Powered by Jasper Roberts - Blog

16:32 07.02.2017
,,გული მწყდება, რომ საქართველოში არ არის ისეთი მსმენელი, როგორიც უცხოეთშია“ - დათო კენჭიაშვილი

ამბობს, რომ განმარტოება უყვარს. ხშირად აქვს კითხვები საკუთარ თავთან, რომლის პასუხებსაც ხან პოულობს, ხან - ვერა. როგორც თავად აღნიშნავ, - თავისებური, ცოტა რთული ხასიათი აქვს. ცხოვრებასა და მოვლენებს განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვამს და  განიცდის. ალბათ, სწორედ ცხოვრების თავისებური, ემოციური აღქმა ახდენს გავლენას მის სიმღერებზე, რომელსაც, მკრთალი ხაზივით, უჩვეულო, იდუმალი და მიმზიდველი  სევდის ხავერდი დაჰყვება. ცოტა მისტიურია, - უკაცრიელი ბუნება და მცენარეები უყვარს, შესაბამისად, მისი სიმღერის ტექტსებიც ვაჟას გავლენას განიცდის. უყვარს ექსპერიმენტებიც, რომელსაც, ხშირად ატარებს.

 

ირანში, აეროპორტში, გამვლელმა გააჩერა და რუსულად ჰკითხა: - შენ დათო კენჭიაშვილი არ ხარ? – „რამდენი მალოდინეო...“

 

ადამიანი, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ მის  საზღვრებს გარეთაც ძალიან უყვართ. დათო კენჭიაშვილი მსმენელმა ფოლკლორული სიმღერების შესრულებით გაიცნო. მისი განსხვავებული ხმის ტემბრი და შესრულების მანერა ბევრმა შეიყვარა. მომღერლის მიმართ ინტერესი კი დღითიდღე იზრდება.

 

 

დათო კენჭიაშვილმა, ცოტა ხნის წინ, სპეციალური მიწვევით, ირანში, კერძოდ - ისპაჰანში ორი კონცერტი გამართა.  იქაურმა ქართველებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს. მომღერალი კონცერტის დეტალებზე და საკუთარ შემოქმედებაზე „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრობს:

 

 

 - დათო, ხალხს ძალიან უყვარხართ.  როგორ ფიქრობთ, რისი დამსახურებაა ეს? ვინ არის დათო კენჭიაშვილი, როგორ დაახასიათებთ საკუთარ თავს?

 

- ხასიათით ძალიან მძიმე ადამიანი ვარ. რაც შეეხება ხალხის სიყვარულს, ვფიქრობ, რომ თუ რამე საქმეს აკეთებ, გულით უნდა გააკეთო და არ უნდა გადაიყვანო ის ხურდებზე. ამ შემთხვევაში  ყველაფერი ფუჭდება. ვცდილობ, ჩემი საქმე ფულზე არ გადავიყვანო, განსაკუთრებით - საქართველოში და ვაკეთო ის, რაც მომწონს, მსიამოვნებს და რაც ამდენ ადამიანს ახარებს.

 

- იქნებ ეს თქვენი განსაკუთრებული ხმის ტემბრის ბრალია?

 

-  ეგ, ალბათ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება ჩემგან. იმიტომ, რომ არ ვიცი, კარგად ვმღერი?  კი, რაღაც მაჩვენებელი არის რეიტინგის, მაგრამ მაინც სულ  მეშინია, - მოეწონება თუ არა მსმენელს ჩემი სიმღერა.  არ ვარ დარწმუნებული საკუთარ თავში, ისე, როგორც უნდა იყოს ჩემნაირი ადამიანი ამ შემთხვევაში...

 

- ფაქტია, რომ მოსწონს ხალხს...

 

- დიახ და არა მარტო ქართველებს მოსწონთ. ვიღაც სუფთა სისხლის ბერძენი რომ გწერს ინგლისურად:  „მართალია არ მესმის შენი ტქსტი, მაგრამ რაღაც არის შიგნით საოცარიო,“- ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. სიღერას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ზოგადად ყველაფერს, რაც ჩემს ირგვლივ ხდება, განსაკუთრებული სიმძაფრით აღვიქვამ და განვიცდი  შინაგანად. ალბათ, სწორედ ეს ახდენს გავლენას ჩემს შემოქმედებაზეც.

 

- ახლახანს იყავით ირანში და კონცერტი გამართეთ იქაური ქართველებისთვის. მოგვიყევით, როგორ მოხვდით იქ?

 

 

- ერთ-ერთმა ირანელმა ქართველმა, სოციალურ ქსელში მომწერა, რომ ირანში კონცერტის ჩატარება უნდოდათ. აქამდე ირანში არასდროს ჩამიტარებია კონცერტი, ალბათ არც დავინტერესებულვარ. შევხვდით, მოვილაპარაკეთ და შემომთავაზა, რომ ჩავსულიყავი და ჩამეტარებინა ორი კონცერტი, ოღონდ არა ფერეიდანში, არამედ - ისპაჰანში. ჩემს ჯგუფთან, - მუსიკოსებთან ერთად წავედი. აეროპორტში შესვლისთანავე, რაღაც საოცარი სითბო დამეუფლა, იმიტომ, რომ ადამიანები ყვავილებითა და ღიმილით დამხვდნენ.  ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე. ვიფიქრე, რომ პირველი შეხვედრაა და  ელემენტარულად პატივს მცემენ-თქო. ისპაჰანში რომ ჩავედით,  სასტუმროს გარეთაც აუარებელი ხალხი იდგა. ვიფიქრე, რამე ხომ არ მოხდა-თქო. იქაც ყვავილებით და ოვაციებით დამხვდნენ. ვერ ვხვდებოდი, - როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო უცხო ქვეყანაში, იქ, სადაც პირველად ხარ. ყოველ საღამოს კარებთან ყვავილებს გვიტოვებდნენ...

 

გული მწყდება, რომ საქართველოში არ არის ისეთი მსმენელი, როგორიც უცხოეთშია.  რატომ? - ვერ ვხვდები, ალბათ რამემ იმოქმედა. განსკუთრებულ სითბოს და სიყვარულს იქაური ქართველებისაგან ვგრძნობდი. წარმოდიგინეთ, 400 წელი გვაშორებდა ჩვენ ერთმანეთს. თუმცა, ჩემს კონცერტზე ნახევარზე მეტი ირანელი იყო და მათგანაც იგივე სითბო და სიყვარული მოდიოდა.

 

- სად გაიმართა  კონცერტი?

 

ორი კონცერტი ისპაჰანში გაიმართა, ორი საათის გამოტოვებით. იქ საერთოდ  სხვა რაღაცეები ხდებოდა. როდესაც სცენაზე შევედი, ხალხი ფეხზე ადგა და ისე მესალმებოდა. ქალი, კაცი, მოხუცი, ახლაგაზრდა - აბსოლუტურად ყველა ფეხზე იდგა. ძალიან იმოქმედა, - ამდენი ქართველი ერთად, ამხელა სიყვარული, მოულოდნელი იყო. ყველაზე მაგარი კი ის იყო, რომ შუა სიმღერის დროს აპარატურა გაითიშა. არ ვიცი რა მოხდა, ბიჭები ჩვეულებრივ უკრავდნენ, ერთი ადგა და ისევ წამოდგა ყველა, ჩვენ ისევ ვღეროდით. მერე ხალხთანაც ჩავედი. ამდენი ხანია ვმღერი და ასეთი რაღაც არასდროს მინახავს.

 

- როგორ ფიქრობ, - იქ შენი რომელიმე სიმღერა მოსწონთ განსაკუთრებულად თუ შენს შემოქმედებას იცნობდნენ კარგად?

 

- ჩემი აზრით, პირველი სიმღერა იქნებოდა თეო ქუმსიაშვილის ,,რამდენი მალოდინე“. მე, ზოგადად, მაგით შემიყვარა ხალხმა, მაგრამ ამის გარდა, იცნობდნენ ჩემს რეპერტუარსაც. აბსოლუტურად ყველა სიმღერა და ტექსტი იცოდნენ.

 

ახლა მინდა, რომ ფერეიდანში ჩავიდე, რადგან იქ დროის სიმცირის გამო ვერ მოვხვდი. იქ 300 ათასი ქართველი ცხოვრობს. თბილიში რომ ჩამოვედი, ძალიან ძლიერი ემოციები წამომყვა, შემდეგ ამ ყველაფერს თვალი გადავავლე და ძალიან გული დამწყდა.

 

-  რაზე დაგწყდათ გული? აქ რომ არ იმართება კონცერტები?

 

-  არა, არა, მაგას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეგ ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა.  აქ ადვილია, გააკეთებ ორგანიზებას,  იქირავებ დარბაზს, რეკლამას გააკეთებ და ხალხი მოვა თუ არ მოვა, ეგ ცალკე ამბავია.  როდესაც ჩადიხარ ძალიან შორს და იქ იცი, რომ  არიან ქართველები, რომლებიც მოკლებულნი არიან ამ ყველაფერს და შენ მათ, იქ უტარებ შენ  კონცერტს, - ეს ფაქტი ბევრად მნიშვნელოვანია.

 

 

- თქვენს ბოლო სიმღერაზეც მოგვიყევით. სხვანაირი ინტერპრეტაცია გაქვთ, ახლებური...

 

- სიმღერას ჰქვია „ისევ და ისევ“. მე მიყვარს ექსპერიმენტები.  ერთი სიმღერა მე და თეო დვალმა ჩავწერეთ, სოპრანოა, მეორე - ლექსოსთან მაქვს ჩაწერილი. დიანა ღლურწკაიასაც ქართულ ალბომს ვუკეთებთ, დიდი ხანი ვიმუშავეთ ამაზე. რამდენიმე  ექსპერიმენტი კიდევ არის დაგეგმილი. მაგრამ ყოველთვის ისევ იქ მივდივარ, საიდანაც დავიწყე. არ ვცვლი რაკურსს, მივდივარ პირდაპირ, ისევ იმ თემით და მთის სიმღერებით.

 

„ისევ და ისევ“ - ძალიან მომწონს, მთლად ასეთი ლირიულიც არ არის, მაგრამ მაინც მომწონს. მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ სიმღერებს, არა შეგრძნებებით, არამედ ცოტა სხვა კუთხით. შეგრძნებებს უფრო ბოლო შტრიხებისთვის ვინახავ ხოლმე.

 

 

- მომავალში რა გეგმები გაქვთ?

 

- მალე ისრაელში მივფრინავ, იქაც კონცერტი მაქვს 7 თებერვალს. შემდეგ ბათუმში, ხელოვნების ცენტრში, საქველმოქმედო კონცერი მაქვს პატარა ბავშვის დასახმარებლად. ივნისში კი  ჩემი სტუდია  გერმანიაში, ფესტივალზე, მიმყავს.

 

-  ახალ სიმღერაზე მუშაობთ?

 

- კი ვმუშაობ. ეს არის ფოლკ-როკი, ჯაზი, ძალიან შერეულია,  ცოტა ხისტია და არ ვიცი როგორ მიიღებს მსმენელი. ტექსტს ვაჟას ლექსებიდან ვიღებ. თითქმის დამთავრებულია, უბრალოდ რაღაც შტრიხებია დარჩენილი. ვაკვირდები, დღეში რამდენჯერმე ვუსმენ, რომ რამე არ გამეპაროს. ეს უფრო სახიფათო ექსპერიმენტი მგონია, იმიტომ, რომ როცა მსმენელს რამეს აწვდი, რბილად უნდა მიაწოდო, რომ მიიღოს. ეს სიმღერა ძალიან ხისტია და როგორ მიიღებს ხალხი, - არ ვიცი. თუმცა არც კრიტიკის მეშინია.

 

- თქვენს თავისებური სევდიანი ხაზი მიჰყვება. ეს ხასიათიდან მოდის თუ უბრალოდ მოგწონთ ასეთი სიმღერები?

 

- ეგ ჩემი მდგომარეობაა. ყველაფერს ღრმად აღვიქვამ.  უფრო მეტი განცდა მეუფლება, როოდესაც ამას ვაკეთებ. ბუნებასთან მიყვარს კონტაქტი, მცენარეებთან და ეს ცოტა მისტიურობას მატებს ჩემს შინაგან მდგომარეობას.

 

-  რით ერთობით? რა მოგწონთ? მოგვიყევით თქვენს შესახებ.

 

-  ყველაზე კარგად ვერთობი, მაშინ, როდესაც ხმაური არ არის. სულ მინდა, რომ განმარტოებული ვიყო და რაღაცეებს ვფიქრობდე. ჩემს კარიერაზე მინდა ვიფიქრო, ჩემს შინაგან მდგომარეობაზე, ხანდახან რაღაც კითხვები მიჩნდება საკუთარ თავთან. თუ ამაში ვინმემ ხელი შემიშალა, ყველანაირი სივრცე მერღვევა უკვე და მერე ვიტანჯები. ხმაური ჩემთვის ტანჯვაა.

 

-  თქვენი ჰობი?

 

- სროლა. მამაჩემი მეომარია და 4 ომი აქვს გამოვლილი. მან შემაყვარა ეს სფერო, ძალიან საინტერესოა. კიდევ წყალთან მიყვარს ურთიერთობა, მაგრამ იმდენად არა, როგორც ბუნებასთან.

 

- პირად ცხოვრებაში რა ხდება?

 

- ყველაფერი კარგად არის, ვისვენებ, არავინ არ არის. ადამიანთან ურთიერთობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ეს კი ჩემთვის ცოტა უცხო ხილია, რადგან ნახევარ ცხოვრებაზე მეტს სხვაგან ვატარებ. ის ადამიანი, ვინც ჩემს გვერდით უნდა იყოს, უბრალოდ დაიტანჯება. მასაც გავაწვალებ და მეც გავიწვალებ თავს.

 

- ხელოვან ადამიანს არ სჭირდება ეს? თუ უბრალოდ მუზას გააჩნია?

 

- კონკრეტულად, ჩემს შემთხვევაზე თუ ვისაუბრებთ, მყავს წარმოსახვითი, იდეალური ქალი, ვისკენაც მივისწრაფი. ადამიანი როცა შეყვარებულია, შემოქმედებისთვის ნაკლებად რჩება დრო. ქალმა უნდა მოგცეს სიყვარული, რითაც შემდეგ უნდა იცხოვრო და მერე კი შემოქმედებისთვის დრო არ დაგრჩება. ამიტომაც, შეიძლება ცუდი ნათქვამია, მაგრამ მირჩევნია დავრჩე მარტო. ის, რაც რეალურად ჩემია და ჩემშია, ვერასდროს ვერ მოვიცილებ და გვერდზე ვერ გადავდებ. თუ ეს არ მექნება, ის ადამიანი აღარ ვიქნები.

 

- რას ეტყვით თქვენს მსმენელს, ზოგადად, ხალხს?

 

- ვეტყვი იმას, რომ რაც მე ირანში ვნახე, ისეთი სიყვარული და გვერდში დგომა  მჭირდება აქაც. მარტო მე კი არა, ყველა ხელოვანს ისეთივე გულშემატკივრობა სჭირდება, როგორიც მე ირანში დამხვდა.

 

ვიდეო

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge