Powered by Jasper Roberts - Blog

16:45 02.02.2017
ცნობილი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები - რა თქვეს ცნობილმა მწერლებმა, მხატვრებმა, პოლიტიკოსებმა სიკვდილის წინ

ოსკარ უაილდი მოახლოებულმა სიკვდილმაც კი ვერ შეცვალა. ოთახში, სადაც პოეტი გარდაიცვალა, უსახური შპალერი იყო გაკრული. „რა მომაკვდინებელი ფერებია. ჩვენგან ერთ-ერთს აქედან წასვლა მოუწევს,“ - თქვა მწერალმა და წავიდა კიდეც. 



კინემატოგრაფისტ ოგიუსტ ლუმიერის ბოლო სიტყვები იმ პროფესიას უკავშირდებოდა, რომელსაც მთელი ცხოვრება ემსახურა: „ჩემი ფირი გათავდა“.

  

მარადისობასთან შერწყმამდე მსახიობი მარლენ დიტრიხის უკანასკნელი სიტყვები იყო: „ჩვენ ყველაფერი გვინდოდა და მივიღეთ, ასე არაა?“. 



პოეტმა ალექსანდრე ბლოკმა სიკვდილის წინ თავისი ცხოვრება მოკლედ შეაჯამა: „რუსეთმა ისე შემჭამა, როგორც ბრიყვმა ღორმა თავისი გოჭი.“



პაბლო პიკასოს უკანასკნელმა სიტყვებმა „ბითლზების“ ყოფილი წევრი პოლ მაკარტნი ისე შთააგონა, რომ მან მხატვრის სიტყვები თავის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ სიმღერაში გამოიყენა: „შესვით, ჩემ ნაცვლად, ჩემი ჯანმრთელობისთვის, რადგან მე დალევა აღარ შემიძლია.“



სიკვდილის წინ მომღერალმა ბობ მარლიმ შვილს, ზიგის უთხრა: „ფულით სიცოცხლის ყიდვა შეუძლებელია.“ 



რუსი მეცნიერი ივანე პავლოვი ასისტენტ ქალს თავის უკანასკნელ შეგრძნებებს კარნახობდა. მისი ბოლო სიტყვები იყო „აკადემიკოსი პავლოვი დაკავებულია. ის კვდება“ .



ამერიკელი ბიოფიზიკოსი და მებრძოლი ათეისტი კასპარ ბეკეში სიკვდილის წინ ახლობლებს მღვდლის მოყვანაზე დათანხმდა. მღვდელი მომაკვდავს უყვებოდა, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი უკეთეს სამყაროში ხვდება. ბეკეშმა, რომელიც რამდენიმე წუთი მონოლოგს ჩუმად უსმენდა, მღვდელს უხეშად შეაწყვეტინა: „გადი აქედან. ცხოვრება მშვენიერია.“ ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. 




გერმანელ ფილოსოფოს ემანუელ კანტის უკანასკნელი სიტყვა იყო „საკმარისია.“




მეფე-მზედ წოდებული საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV უკანასკნელ წუთებში განრისხებული ყვიროდა, რადგან ახლობლების ტირილმა აღაშფოთა: „გეგონათ, რომ მარადიულად ვიცოცხლებდი?“- ღრიალებდა მონარქი, სანამ სამუდამოდ დადუმდებოდა.




ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, როგორც ჩანს, ცხოვრებამ ძალიან დაღალა - მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ეს ყველაფერი ძალიან მომბეზრდა.“



ესპანელმა სახელმწიფო მოღვაწემ და გენერალმა რამონ ნარვაესმა სასულიერო პირის კითხვაზე - თავის მტრებს შენდობას სთხოვს თუ არა, ცალყბად ჩაიცინა და განაცხადა: არავინაა ისეთი, ვისაც შეიძლება შენდობა ვთხოვო. ყველა მტერი დავხვრიტე. 



საბჭოთა კავშირის მარშალმა ლავრენტი ბერიამ სიკვდილის წინ თავისი განწყობა მოკლედ გამოხატა: „ნახირი“.



ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე და რეფორმატორი გაიუს იულიუს კეისარი (ცეზარი) შეთქმულებმა მოკლეს. როცა კეისარმა მათ შორის თავისი უერთგულესი მცველი მარკუს ბრუტუსი შეიცნო, განცვიფრებულმა ამოთქვა უკანასკნელი სიტყვები იყო: „შენც, ბრუტუს?“



ზოგჯერ ადამიანები ვერც ხვდებიან, რომ უკანასკნელ სიტყვებს ამბობენ. მაგალითად, ერთი ამერიკელი, რომელიც ჭექა-ქუხილის დროს გურონის ტბაზე კატერით სეირნობდა, ანძაზე აძვრა, ხელები გაშალა და დაიყვირა: „ღმერთო, აქ ვარ.“ წამის შემდეგ მას მეხი დაეცა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge