Powered by Jasper Roberts - Blog

16:57 09.02.2017
"ვერ გაიგებ ამ ქვეყანაში ვისი პიანინო ვის როიალშია"-ემზარ კვიციანი

პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო წინადადება ,,ჯარისქალი''. ინიციატორის, ირინა ბარბაქაძის მოთხოვნაა, სამხედრო სამსახური არა მარტო მამაკაცებისთვის, ქალებისთვისაც სავალდებულო გახდეს.


,,კანონში წერია, რომ გენდერული თანასწორობა დაცულია, რეალურ ცხოვრებაში კი ქალებს ჩაგრავენ _ ჯარში არ იწვევენ. რატომაც არ უნდა გახდეს სავალდებულო სამსახური ქალებისთვის?! მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მენტალიტეტს ჩემი მოთხოვნა არ ესადაგება (საქართველოში არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც ქალს უფლებებს დღესაც უზღუდავს), მაინც ვფიქრობ, სამხედრო სამსახურში ქალების გაწვევით მათი დისკრიმინაცია შემცირდება. თუმცა იმედი არ მაქვს, რომ პარლამენტი ჩემს მოთხოვნას დაეთანხმება, რადგან მსგავს საკითხზე არასდროს უმსჯელიათ და განუხილავთ'', განუცხადა ,,ვერსიას'' ირინა ბარბაქაძემ.

 

ავტორს საკანონმდებლო წინადადებაში შუშანიკის, თამარ მეფისა და წმინდა ნინოს მაგალითი მოჰყავს და მათი ღირსებებით საკუთარი მოთხოვნის მოტივს ხსნის. რამდენად ადეკვატურად მიიჩნევს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ამ არგუმენტებს და აქცევს თუ არა ამ წინადადებას განსახილველ კანონპროექტად, მალე გამოჩნდება. მანამდე კი საინტერესოა, რას ფიქრობენ კანონმდებლები თავად იდეის შესახებ:


ემზარ კვიციანის თქმით, სავალდებულო კი არა, სურვილისამებრ უნდახდებოდეს ჯარში ქალების წასვლა და ამის პიარი ისე უნდა კეთდებოდეს, რომ 10-დან 9 ქალს ეს მოუნდეს.

 

,,ვინც დემოგრაფიის განვითარებაში არ იღებს მონაწილეობას და 5 ბიჭზე ნაკლები ყავს, ყველა ჯარში უნდა წავიყვანოთ. ვხუმრობ, რა თქმა უნდა... ხან აუქმებენ სავალდებულო ჯარს, ხან აბრუნებენ და ქალებიც მიჰყავთ. ვერ გაიგებ ამ ქვეყანაში ვისი პიანინო ვის როიალშია, იმიტომ რომ თავისუფალი არ ვართ, ჩვენი თავი ჩვენ არ გვეყუდვნის. ერთი ქალიშვილი მყავს, თუ მოინდომებს ჯარში სამსახურს, მივესალმები მის გადაწყვეტილებას. თუმცა, სავალდებულო კი არა, სურვილისამებრ უნდა ხდებოდეს ჯარში ქალების წასვლა და ამის პიარი ისე უნდა კეთდებოდეს, რომ 10-დან 9 ქალს ეს მოუნდეს. ვემხრობი, რომ მამაკაცისთვის სავალდებულო იყოს სამხედრო სამსახური. კაცი კაცად ჯარში ყალიბდება და მარტო ცხოვრებას სწავლობს. ჯარიდან რომ ჩამოვედი, სრულყოფილი მამაკაცი ვიყავი, რომელსაც ოჯახის რჩენა შეეძლო. შეადარეთ ჯარში ნამყოფი და არნამყოფი კაცი ერთმანეთს. რომელი უფრო გაიტანს თავს? მეტიც, პატიმრებსაც კი წავიყვანდი მთებში, გავუშვებდი დაცლილ სოფლებში და მივეხმარებოდი, რომ ოჯახი შეექმნათ. ახალგაზრდას შანსი უნდა მისცე, ერი ამრავლოს,''-   აცხადებს ემზარ კვიციანი გაზეთ "ვერსიასთან" საუბარში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge