Powered by Jasper Roberts - Blog

11:25 11.02.2017
პრეზიდენტმა შესაძლოა, ვეტო ერთსა და იმავე კანონს მეორედ დაადოს


ნინო ქეთელაური

 

მოსმენების შესახებ კანონპროეტზე, შესაძლოა, პრეზიდენტმა ვეტოს უფლება მეორედ გამოიყენოს. როგორც ექპერტები აცხადებენ, "პრეზიდენტი იძულებული იქნება ვეტო გამოიყენოს, სხვა შემთხვეავში გამოდის, რომ პოზიცია შეიცვალა". როგორც ცნობილია, პრეზიდენტს მოსმენების კანონთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა არც მის გათვალისწინებას აპირებს და არც კონსულტაციების გამართვაზეა თანახმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 28 ნოემბერს პრეზიდენტმა მოსმენების კანონს ვეტო ერთხელ უკვე დაადო, რაც მაშინდელმა უმრავლესობამ 82 ხმით დაძლია. ახლა უკვე სახეცვლილი კანონპროექტი, რაც უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში ახალი ორგანოს შექმნას და მისთვის გასაღების ჩაბარებას გულისხმობს, მიუღებელია არსამთავრობო სექტორისა და ოპოზიციისთვის, რასაც გიორგი მარგველაშვილიც იზიარებს. ამის გათვალისწინებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი კვლავ ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

საკონსტიტუციო კომისიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენება იმდენჯერ შეუძლია, რამდენჯერაც კონკრეტული კანონპროექტი მისთვის მიუღებელი აღმოჩნდება.

 


"რამდენჯერაც პარლამენტი კანონს მიიღებს, ერთი და იგივე კანონი იქნება ეს, თუ სხვადასხვა, პრეზიდენტს იმდენჯერ აქვს ვეტოს გამოიყენების უფლება. ყველა კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს, ეგზავნება პრეზიდენტს, რომელმაც ხელი უნდა მოაწეროს, ან თავისი შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნოს. ეს პრეზიდენტის უფლებაა. ამიტომ, აქ არანაირ სამართლებრივ პრეცედენტზე არ არის საუბარი", - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

 


კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ვეტოს გამოყენებამ ხელისუფლების ამ ორ შტოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს, რაც შემდეგში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზეზი გახდება, ვახტანგ ხმალაძე პასუხობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი უმრავლესობის მოწონება-არ მოწონებაზე არ არის დამოკიდებული.

"კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი არღვევს კონსიტიტუციას, ან თუ მის ქმედებაში არის დანაშაულის ნიშნები. მაგრამ აქედან ერთი მაინც (ან ორივე), საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადასტუროს. პარლამენტის არ მოწონება პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზეზი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება", - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, რადგან სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ მან თავის წინა პოზიცია შეიცვალა.

 


"არასამთავრობოების ნაწილი მიიჩნევს, რომ გასაღები არა სახელმწიფოს, არამედ ნეტრალურ ზონას უნდა ჰქონდეს, ნაწილი კი - პირიქით. პრეზიდენტი არასამთავრობოების იმ ნაწილის აზრს იზიარებს, რომელსაც მიაჩნია, რომ სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელ ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს ამაზე წვდომა. ის, რაც წინაზე მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა მოსმენების კანონს ვეტო დაადო, ახლაც შესაძლოა განმეორდეს. პრეზიდენტი იძულებული იქნება ვეტო დაადოს, სხვა შემთხვეავში გამოდის, რომ პოზიცია შეიცვალა. უმრავლესობა კი თავის მხრივ ამ ვეტოსაც დაძლევს. ამით პრინციპში არაფერი იცვლება.

თუმცა, მე ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგა. იმიტომ, რომ საუბარია გარე ტიპის სუბიექტზე, რომელსაც გასაღები ექნება და რომელიც სახელმწიფოსგან ნაწილობრივ იქნება კონტროლის ქვეშ და ნაწილობრივ - არა. თუკი პრეზიდენტი ამ ნაწილს გაითვალისწინებს, შესაძლოა ვეტოსგან თავიც შეიკავო, მაგრამ მაინც მგონია, რომ გამოიყენებს, რადგან მას ამ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივი უფრო აქვს, ვიდრე წმინდა თემატური", - ამბობს არჩილ გამზარდია.

 


რაც შეეხება იმას, რომ უმრავლესობა პრეზიდენთან კონსულტაციებზე უარს აცხადებს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ორივე მხარემ თუნდაც ეტიკეტის დონეზე მაინც უნდა სცადოს მოლაპარაკება. ის, რომ უმრავლესობა კონსულტაციების გამართვას არ აპირებს, არასწორად მიმაჩნია, რადგან მოლაპარაკება ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა. ეს ხომ არ გულისხმობს მაინცდამაინც პრეზიდენტის პოზიციის მიღებას?! ეს ამავდროულად არის საშუალება, რომ უმრავლესობამ პრეზიდენტს შეაცვლევინოს პოზიცია. ნებისმიერ შემთხვევაში პროცესი ჯანსაღია, როდესაც გადაწვეტილების მიმართ ერთობლივი პასუხიმგებლობა არსებობს. მე ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა არცერთმა მხარემ არ უნდა გაუშვას ხელიდან, თუნდაც ეტიკეტის დონეზე მაინც უნდა სცადონ კონულტაციების გავლა", - ამბობს არჩილ გამზარდია და აღნიშნავს, რომ ამით პრეზიდენტისა და პარლამენტის ურთიერთობებში დიდი არაფერი შეიცვლება.

 


ამით მათ დამოკიდებულებებში მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება. გააჩნია ამას რომელიმე მხარე გამოიყენებს თუ არა, მაგალითად, პრეზიდენტი. ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, მას შეუძლია გააკეთოს განცხადება (როგორც წესი, ასე იქცევა ხოლმე), შემდგომ უკვე არასამთავრობოებთან მიმართებით რამე მოძრაობა წამოიწყოს. ან ამგვარი ნეგატიური და საპროტესტო აქტივობით, ოპოზიციურ დინებებს შეუწყოს ხელი. აქ ყველაფერი პრეზიდენტის ნებაზეა დამოკიდებული", - ამბობს არჩილ გამზარდია.

 

 

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი