Powered by Jasper Roberts - Blog

14:22 26.01.2017
მაისიდან სამხედროებს ნორმატივების ჩაბარება მოუწევთ

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ მაისიდან სამხედროებისთვის ნორმატივების ჩაბარების პროცესის დაწყება იგეგმება. 



როგორც  თავდაცვის უწყებაში, სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადეს, ნორმატივების ჩაბარება რიგითი ჯარისკაციდან პოლკოვნიკით დამთავრებული, ყველა სამხედროს შეეხება.


ამასთან, უწყებაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნული პროცესის შედეგად თანამშრომელთა „მასობრივი შემცირება“ იგეგმება, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლონ ის პირები, რომლებიც ნორმატივებს რამდენიმე მცდელობის მიუხედავადაც ვერ ჩააბარებს. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამხედროებს ნორმატივების ჩაბარების საშუალება რამდენჯერმე მიეცემა.


„გაზაფხულიდან, კერძოდ მაისიდან იწყება ნორმატივების ჩაბარების პროცესი. ახალი წესდების მიხედვით, სამხედროს, რომელიც ვერ ჩააბარებს ფიზიკურ ნორმატივებს, კიდევ აქვს 2 თვეში გადაბარების საშუალება და თუ ამ შემთხვევაშიც ვერ ჩააბარებს, 1 თვეში კვლავ აქვს შანსი ჩაბარების. პირდაპირ არავის არ გაუშვებს თავდაცვის სამინისტრო სამსახურიდან. ნორმატივების ჩაბარება ეხება რიგითიდან პოლკოვნიკის ჩათვლით ყველა რანგის სამხედროს. ნორმატივების ჩასაბარებლად გაზაფხული იმიტომ შეირჩა, რომ ხალხს მიეცეს მომზადების საშუალება”, - განაცხადეს  თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში. 



თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის ინფორმაციით, თებერვალში თავდაცვის უწყებაში მასობრივი შემცირებებია დაგეგმილი. 



როგორც სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ყოფილი თანამშრომელი შოთა მათითაიშვილი აცხადებს, თებერვალში დაგეგმილია ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების დაწყება, რითაც თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლებს შეამცირებს. 



”თებერვლიდან იწყებენ სერჟანთა, კაპრალთა და რიგითი თანამშრომლების გაცხრილვას. გაუშვებენ ყველას, ვინც ვერ ჩააბარებს ფიზიკურ ნორმატივებს, ხოლო ამ ყველაფერს ჩაიბარებს ის ხელმძღვანელობა, ვისაც უნდა, რომ პირადი შემადგენლობა „დაფერთხოს“ და შემდეგ მოიყვანოს თავისი მეგობრები და ახლობლები. ბევრს კონტრაქტი ეწურება და აღარ უგრძელებენ სპეციალურად”, - აცხადებს შოთა მათითაიშვილი.

ავტორ(ებ)ი : interpressnews.ge