Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:21 05.02.2017
მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის“ მორიგი ინიციატივით, მოზარდმაყურებელთა თეატრმა ხანდაზმულთა პანსიონატ ,,ბასილიადას“ უმასპინძლა

მედია ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის“ ინიციატივით, 4 თებერვალს, კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება შედგა.  ამჯერად, ხანდაზმულთა პანსიონატ ,,ბასილიადას“ ნოდარ  დუმბაძის  სახელობის   მოზარდმაყურებელთა თეატრმა, სპექტაკლით, - ,,მგზნებარე შეყვარებული“ უმასპინძლა.

 

ამერიკელი დრამატურგის - ნილ საიმონის კომედია რეჟისორმა - დიმიტრი ხვთისიაშვილმა დადგა. მხატვარი - მაია სხირტლაძე გახლავთ, ხოლო მუსიკალური გაფორმება - ალექსანდრა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. 4 თებერვლის წარმოდგენაში სოფიო ებრალიძე, ხათუნა ბერძენიშვილი, ვახო ნოზაძე და მაკა ბარდავცელიძე მონაწილეობდნენ.

 

სპექტაკლისა და თეატრის საქველმოქმედო ინიციატივების შესახებ, ,,ჯორჯიან თაიმსთან“ ნოდარ  დუმბაძის  სახელობის  მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა-დიმიტრი ხვთისიაშვილმა ისაუბრა:

 

,,საერთოდ, მოზარდმაყურებელთა თეატრის მისიად მიმაჩნია ის, რომ ხშირად და აქტიურად დავეხმაროთ სხვადასხვა მიმართულებით მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, დევნილებს, შშმ და იძულებით გადაადგილებულ პირებს, მიმაგრებაში მყოფ ბავშვებს, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ მოზარდებს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით , - ხელოვნება კურნავს, ხელოვნება ასწავლის. ამ ეგიდით,  უკვე ორჯერ გვქონდა სპექტალი სასჯელაღსრულების კოლონიაში. თეატრში უკვე გვაქვს პანდუსები შშმ ბავშვებისათვის და ასევე, ჩვენთან იმართება სპექტაკლები ასეთი ბავშვების მონაწილეობით.


მიგვაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, სრულფასოვნად ინტეგრირებული იყოს საზოგადოებაში.


საქველმოქმედო აქტივობების გარშე ვერც წარომომიდგენია თეატრის ცხოვრება. ამიტომ, თქვენი ინიციატივა, - ხანდაზმულთა პანსიონატის მოხუცებულთა სტუმრობა, ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო და მომავალშიც, ყოველთვის სიხარულით ჩავერთვებით მსგავს აქტივობებში.


დღევანდელი სპექტაკლი, - ,,მგზნებარე შეყვარებული“ ჩვენი ერთ-ერთი ბოლო პრემიერაა. მას ერთი დიდი ხიბლი აქვს, - იგი კო -პროდუქციაა, რომელიც, ზუგდიდის თეატრთან ერთად გაკეთდა.


ამჟამად ახალ სპქტაკლზე ვმუშაობთ, - ეს გახლავთ ნილ საიმონის ცნობილი პიესა, - ,,ბილოქსი ბლუზი“ , რომლის  პრემიერაც  25 თებერვალს შედგება.“


ხანდაზმულთა პანსიონატ ,,ბასილიადას“ მზრუნველმა და ყურადღებიანმა დირექტორმა - რუსუდან ბერიძემ, ,,ჯორჯიან თაიმსსა“ და მოზარდმაყურებელთა თეატრს,  სასიამოვნო ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა:

 

,,ჩვენს პანსიონატს ნაწილობრივ სახელმწიფო აფინანსებს, ნაწილობრივ კი - კერძო შემოწირულობებით არსებობს. საბოლოოდ, ვღებულობთ იმ ღირსეულ  გარემოს, რომელშიც, ჩვენი მოხუცები ცხოვრობენ. პანსიონატი 24 ბენეფიციარზეა დარეგისტრირებული და  ამჟამად ოთხი თავისუფალი ადგილი გვაქვს. ჩვენ ვართ დიდი ოჯახი, ჩვენი პატარა პრობლემებითა და  დიდი სიხარულებით. გვყავს მეგობარი ორგანიზაციები, რომლებიც მუდმივად გვეხმარებიან.


მინდა ამ კეთილი ორგანიზაციების სიიდან, მედია ჰოლდინგი ,,ჯორჯიან თაიმსიც“ გამოვყო, რომლის ინიციატივითაც, დღეს აქ, ამ თეატრში ვიმყოფებით და ჩვენი მოხუცები ერთ ჩვეულებრივ დღეს ასე საინტერესოდ ილამაზებენ.


მე გავეცანი და ვნახე ,,ჯორჯიან თაიმსის“ სხვა საქველმოქმედო ღონისძიებების შესახებ. მისასალმებელია, რომ თქვენ აქტიურად მონაწილეობთ ქველმოქმედების კეთილ საქმეში.


მინდა პანსიონატ ,,ბასილიადას“ სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისათვის. განსაკუთრებული მადლობა ,,ჯორჯიან თაიმსის“ ხელმძღვანელობას, მადლობა ბატონ მალხაზ გულაშვილს ამ არაჩვეულებრივ საქმეში მონაწილეობისათვის და ასევე დიდი მადლობა მოზარდმაყურებელთა თეატრს, ჩვენი მასპინძლობისათვის“ - განაცხადა რუსუდან ბერიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ,,ჯორჯიან თაიმსის" ინიციატივითა და ,,დირსის" ფონდის ხელშეწყობით, ბავშვთა სახლ ,,რწმენას" საახალწლო ნობათი გადაეცა. მოგვიანებით, კი, ასევე ,,ჯორჯიან თაიმსის" ინიციატივითა და კომპანია ,,ვისოლის" ხელშეწყობით, კოჯრის შშმ ბავშვები რუსთავლის თეატრში, საახალწლო ღონისძიებას დაესწრნენ. 


/თამუნა დუღაშვილი/

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge