულა. პარტიის ლიდერებმა დემონსტრატებს სიტყვით მიმართეს და ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებების ფუნქციონირების მნიშვნელობაზე, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე ისაუბრეს.

ამავე აქციაზე გამოცხადდა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც თვალს მიადევნებს "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში აქციებსა და სხვა ტიპის აქტივობებს მიმართავს.

როგორც აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, ეს დღე გაფრთხილებაა ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ თავი დაანებოს "რუსთავი 2"-.

 


"დღეს ძალიან ბევრ ადამიანს არ ეცოდინებოდა რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. "რუსთავი 2" არის ხალხის ტელევიზია. ხელისუფლება კი მოქმედებს, რომ თავისუფალი აზრი და სიტყვა ჩაახშოს. როდესაც არის სიტყვის თავისუფლევის ჩახშობის მცდელობა, საზოგადოება ამ მანკიერი პრაქტიკის მიმართ იწყებს მოქმედებას მშვიდობიანი პროტესტით. დღევანდელი დღე არის გაფრთხილება ივანიშვილისთვის, რომელსაც ვუგზავნით სიგნალს, რომ ხელი აიღოს "რუსთავი 2"-ის სახლში წაღებისგან", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ისინი სამშვიდებო აქციებს იქამდე გააგრძელებენ, სანამ ივანიშვილი თავის განზრახვაზე არ აიღებს ხელს. ამასთან აღნიშნა, რომ 15 თებერვლის ჩათვლით ხელისუფლების ზეწოლის შედეგად უზენაესი სასამართლო ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანას აპირებს.

 


"დღეს უზენასმა სასამართლომ არ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელია უკვე მიღებული აქვს, თუმცა არ ასაჯაროვებს. მოგვიანებით საზოგადოებას ეცნობება, თუ რას მოიქმედებს საკოორდინაციო საბჭო მომავალი კვირის ორშაბათიდან. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან მანიფესტაციებს, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ აიღებს ხელს განზრახვაზე, რაც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით აქვს", - განაცხადა ნიკა მელიამ.


აქციას "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილიმა განაცხადა, საზოგადოების მხარდაჭერა არის უნიშვნელოვანესი, რადგან ტელევიზიის დაცვა სწორედ მათი დახმარებითაა შესაძლებელი.

 


 

"უპირველეს ყოვლისა მადლობის მეტი არაფერი მეთქმის იმ ხალხის მიმართ, ვინც დღეს შეიკრიბა "რუსთავი 2"-ის დასაცავად. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და ჩართულობა არხის გადარჩენის პროცესში. დღეს მიმდინარეობს "რუსთავი 2"-ის გადარჩენის პროცესი და საზოგადოების კონსოლიდაციით შევძლებთ, დავიცვათ ტელეკომპანია და სიტყვის თავისუფლება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი