Powered by Jasper Roberts - Blog

17:40 27.01.2017
აფხაზები გამშვებ პუნქტებს კეტავენ. რა ხდება გალში?

ნინო ომანაძე

დარჩეს გამშვები პუნქტი - ამ მოთხოვნით 25 იანვარს, გალის რაიონის ქართულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის ასობით მონაწილემ, რომელთა შორის ბავშვები ჭარბობდნენ, მთავარი გამშვები პუნქტი "ენგური" გადაკეტა და ნაბაკევის "გამშვები პუნქტის" გაუქმება გააპროტესტა.

ნაბაკევი ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას, ხოლო ოტობაია სოფელ ორსანტიას ესაზღვრება, გალის რაიონის ქვედა ზონის მოსახლეობა ახლო მანძილის გამო სწორედ ამ პუნქტებით სარგებლობს. მათი დახურვის შემდეგ, ისინი შიშობენ, რომ გადაადგილება შეუძლებელი გახდება, ვინაიდან, ენგურის ხიდამდე დიდი მანძილის გავლა მოუწევთ

მესამე დღეა, რაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი და დე-ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები, გალის რაიონის ქვედა ზონის მოსახლეობას საოკუპაციო ხაზზე არ ატარებენ და სამეგრელოს მიმართულებით გადმომსვლელებს აჯარიმებენ.

ნაბაკევი-ხურჩის, ოტობაია-ორსანტიის პუნქტების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ გასული წლის დეკემბერში მიიღო და ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარეს 24 იანვარს გამართულ გალის შეხვედრაზე გააცნო.

აღსანიშნავია, რომ ამ გადასასვლელებით აქტიურად სარგებლობენ მოსწავლეები, რომლებიც განათლების მისაღებად აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოდიან, დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ამ პუნქტებით ყოველდღიურად სარგებლობს დაახლოებით 1500 ადამიანი, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში სასწავლებლად, სამუშაოდ და პროდუქტების შესაძენად გადადიოდა.

სწორედ, "უკანონო კონტრაბანდისა და არალეგალური ბიზნესისთვის" ხელისშეშლის მოტივით გადაწყვიტა აფხაზეთის "მთავრობამ" 2013 წელს გახსნილი დამატებითი 6 გამშვები პუნქტის გაუქმება. პირობა ამის შესახებ, ამჟამინდელმა "პრეზიდენტმა" რაულ ხაჯიმბამ, 2014 წლის არჩევნებზე დადო.

"აპსნიპრესის" ცნობით, აქციის მონაწილეების მოთხოვნებს სოხუმში უკვე გაეცნენ, თუმცა გაუქმებული პუნქტების აღდგენას არ აპირებენ. გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია, "აპსნიპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ გადაწყვეტილება და არ გადაიხედება: „ეს პუნქტები იხურება ხელისუფლების გადაწყვეტილებით და არა იმიტომ, რომ მე მსურს ასე. აქ არიან დაინტერსებული ძალები, რომლებიც ეწევიან უკანონო ბიზნესს, სწორედ ისინი აღვივებენ პროვოკაციებს. ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ გალის რაიონის ქვედა ზონის მოსახლეობამ მარტივად ჩააღწიოს "ენგურის" გამშვებ პუნქტამდე. გზების აღსადგენად, რუსული მხარის მიერ, დახმარების სახით გამოყოფილი 153 მილიონი რუბლია დახარჯული“.

ქართული მოსახლეობის პროტესტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა აფხაზურ სოციალურ ქსელებში: „ახლა მათ, როგორც ნაციონალურ ჯგუფს, რომლებსაც არ აქვთ აფხაზეთის მოქალაქეობა, ოფიციალურად შეუძლია მიმართონ საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებისთვის. ამ სიტუაციაში რუსეთი ვერ დაგვეხმარება, ვინაიდან მას თვითონ აქვს მსგავსი პრობლემა ბალტიისპირეთის რუსულენოვან მოსახლეობასთან დაკავშირებით. ეს კარგად ესმოდა არძინბას, იმიტომაც აცხადებდა ყოველთვის, რომ გალელები არიან აფხაზეთის მოქალაქეები. ჩვენივე ხელით ჩავდეთ ნაღმები, რომელიც მალე აფეთქდება," - წერს ერთი აფხაზი.

საერთოდ უნდა დაიკეთოს ყველა პუნქტი, ვიდრე სამურზაყანოს მოსახლეობა არ ინტეგრირდება აფხაზურ საზოგადოებაში.რას ვთავაზობთ ჩვენ მათ? ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, საუბრობენ ქართულად, იღებენ ღირსეულ პენსიას და ჯანდაცვას, მათთვის მთელი მსოფლიო ხსნილია, რა უნდა შესთავაზოს მათ ამის საპირწონე ჩვენმა გაუბედურებულმა ქვეყანამ? - ასეთი გამოხმაურებები მოჰყვა აფხაზების მხრიდან გალელების პროტესტს.

26 იანვარს ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ხურჩა-ნაბაკევის და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გამშვები პუნქტები მოინახულა, რომელთა გაუქმებასაც აფხაზეთის მხარე გეგმავს.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შეზღუდავს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლებას. მისი განცხადებით საქართველოს ხელისუფლებას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მხადაჭერის იმედი, რომ ისინი შეძლებენ გავლენის მოხდენას დე ფაქტო რესპუბლიკის "ხელისუფლებაზე".

ახალი რეგულაცია გალის რაიონის მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთი იქნება, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის მრჩეველი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ლონდერ ცაავა.

"საოკუპაციო საზღვრის გადმოკვეთის პრობლემა ქართული მოსახლეობისთვის სულ იყო, ომის შემდეგ ურთიერთობა თბილი პრაქტიკულად არ ყოფილა, თუცა, დღეს მდგომარეობაა უფრო მწვავეა, დე-ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელები, რუსული მხარის ინსპირირებით ცდილობენ უფრო მეტად კონტროლირებადი გახადონ ე.წ. საზღვრები, ამიტომაც, ეს გადაწყვეტილება აფხაზური რეჟიმის დონეზეა მიღებული და სავარაუდოდ არაფერი შეიცვლება. გამშვები პუნქტების გაუქმება მძიმედ დააწვება გალის რაიონის მოსახლეობას. სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება გადაადგილების ინტენსივობა, ქვედა ზონის მაცხოვრებლებისთვის ხურჩა-ნაბაკევის და ოტობაია-ორსანტიას გადასასვლელს სასიცოცხლო, სოციალური დატვირთვა აქვს. ადამიანები, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობენ მოწყვეტილი არიან ცივილიზაციას, ისინი ყოველდღიურად კვეთენ საოკუპაციო საზღვარს და გადმოდიან ზუგდიდში სამუშაოდ, გადმოაქვთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები გასაყიდად, აღებული თანხით საჭირო ნივთებს ყიდულობენ, ბავშვები სწავლობენ ზუგდიდის რაიონის სკოლებში, უნივერსიტეტში...

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სიტუაცია უფრო გამწვავდა, გამკაცრდა მიმოსვლა, დაწესდა გადაადგილების და მგზავრობის საფასური, მათ უწევთ მუდმივ შიშში ცხოვრება, არა აქვთ ხმის უფლება, ფაქტიურდ უუფლებოები არიან. ჩვენ მათთან თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ამბობენ, რომ ძალიან უკმაყოფილოები არიან ახალი რეგულაციებით.

 

რაც შეეხება მექანიზმებს, რითიც შევძლებთ მათ დახმარებას - პრაქტიკულად არ გაგვაჩნია, ერთად-ერთი ჟენევის ფორმატია, სადაც შეგვიძლია ამ საკითხის განხილვა, მაგრამ თუ არ იქნება აფხაზების და რუსეთის ნება, ვერც ამ ფორმატზე მიიღება ჩვენთვის საჭირო და მისაღები გადაწყვეტილება," - განაცხადა ლონდერ ცაავამ.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი