Powered by Jasper Roberts - Blog

13:58 08.02.2017
უძველესი საიუველირო ტრადიციები, უზადო სტილი და მუდმივი პროგრესი- „ზარაფხანა“ ბრენდის წარდგენას საზღვარგარეთ გეგმავს

„ზარახფანა“   საქართველოში ერთადერთი საიუველირო ქარხანაა, რომლის ისტორია 1939 წლიდან იწერება. მრავალსაუკუნოვანი საოქრომჭედლო ხელოვნება, თანამედროვე ტექნოლოგიები, დიზაინერებისა და იუველირების პროფესიონალიზმი, ზარაფხანას  ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს და ბექა და ბეშქენ ოპიზრების ტრადიციების გაგრძელების საშუალებას აძლევს.

 

„ზარაფხანას“ მიერ  ასლის, რეპლიკის  და თანამედროვე დიზაინერის ჩანაფიქრით გაცოცხლებულია ანტიკური ხანის უძვირფასესი ნაკეთობები და შექმნილია უმნიშვნელოვანესი კოლექციები, რომელთა შეძენაც შესაძლებელია მხოლოდ ზარაფხანას ბრენდირებულ მაღაზიებში.

 

ზარაფხანამ ექსკლუზიურად ამ ბიზნესდაჯილდოების ნომინანტებისთვის  ხელნაკეთი ჯილდოები დაამზადა. 

 

ნომინაცია--ზარაფხანა და ქეთევან გოგნაძე -- ოქროს  მოდერნიზებული  მოდელირება,  უზადო სტილი და ხარისხი,  სტრატეგიული ინვესტიციები მომავლის ეკონომიკაში, უძველესი საიუველირო ტრადიციები და მუდმივი პროგრესი. 

 

„ჯორჯიან თაიმსი“ ზარაფხანას   დირექტორს -  ქეთევან გოგნაძეს ესაუბრა.


1. როგორია კომპანიის  სამომავლო გეგმები?  რა მიმართულებით აპირებთ განვითარებას და რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებელს?

უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, როდესაც  შენი ქვეყანა, პარტნიორები და საზოგადოება საუკეთესოდ გაღიარებს.  მრავალსაუკუნოვანი საოქრომჭედლო ხელოვნება, თანამედროვე ტექნოლოგიები, დიზაინერებისა და იუველირების პროფესიონალიზმი, კონცეპტუალური გადაწყვეტილებები და ახლებური ხედვა, კომპანიის წარმოებას უპირობოდ აყენებს ლიდერის პოზიციაზე. შესაბამისად, ზარაფხანა მუდმივად  ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. უახლოეს მომავალში დედაქალაქში კიდევ ერთი საიუველირო სალონი/მაღაზიის წარმოდგენა იგეგმება. იხვეწება არსებული და იქმნება ახალი სერიული ნაკეთობები. სამუშაო პროცესშია უნიკალური კოლექცია, რომელიც მხატვრული გემოვნებისა და ზარაფხანას დახვეწილი სტილის შერწყმით, საიუველირო ხელოვნებაში, ახალი სიტყვა იქნება. მიმდინარეობს ტექნოლოგიური პროცესის დახვეწა და განახლება, რაც პირდაპირ კავშირშია კომპანიის სტრატეგიულ გეგმებთან, როგორიცაა  კორპორატიული სეგმენტის განვითარება და ქართული საიუველირო ბრენდის, სრულყოფილი წარდგენა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. 

 

2. როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ბიზნეს პოლიტიკას?

მთავრობისა და ბიზნესის ურთიერთობას რაც შეეხება, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლობის პროცესი დაწყებულია  და მიმდინარეობს. ვფიქრობ, საჭიროა ეს პროცესი უფრო აქტიური და რაც მთავარია, დინამიური გახდეს. ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ბიზნესის განვითარების კუთხით, ხაზს უსვამს მათ პრიორიტეტებს და შესაბამისად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდომარეობაზე.

 

3. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა?

ჩვენთვის  მნიშვნელოვანი და სასიხარულოა თქვენი შეფასება. შეფასება, იმ წარმატებისათვის, რომელსაც ზარაფხანა და მის უკან მდგომი უძლიერესი გუნდი განაპირობებს. მადლობას გიხდით ჩემი, ზარაფხანასა და თითოეული ჩვენი თანამშრომლის სახელით.

 

 / ნინო ოთარაშვილი /

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge