Powered by Jasper Roberts - Blog

13:31 30.01.2017
ცხინვალში საარჩევნო ციებ-ცხელება დაიწყო

 

ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. არჩევნები მიმდინარე წლის აპრილში ტარდება. კანდიდატების განაცხადების მიღება ცესკომ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ამ მომენტისთვის განაცხადი უკვე 5-მა მსურველმა შეიტანა. ადგილობრივი მედია და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტობის სურვილი კიდევ რამდენიმე პერსონას გაუჩნდება.

2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აქ კინაღამ სამოქალაქო ომში გადაიზარდა. დაპირისპირება ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციას მოჰყვა, შემდეგ კი არჩევნების შედეგებს მოჰყვა არეულობა.

საქმეში ჩახედული ხალხი არ გამორიცხავს, რომ ვითარება წელსაც დაიძაბება. მოსალოდნელი არეულობის შიშმა შეიპყრო სამხრეთელთა მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი. მან საგანგებო განცხადება გაავრცელა და არჩევნებში მონაწილე სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს სთხოვა, ხელისუფლებისა და ოპონენტების ლანძღვისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი.

თავის მხრივ, ის პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.

 


არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს იმის გამეორება, რასაც 2011 წელს ჰქონდა ადგილი. მე ვარ პრეზიდენტი და ქვეყნის კონსტიტუციის გარანტი. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არჩევნები დემოკრატიულად და საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით ჩატარდეს, - აღნიშნა ლეონიდ თიბილოვმა. იგი ამ არჩევნებში მეორე ვადით იყრის კენჭს და წარმატების იმედიც აქვს.

 

ხელისუფლებას კიდევ მეორე კანდიდატი ეყოლება პარლამენტის თავმჯდომარის სახით. ანატოლი ბიბილოვი ერთიანი ოსეთის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება. იგი და ლეონიდ თიბილოვი პრორუსულად განწყობილი ოსების გულების მოგებას შეეცდებიან. ერთიც და მეორეც თავს არ ზოგავენ იმის დასამტკიცებლად, რომ მოსკოვის კაცები არიან. ორივე მათგანი ცალ-ცალკე გამოვიდა რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით, რომელმაც ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უნდა გადაწყვიტოს.

ლეონიდ თიბილოვსაც და ანატოლი ბიბილოვსაც მოსკოვის მხარდაჭერის იმედი აქვთ. პარლამენტის თავმჯდომარეს რუსეთის თავდაცვის მინისტრი გენერალი სერგეი შოიგუ უჭერს მხარს. იგი მას 2011 წელსაც უჭერდა მხარს, მხარდაჭერის გამოსახატავად ის ცხინვალშიც კი ჩავიდა. მაშინ ანატოლი ბიბილოვი პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის შემცვლელად მოიაზრებოდა.

2011 წელს ანატოლი ბიბილოვს ვერც კოკოითისა და ვერც შოიგუს მხარდაჭერამ ვერ უშველა. მან არჩევნები ოპოზიციონერ ალა ჯიოევასთან წააგო. მაშინ არჩევნების ორი ტური გაიმართა. პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მეორე ტური ჯიოევამ მოიგო, მაგრამ კოკოითის მოთხოვნით უზენაესმა სასამართლომ შედეგები გააუქმა. ამას ლამის სამოქალაქო ომი მოჰყვა.

ანატოლი ბიბილოვმა არჩევნებში კიდევ ერთხელ მონაწილეობაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ არ სურდა, სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი გამხდარიყო. ბოროტი ხმები კი ამბობენ, რომ მას ყველაზე მეტად ის ეწყინა, ქალთან რომ იწვნია მარცხი და ამიტომაც რამდენიმე წელი გაუჩინარდა. მაშინ ალა ჯიოევას მხარს თედეევების კლანი უჭერდა. ამ კლანის კაშკაშა წარმომადგენელ ძამბოლატ თედეევს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს, არადა, ამისთვის მან რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა თავისუფალ ჭიდაობაში.

გასულ წელს გავრცელდა ხმა, რომ ის ისევ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას. რუსებმა ის სასწრაფოდ დანიშნეს ნაკრების მთავარ მწვრთნელად. როგორც ამბობენ, მოსკოვს ძალიან აშინებს მისი მეგობრული კავშირები ქართველებთან.

ამ არჩევნებზე ის თავისი კლანით მხარს ანატოლი ბიბილოვს უჭერს. პრორუსულად განწყობილი ოსების გარდა, მას ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სომხებიც დაუჭერენ მხარს. როდესაც თურქეთმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო და მოსკოვსა და ანკარას შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, ბიბილოვი გამოვიდა და თქვა, რომ ცხინვალის პარლამენტი თურქეთის მიერ სომხების გენოციდს აღიარებდა. არჩევნებში მონაწილეობას აპირებს ანატოლი ბიბილოვის ყოფილი მფარველი ედუარდ კოკოითიც. საინიციატივო ჯგუფმა მისი კანდიდატურა უკვე წარუდგინა ცესკოს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცესკომ ყოფილი პრეზიდენტი, შესაძლოა, რეგისტრაციაში არ გაატაროს, რადგან ის ბოლო პერიოდში მოსკოვში ცხოვრობდა. ოსური კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილე პირს ბოლო წლები რესპუბლიკაში უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატმა ალან კოზანოვმა. ის საკანონმდებლო ორგანოში ხალხთა ერთობის სიით მოხვდა, პრეზიდენტობის კანდიდატად კი მხარდამჭერთა გუნდმა წარადგინა.

პრეზიდენტობის ამბიციები გაუჩნდა ადგილობრივი უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსან ალან გაგლოევს. მხარდამჭერებმა მისი კანდიდატურა ამ დღეებში წარადგინეს ცესკოში.

კანდიდატურების წარდგენა ამ დღეებშიც გაგრძელდება. მსურველი ბევრი იქნება, მაგრამ, როგორც ცესკოში ამბობენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მხოლოდ რამდენიმე მოიპოვებს.

----------

 

პრეზიდენტობისთვის ბრძოლის უფლებისთვის კანდიდატებს ოსურ ენაშიც მოუწევთ გამოცდის ჩაბარება. ცვლილება საარჩევნო კოდექსში ახლახან შეიტანეს, 23 იანვარს კი პრეზიდენტმა თიბილოვმა გამოსცა ბრძანება, რომ ცესკოში ლინგვისტური კომისია შეიქმნას. ასე რომ, კანდიდატებს, საარჩევნო დაპირებების გარდა, ოსური გრამატიკისა და კოსტა ხეთაგუროვის ლექსების დაზუთხვაც მოუწევთ. 

ავტორ(ებ)ი :